ატტარი – ინდური წესით დამზადებული წვიმის სუნიანი პარფიურმერია

ინდოეთში მდებარე სოფელი კანნოჯი პარფიუმერიის დამზადების ერთ-ერთ ცენტრადაა აღიარებული, რაც გასაკვირი არაა, რადგან სოფელში ინდურ პარფიუმერიას – ატტარს და სურნელოვან ზეთებს საუკუნეებია ამზადებენ. მათ ნაწარმს არანაირი ქიმიური თუ ალკოჰოლური მინარევი არ აქვს, შესაბამისად, პარფიურმერიას მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სუფთა და ნამდვილი სურნელება აქვს. მაგრამ უძველესი დამზადების წესი, რომელიც თაობიდან თაობას გადმოეცემოდა, სოფლის ინდუსტრიის შესახებ ერთადერთი აღსანიშნავი დეტალი არაა.

დეტალი, რომელიც ამ სოფელს სხვებისგან ყველაზე მეტად გამოარჩევს ისაა, რომ კანნოჯში შეიმუშავეს გზა, რომლითაც წვიმის სუნის მქონე პარფიურმერიის დამზადებაა შესაძლებელი.

პირველ რიგში, წვიმის სუნი ოზონის სუნისგან შედგება, ამას ემატება ორგანული ნივთიერების – ბიოსმინის – მიწისებური სუნი, რომელიც წყლის მიწაზე დაცემისგან წარმოიქმნება. გარდა ამისა, წვიმის წყალი ყველა იმ მოლეკულის სუნს იღებს, რომელთანაც შეხება ექნება, როგორებიცაა სხვადასხვა ყვავილისა და მცენარის სუნი. ამის გამო არ არსებობს ერთი კონკრეტული სურნელი, რომელსაც წვიმის სუნი შეგვიძლია დავუძახოთ – წვიმას ყველა კონტინენტზე, ყველა კლიმატურ სარტყელში და ყველა ადგილას სხვადასხვანაირი სუნი აქვს.

ინდოეთი კლიმატურად ექსტრემალურ რეგიონში მდებარეობს, ხშირია სეზონური შტორმებიც. ხშირ შემთხვევაში სეზონური შტორმები იმ ადგილებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც წელიწადის სხვა დროს ნალექი თითქმის არ მოდის. მშრალ მიწაზე დაცემულ წვიმის წვეთებს სპეციფიკური სუნი აქვთ და სწორედ ეს სუნი მიიჩნევა წვიმის სუნად ატტარის დამზადებისას.

Photo credits to National Geographic

სურნელოვანი ატტარის დამზადება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც რამდენიმე თვეც კი შეიძლება დასჭირდეს. ახლადდაკრეფილ ყვავილებს სპილენძის ქვაბში ათავსებენ და ხარშავენ წვიმაში გაჟღენთილ თიხის ჭურჭელთან ერთად. ქვაბი პირდაპირ ცეცხლის თავზე დგას და დაკავშირებულია გვერდით მდებარე წყლის ავზთან, ქვაბში ტემპერატურის კონტროლის მიზნით. ტემპერატურა ატტარის დამზადებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ის არც ისეთი დაბალი უნდა იყოს, რომ ყვავილები არ მოიხარშოს და არც ისეთი მაღალი, რომ მათ თავიანთი სურნელი დაკარგონ. ბოლო ეტაპი მიღებული სითხის ტყავისგან დამზადებულ ჭურჭელში ჩასხმაა, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ატტარის სპეციფიურ სუნს.

Photo credits to National Geographic

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ინდოეთში ატტარის მოხმარება შემცირდა, რადგან ახალგაზრდა თაობას დასავლური სუნამოები უფრო მოსწონს, კანნოჯში ატტარის დამზადების უძველეს წესს ინარჩუნებენ, სოფლის მოსახლეობის 80% კი მისი დამზადების რომელიმე ეტაპში მაინც არის ჩართული.