თხრობის ახალი ფორმა – ჯიმ ჯარმუშის ,,Some Collages”

ფოტო @jim.jarmusch-ის ინსტაგრამიდან.

ჯიმ ჯარმუში ცნობილი ამერიკელი რეჟისორია, მისი კინოკარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო და ის დღემდე აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში. 1980 წელს მისი პირველი კინო პროდუქტის, ,,მუდმივი შვებულების“ გამოსვლიდან დღემდე რეჟისორი მაყურებელს მუდმივ აღაფრთოვანებას თავისი უცნაური და სატირული სტილით, იდუმალი სცენის დიზაინითა და განსაკუთრებული ეფექტებით ახერხებს.

იმის მიუხედავად, რამდენად მკაფიო ხედვა შეიძლება ჰქონდეს რეჟისორს, კინო პროდუქტი საბოლოოდ მაინც გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ფილმზე მომუშავე თითოეული ინდივიდი მასში საკუთარ ნაწილს აქსოვს. ალბათ, სწორედ ამიტომაც რეჟისორის აბსოლუტურად პირადი და ინდივიდუალური ახალი ჟანრის ნამუშევრის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა მისი სტილის მოყვარულთათვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ჯიმ ჯარმუში წლების მანძილზე ქმნიდა კოლაჟებს, ბოლო პერიოდში ეს ნამუშევრები მოუმრავლდა და, საბოლოოდ, მათი წიგნად გამოცემა გადაწყდა.

,,Some Collages” არის 2021 წელს წიგნად გამოსული ფოტო კოლაჟების სახელწოდება. მასში თავმოყრილია კოლაჟები, რომლებიც გაზეთებიდან ამოჭრილი გამოსახულებების ყავისფერ ფონზე დაკვრით შეიქმნა. ჯარმუშის სოლო ნამუშევრის ხილვა ხელოვნებით დაინტერესებულ მნახველს ნიუ-იორკში ჯეიმს ფუნეტის გალერეაში 31 ოქტომბრამდე შეეძლო. ჯარმუშის ფილმების თაყვანისმცემლებს არც მისი კოლაჟების გაუცრუებს იმედს, რადგან ბოლო ნამუშევარშიც, მისი ფილმების მსგავსად, იგრძნობა რეჟისორისთვის დამახასიათებელი სატირა, შავი იუმორი, შეფარული შიში და, რაც მთავარია, ვხედავთ მის დაკვირვებებს ყოველდღიური ცხოვრების ბანალურობაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კოლაჟზე პერსონაჟების სახეები სხვადასხვაგვარია, ხან ნიღბით, ხან კარიკატურის პრინციპით არაპროპორციული სხულის ნაწილებით, ერთგან კი საერთოდ უსახო ფიგურაც გვხვდება. ,,სახის შეცვლა ან საერთოდ ამოჭრა ვიზუალური ინფორმაციის რეორგანიზაციის ცდის ყველაზე მინიმალური ხერხია. სახე და თავები ჩემთვის ნიღბების მსგავსია, ასე რომ შემიძლია იდენტობები შევცვალო, გარდავქმნა ან საერთოდ წავშალო.” – აღნიშნავს წიგნის აღწერილობაში ნამუშევრის ავტორი.

ფოტს წყარო : Anthology Editions

ამ ნამუშევრებში სურრეალისტური სტილი და ცოტათი დადაიზმიც იგრძნობა. არ აქვს მნიშვნელობა გესმის თუ არა ის ხედვა, რასაც ხელოვანი თავის ნამუშევრებში აქსოვს. მთავარი – მისი მსუბუქი ირონია და არტისტულობა – მაინც უცვლელი რჩება. მკითხველი ჯარმუშის ნამუშევრების აღქმისას ყოველთვის თავისუფალია. როგორც ,,მუდმივი შვებულების“ პროტაგონისტი კრის პარკერი ასკვნის : ,,მაინც რა არის ამბავი, თუ არა წერტილებით ერთმანეთთან დასაკავშირებელი ნახატისა, რომლისგანაც საბოლოოდ გამოსახულება წარმოიქმნება?!“

ჯიმ ჯარმუშის ,,Some Collages” Anthology Editions-ის მიერ გამოიცა და 28 სექტემბერს მყიდველებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.