დობილნი – ნაწილი II

დობილთაგან კიდევ ერთი, რომლის შესახებაც ცნობები შემორჩა არის სამძიმარი. 

სამძიმარი დობილებს შორის გამორჩეული იყო, ხალხში მას ყველაზე მაღალი წოდება ჰქონდა. იგი ხახმატის გიორგის მოდე იყო და დიპლომატის ფუნქცია ჰქონდა: სამძიმარი გიორგისა და საყმოს შორის შუამდგომლობდა. თუკი ხახმატის ჯვარი საყმოზე განრისხდებოდა, მის გულს დობილი მოალბობდა ხოლმე. ქაჯი ქალი ადამიანთა საკეთილდღეოდ ლოცულობდა, მფარველობდა მათ დედა ქალღმერთივით. მის მნიშვნელობას ემატებოდა ისიც, რომ იგი ყველა ჯვართან იყო შუამავალი, “ელჩი”.  

უბარაქობის შემთხვევაში ხევსურელები სამძიმარს ევედრებოდნენ. წარმოდგენებით, იგი ბედის გამგეც იყო, ამიტომაც საგანგებო პურებს აცხობდნენ. მას და სხვა დობილებს ასევე ევალებოდათ ქაჯავეთიდან ჩამოყვანილი პირუტყვისა და საქონლის მწყემსვა. მას როგორც იღბლის, ასევე უბედურების მოტანა შეეძლო, სხვა დობილების მსგავსად. 

სამძიმარი მნიშვნელობით უტოლდებოდა თავის მოძმეს. ხახმატის ჯვარში ორი სალოცავი იყო გამორჩეული – ერთი გიორგისი, მეორე სამძიმარის (სამძიმარ-ხელი). მიუხედახდავ იმისა, რომ ქაჯავეთითან ჩამოყვანილი ქალი იყო, მას “ღვთის ნასახად” მოიხსენიებდნენ

ის დანიშნულებით მატრიარქალური ღვთაება იყო და ხალხზე დიდი ძალა ჰქონდა. სწორედ ამიტომაა, რომ მისმა სახელმა გაუძლო შემდგომ პატრიარქალურ-გვაროვნულ წყობას, “ღვთისშვილების” მნიშნველობის გაძლიერების სახით. დობილთა უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებზეც ცნობები ამ მიზეზით დაიკარგა, სამძიმარი  და მისი მნიშვნელობა ხალხის მეხსიერებაში კარგა ხანს შემორჩა. 

 

“მე ვარ ხელსამძიმარიო, 

მე ვარ ქაჯის ქალიო, 

ვაჟიერებ ჩემ ღილ-ქამარსაო, 

ოქროსთმიანი და ოქროსქოშებიანიო, 

მაშინ ძლივ მქონდა შაძლებაიო, 

ვიარებოდი ქალივითაო, 

ნაოჭიანი ჩავიცვიდიო, 

ქოქომონ გავაბრიალნიდიო.” – ხალხური 

 

სამძიმარის გარეგნობა გადმოცემულია, როგორც ულამაზესი ქალის, რომელსაც გულზე ყელსაბამი ჰკიდია. ზოგიერთი ვარაუდით, მისი სახელიც ამას უკავშირდება და სიტყვა “სამძივარიდან” მოდის. მას ხევსურულად ხელს უწოდებდნენ, რომელიც თამამ, ლამაზ ქალს ნიშნავს (სამძიმარ-ხელი).  

photo by @zemotion on devianart

გადმოცემების თანახმად მას შეეძლო მოკდავთა სახე მიეღო და სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონოდა ადამიანებთან. თუკი მისი ვინაობა გამჟღავნდებოდა, იგი ქრებოდა, მის მეუღლეს კი სხვაზე დაქორწინება სამუდამოდ ეკრძალებოდა. 

ერთი მითის თანახმად, სამძიმარის საიდუმლო მაშინ გამოირკვა, როცა ხორციელი ქალის როლში მყოფს ერთი ჩაკვრა ერბოთი დიდი ქვაბი ხავიწი (უძველესი ქართული კერძი) მოუხარშავს. მისი ერთ-ერთი ძალა შეხებისას პროდუქტის გამრავლებას წარმოადგენდა, რასაც ნაყოფიერების სიმბოლოს უკავშირებენ.  

სამძიმარს კოლხურ “ტყაშმაფას” და სვანურ ”დალის” ადარებენ თავისი მაცდური და მოტრფიალე ხასიათის გამო.