ქალის პორტრეტი ანა მენდიეტას უნიკალურ შემოქმედებაში

ცნობილი სკულპტორი, წარმოდგენის ხელოვანი და ვიდეო არტისტი – ანა მენდიეტა კუბაში დაიბადა, თუმცა ჯერ კიდევ თორმეტი წლის ასაკში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამშობლოსა და მშობლების დატოვება და ცხოვრების შეერთებულ შტატებში გაგრძელება მოუწია.

მშობლიური საცხოვრებლისაგან განცალკევების ტრავმული გამოცდილებისა და მრავალფეროვანი ინტერესების, მათ შორის: იდენტობის, ავანგარდისა თუ პრიმიტიული აფრიკული რელიგიების ერთმანეთთან დაკავშირებამ ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებაში დედამიწასთან დაბრუნების სიმბოლიკა უკიდურესად წინ წამოსწია.

კერძოდ, სილუეტების სერიად ცნობილ მენდიეტას ნამუშევრებში ქალს სრულყოფილად შერწყმის უნარი აქვს მიწასთან, რომელიც, არაერთი რელიგიის მიხედვით, ყოველი ადამიანის უპირველესი მშობელია. საინტერესოა, რომ დედამიწასთან გაერთიანება ფსიქოლოგიაში დაბადების ტრავმის სახელით ცნობილ მოვლენასთანაცაა კავშირში, რაც დედის ანუ ქალის სხეულში – ემბრიონალურ მდგომარეობაში დაბრუნების სურვილთან ასოცირდება.

კუბელი არტისტის შემოქმედებაში ორასამდე ხელოვნების ნიმუში მოიძებნება ისეთი, სადაც ანა თავისი შიშველი სხეულის ანდა სკულპტურების საშუალებით მთებში, ტყეებში, მდინარეებსა თუ ნაკადულებში ზემოხსენებულ სილუეტებს ქმნის.

“ჩემი ხელოვნება მოზარდობის ხანაში სამშობლოსგან მოწყვეტის პირდაპირი და ცხადი შედეგია. დედამიწის სხეულის ქანდაკებების საშუალებით მე ბუნების გაგრძელება, ხოლო ბუნება – ჩემი სხეულის გაგრძელება ხდება,” – ამბობდა კუბელი ხელოვანი, რომელიც დაკარგული იდენტობის ძებნისა და ახალი, გასაოცარი ნამუშევრების შექმნის პარალელურად, ამ გზით მის შიგნით არსებულ ყრუ ტკივილსაც აძლევდა გასაქანს.

აღსანიშნავია, რომ ანას შემოქმედება ქალის უზარმაზარი ძალის წარმოჩენასთან ერთად, მათ გასაჭირსა და პრობლემებსაც ცხადად, დაუფარავად და უშუალო ფორმით გამოხატავს. ამერიკაში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიგრირებული მენდიეტა უნივერსიტეტშივე წააწყდა სხვა ქალზე სასტიკი ძალადობის ფაქტს, რასაც ერთ-ერთი პირველი, საკმაოდ მძიმე, თუმცა მრავლისმთქმელი გამოფენა მიუძღვნა. გამოფენაზე მყოფი სტუდენტები იხსენებდნენ, რომ თითოეულ დამთვალიერებელს ქათმის სისხლით დასვრილი გრძელი და ბნელი დერეფნის გავლა მოუხდათ.

მისახვედრია, რომ მთავარი სათქმელის ცხადად წამოჩენის მიზნით, ახალგაზრდა შემოქმედი არცერთ საშუალებას არ ერიდებოდა ან უშინდებოდა. ერთ-ერთ პერფორმანსში სახელად “უსახელო”, რომელიც ჯერ კიდევ 1972 წელს დაიდგა, მან სილამაზის მიღებული სტანდარტების დარღვევა გადაწყვიტა და სახეზე საკუთარი მეგობრის წვერი მიიმაგრა. ამ ქმედებით ანამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ ხელოვნური, ყალბი და ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მქონეა სილამაზის ჩვეული კლასიფიკაცია.

ერთგვარი მესიჯი, რომ ქალის ბედი გადაჯაჭვულია სისხლთან და ტკივილთან, თავად ანას ხვედრადაც იქცა, რითიც, საუბედუროდ, მტკიცე კავშირი მის ავტობიოგრაფიასა და ხელოვნებას შორის საბოლოოდ გამყარდა. მის ტრაგიკულ გარდაცვალებას დამატებით უამრავი კითხვის ნიშანი მოჰყვა თან.

გავრცელებული, თუმცა საკმაოდ დაუჯერებელი ვერსიის თანახმად, სიმაღლის შიშის მქონე მენდიეტა საკუთარი სახლის ფანჯრიდან, ოცდამეთოთხმეტე სართულიდან გადმოხტა. ყურადსაღებია, რომ თვითმხილველთა თქმით, უბედურ შემთხვევას წინ მისი და მისი ქმრის – სკულპტორი კარლ ანდრეს ჩხუბიც უძღოდა. მართალია ანდრე მალევე დააკავეს მკვლელობის ბრალდებით, თუმცა საბოლოოდ გაათავისუფლეს კიდეც, რასაც ანას მხარდამჭერების მძაფრი, თუმცა უშედეგო პროტესტი მოჰყვა.

დღესდღეობით ანა მენდიეტას შთამბეჭდავი ნამუშევრების ხილვა ჩიკაგოს, პარიზის, მეტროპოლიტენის მუზეუმებსა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო კოლექციებშია შესაძლებელი.

Photo credits to Courtesy of Hayward Gallery