მერი სტინი – ფოტოგრაფიის ფემინისტური საწყისები

ფოტოგრაფია, ისევე როგორც სხვა, არასაოჯახო საქმესთან დაკავშირებული სფეროები, კაცებისგან დომინირებად სივრცედ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიის განვითარებაში ქალებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. მეორე მხრივ, ამ სფეროში ქალი წარმომადგენლების გაჩენა მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში დაწყებულ ქალთა მოძრაობას უკავშირდება. ფოტოგრაფიაში ფემინისტური სათავეების დადგენა ძალიან რთულია, მიუხედავად ამისა დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ დანიელი ფოტოგრაფი, მერი სტინი, ყველაზე პირველი თუ არა, ერთ-ერთი უპირველესია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ფემინიზმი და ფოტოგრაფია ერთმანეთს დაუკავშირეს. 

მერი 1856 წელს დაიბადა და 28 წლისამ საკუთარი ფოტო სტუდია გახსნა. მოგვიანებით კი მერი გახდა პირველი ქალი, რომელიც ევროპულ, მათ შორის ბრიტანულ და რუსულ სამეფო ოჯახებთან მუშაობდა ფოტოგრაფად. მისი ნამუშევრები უდავოდ ნოვატორულია, ისინი ასახავენ ადამიანებს სასადილო ოთახებში, როიალთან, ოჯახურ გარემოში, რაც მანამდე არსებული ფოტოგრაფებისთვის არ იყო დამახასიათებელი. მერი ინტერიერის ფოტოგრაფია და გასათვალისწინებელია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ელექტროენერგიის არარსებობის გამო, დახურულ სივრცეში მუშაობა ფოტოგრაფისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა. თავად მერის, როგორც საკმაოდ წარმატებული ფოტოგრაფის ცხოვრება კი, მოგვიანებით, მეოცე საუკუნეში, ბევრი ქალისთვის ერთვარი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამ სფეროშიც მოესინჯათ. 

თავის მხრივ, მერი ცდილობდა ქალებს თავის გარემოცვაში, მათ შორის ოჯახის წევრებს – დასა და დისშვილებს – მაქსიმალურად დახმარებოდა განათლების მიღებასა და შემდგომ წინსვლაში. ამის მიუხედავად, ოჯახი მერისგან მაინც გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებდა, რაც, შესაძლოა, იმითაც იყოს გამოწვეული, რომ სიცოცხლის ბოლომდე მერი სხვა ქალთან, ნორვეგიელ ფოტოგრაფთან ერთად ცხოვრობდა. 

1891 წელს მერი დანიელ ფოტოგრაფთა ასოციაციის საბჭოს წევრად არჩეული პირველი ქალი გახდა, სადაც მან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ფემინისტური იდეებისთვის ბრძოლა. ამ პერიოდში მერი მოითხოვდა აღკვეთილიყო ქალების შრომითი ექსპლუატაცია, რაც ერთგვარად ეხმიანებოდა ამ პერიოდში განვითარებულ ფემინისტურ და სოციალისტურ იდეებს. საკუთარ სტუდიაში მერი მაქსიმალურად იცავდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს, რაც ლოგიკურ სამუშაო საათებსა და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობდა. მერის დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და უამრავ ქალს, რომლებიც ფოტოგრაფებთან მუშაობდნენ (რეტუშირება, ფირების გამჟღავნება, სხვ.), სამუშაო პირობები შეუმსუბუქა. ასევე აღსანიშნავია, რომ მერის არა მხოლოდ აქტივისტური ცხოვრება, არამედ შემოქმედებაც ქალებზე კონცენტრირდება და მისი ობიექტივიც ძირითადად ქალებისკენაა მიმართული.