თვითექსპრესია ანუ Voguing

ვოგინგი (“Voguing”) ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული, არარეალისტური სტილით გამოხატული ცეკვაა, რომლის ფესვებიც 1980-იანი წლების ნიუ იორკამდე მიდის.

ამბობენ, რომ 1960-იან წლებამდე ქვიარ ცხოვრება საჯარო სახით არ არსებობდა, შესაბამისად, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები იზოლირებულად და უჩინრად ცხოვრობდნენ. მათი ერთადერთი თავშესაფარი და თავისუფლების ადგილი სალონები, კაბარეები და წვეულებები იყო. 1800-იანი წლებიდან სწორედ აქ იპოვეს LGBTQ+ ადამიანებმა საკუთარი ადგილი, მათ არამხოლოდ იღებდნენ ისეთებს, როგორებიც იყვნენ, არამედ ზეიმობდნენ მათ არსებობას, როგორც ყველა ინდივიდისა. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი „თავშესაფარი“ ამ ადამიანებისთვის ნიუ-იორკი, კერძოდ, ჰარლემი (მანჰეტენის რაიონი) იყო.

წლების განმავლობაში ჰარლემი რჩებოდა LGBTQ+ ხელოვნების, აქტივიზმისა და კულტურის მთავარ ცენტრად, შესაბამისად სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ იგი გახდა ვოგის დაბადების ადგილი, უფრო კონკრეტულად კი, იგი შეიქმნა LGBTQ+ თემის შავკანიანი და ლათინოამერიკელი წარმომადგენლების მიერ. კლასიკურ და დახვეწილ წვეულებებს, რომლებიც ამ ადამიანებისთვის თვითგამოხატვის საუკეთესო ადგილი იყო, ნელ-ნელა ვოგინგის კონკურსებიც შეემატა. ე.წ. “Ballroom scene” მოიცავდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლის მონაწილეები თასების, ტიტულისა და რეპუტაციისთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ცეკვამ, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის ჟურნალის სახელი დაერქვა, თავისი ილეთები და პოზები ძველეგვიპტური ხელოვნებიდან და იეროგლიფებიდან მიიღო, ხოლო ხელის მოძრაობები მოცეკვავეების საკუთარი ინტერპრეტაციით შეიქმნა იმისთვის, რომ ცეკვას მოეყოლა ისტორია და წარმოედგინა სხვადასხვა გენდერის საპატივსაცემო პერფორმანსები სხვადასხვა ჟანრში.

photo by Pinterest

რა იყო ცეკვის მთავარი მიზანი? ვოგინგის საშუალებით დრეგ არტისტები მაყურებელს უჩვენებდნენ, რომ თითოეული გენდერი არის თავად პერფორმანსი. ამისთვის კი ისინი ისვამდნენ მაკიაჟს, თმას სხვადასხვა სტილით წარმოადგენდნენ და ექსტრავაგანტულ, “მათთვის შეუსაბამო“ ტანისამოსს იცვამდნენ. თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ არის ამ განსხვავებული ცეკვის მიზანი: ეს შემოქმედებითი წარმოდგენები არც ისე იშვიათად მეტოქეთა შორის დავის ისეთ მშვიდ გარემოში მოსაგვარებლად გამოიყენებოდა, რომელიც ცეკვის შედეგად გაჟღენთილი იქნებოდა ურთერთპატივისცემითა და თანაგრძნობით, ვინაიდან არსებობს რწმენა, რომ ვოგინგის ცეკვის პოზებისა და პანტომიმების საშუალებით მოცეკვავეებს ერთმანეთის წაკითხვა და შეგრძნობა შეუძლიათ.

საინტერესოა, რომ ვოგი ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა, 1980-იან წლებში იგი სახეცვლილებას განიცდის. კერძოდ, თავდაპირველად არსებობდა ძველი ვარიანტი, რომელიც უფრო მკვეთრ მოძრაობებსა და სწორ ხაზებს მოითხოვდა, ნელ-ნელა გვიან 80-იანებში იგი ახალ ვარიანტად გარდაიქმნება, რომელსაც ახასიათებს ხისტი მოძრაობები. სწორედ ამ ვარიანტში იჩენს თავს ისეთი ილეთები, როგორიცაა: კიდურების შეკუმშვა (“clicks”), ხელის და მაჯის ილუზიები (“arms control”). ეს ვარიანტი ხშირად გეომეტრიული ფორმების გაპერსონებას მოიცავდა, რათა მოცეკვავის მოხერხებულობა ეჩვენებინა. მაშასადამე, ახალი ვარიანტი ნიშნავდა წარმოუდგენელ მოქნილობას.

photo by Out at St. Paul

საბოლოოდ კი წარმოიქმნება კიდევ უფრო მოდიფიკაციური ვარიანტი Vogue Fem 1995 წლიდან. ამ პერიოდში მოძრაობები იღებს ფემინურ ფორმას ისეთი მიმდინარეობების ზეგავლენით, როგორიცაა ბალეტი და ჯაზი, ანუ ცეკვას ემატება ისეთი ელემენტები, როგორიცაა პოდიუმზე მოძრაობა (catwalk), ჩაცუცქულ პოზაში გადაადგილება (duckwalk), ტრიალი და ხელების გაუმჯობესებული მოძრაობები. მოკლედ რომ ითქვას, დღესდღეობით ახალი ვარიანტი ხასიათდება ბევრად უფრო მკაცრი და ექსპრესიული მოძრაობებით.

ვოგინგი თავისი სტილითა და პერფორმანსით მასობრივად მიღებული ცეკვებისგან განსხვავებულია. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თავისი იდეით იმ პერიოდში იგი გვიჩვენებდა LGBTQ+ თემის ლათინოამერიკელი და შავკანიანი წარმომადგენლების სიმამაცესა და გამბედაობას როგორც საკუთარი ინდივიდუალიზმის მხრივ, ასევე ექსტრაორდინალური შემოქმედების მხრივ, რომელსაც ისინი ვოგინგის სახით ქმნიდნენ. ცხადია, რომ ვოგი გვიყვება ამბებს, რათა შევიცნოთ და მივიღოთ საკუთარი იდენტობა და ღირსება, გავაცნოთ იგი სამყაროს ამაყად და თავისუფლად, იმ სამყაროს, რომელიც, საწმუხაროდ, ჯერ კიდევ სრულად ვერ აფასებს მათ სიცოცხლეს.

ვოგის ისტორიას ძალიან ცხადად და რეალურად ასახავს ჯენი ლივინგსტონის დოკუმენტური ფილმი „პარიზი იწვის“ (Paris is Burning). ეს საკულტო კინოსურათი ერთგვარი პორტრეტია 1980-იანი წლების ნიუ იორკის წვეულებების ყველაზე გამოჩენილი ვოგის მოცეკვავეებისა და აგრეთვე საკმაოდ რეალისტურად ასახავს თუ რა გამოწვევებსა და სირთულეებს აწყდებოდნენ ისინი საკუთარი რასის, გენდერის, სოციალური კლასისა თუ ორიენტაციის გამო. ფილმი, რაღა თქმა უნდა, ჩვენს თანამედროვეობაშიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ფასდაუდებელი დოკუმენტური ისტორია LGBTQ+ თემის ინდივიდებისა, სწორედ ამიტომ კვლავ საკამათო და ფართოდ განხილულია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცეკვის ამ ყველაზე განსხვავებულმა ფორმამ ყურადღების პიკს 1990 წელს მიაღწია, როდესაც გამოვიდა საკულტო პოპმომღერლის, მადონას ახალი სიმღერა სახელად “vogue” ვიდეოკლიპით, რომელშიც ვოგინგის მოძრაობები იკვეთებოდა. სწორედ ამის გამო პოპმომღერალს კრიტიკის ტალღის გაძლება მოუწია, ვინაიდან მიიჩნეოდა, რომ მადონამ ეს კულტურა მიითვისა. აქვე აღსანიშნავია, რომ სიმღერაში ნახსენები ყველა ცნობილი სახე თეთრკანიანია, მათ შორის თვითონ მადონაც, შესაბამისად, კრიტიკოსები მას ამ კულტურის წარმომავლობისა და იდეის წაშლაში ადანაშაულებდნენ.

სამწუხაროდ, რასის, ორიენტაციისა და გენდერის საკითხები ჯერ კიდევ რთულ თემებს წარმოადგენს, რომლის გარშემოც მრავალი დავა არსებობს. ვოგის მოცეკვავეები კი დღემდე საკუთარი ექსპრესიებითა და განსხვავებული მოძრაობებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი პოზიცია და გვაჩვენონ, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. ამ საზოგადოებაში დღემდე ინარჩუნებენ ვოგინგის ტრადიციებს, რომლებიც ყველაზე ტოლერანტული და გამომხატველობითია. განხილული ცეკვის თანამედროვე ფორმა ჯერ კიდევ აგრძელებს განვითარებას როგორც სტილის, ისე გავრცელების მხრივ.