ზაბელ იესაიანი – ერთადერთი ქალი ”სიაში”

საკუთარი წარსულისა და ისტორიის გააზრების მნიშვნელობით საუკუნეების განმავლობაში არაერთი მოაზროვნე დაინტერესებულა და ვთანხმდებით, რომ წარსულზე (და განსაკუთრებით უახლოეს წარსულზე) რეფლექსია უმნიშვნელოვანესია თანამედროვეობის უკეთ გააზრებისა და მომავლის დაგეგმვისთვის (,,აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო.’’ – ი. ჭავჭავაძე, 1888). ამისათვის კი აუცილებელია, კარგად გვესმოდეს დროის თუ სივრცობრივი კონტექსტი. კერძოდ, საქართველოში მიმდინარე პროცესების გასაანალიზებლად, საჭიროა ვიცოდეთ, რა პროცესები ვითარდებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. 

 

1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის პოლიციამ დაახლოებით 250 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა კონსტანტინოპოლში. ამას კი სწორედ ის საზარელი მოვლენები მოჰყვა, რომელსაც ,,სომეხთა გენოციდის’’ სახელით ვიცნობთ და რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივ ამოხოცვას გულისხმობს. გენოციდის მსხვერპლთა რიცხვიც 600 000-დან 1.5 მლნ.-მდე მერყეობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-18) დაწყებულ გენოციდამდე, 1890-იან და 1900-იან წლებში, უკვე არსებობდა რამდენიმე მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემთხვევა.

 

1915 წელს ოსმალეთის მთავრობამ ეთნიკურად სომეხი ინტელექტუალები დააპატიმრა და შემდეგ სიკვდილით დასაჯა. ,,სიაში’’, რომელიც 250 ადამიანს მოიცავდა, ერთადერთი ქალი, ზაბელ იესაიანი, ფიგურირებდა. 

 

ცენტრში -ზაბელ იესაიანი

 

ზაბელი 1878 წელს კონსტანტინოპოლში, თანამედროვე სტამბოლში, დაიბადა, საბაზისო განათლებაც იქვე მიიღო და 17 წლის ასაკში პარიზში ლიტერატურისა და ფილოსოფიის სასწავლად გაემგზავრა. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი სწორედ ის პერიოდია, როცა ქართველი ქალებიც აქტიურად იწყებენ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას. ზაბელი კი ერთ-ერთი იყო ქალების პირველ თაობას შორის, რომელიც ოსმალეთის იმპერიიდან საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. 1900-იან წლებში კონსტანტინოპოლში რამდენჯერმე დაბრუნებულმა არაერთი საგაზეთო სტატია მიუძღვნა ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომეხ ქალთა პრობლემებს, რამაც სომხური თემი ზაბელის მიმართ უარყოფითად განაწყო. 

1908-9 წლებში ზაბელის მიერ ქმრისთვის (რომელიც იმჟამად პარიზში ცხოვრობდა) გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, რომ ზაბელი ცდილობდა, ჩამოეყალიბებინა მულტიეთნიკური ლიგა ქალებისთვის, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, სხვადასხვა რელიგიისა და სოციალური ფენის ქალებს გააერთიანებდა და არსებული პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისთვის პლატფორმას შექმნიდა. 1909 წლის აპრილში ადანას პროვინციაში (რომელიც სომხებით იყო დასახლებული) მომხდარმა კიდევ ერთმა მასობრივმა ეთნიკურმა ხოცვა-ჟლეტამ მოვლენები რადიკალურად შეცვალა. იმავე წლის ივნისში ზაბელმა ამ პროვინციაში იმოგზაურა და თვითმხილველებისგან, უმეტესად ქალი რესპოდენტებისგან, ჩვენებები ჩაიწერა, რომელთაც შემდეგ წიგნში, ,,ნანგრევებს შორის’’, მოუყარა თავი. 

 

“მთელ მსოფლიოში, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად, სულ უფრო და უფრო იზრდება საყოველთაო მშვიდობის სურვილი. (…) ვინ არის ის, ვინც ანადგურებს ბავშვის სათუთ გონებაში წარსული ანტაგონიზმის თესლს და ამზადებს მას ნათელი, საუკუნო მშვიდობისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვის დედა. (…) საფრანგეთში ფემინისტური მოძრაობის ხერხემალს ქმნიან ქალები, რომლებიც იკრიბებიან და თავიანთი ცოდნით იბრძვიან მშვიდობის მისაღწევად. ეს [მშვიდობის] მოძრაობა ასევე საჭიროებს ფემინისტური მოძრაობებისგან მიმართულების მიცემას, მხარდამჭერი ჯგუფების დახმარებით.” 

 

,,ქალები მშვიდობისთვის’’, 1911. 

 

1915 წელს ეთნიკურად სომეხი ინტელექტუალების დაპატიმრებისას, ზაბელმა, ერთადერთმა ქალმა ,,სიაში’’, გაქცევა მოახერხა და თავი ბულგარეთს შეაფარა, საიდანაც უცხოელ დიპლომატებს მიმდინარე მოვლენების შესახებ შეატყობინა. მოგვიანებით გარკვეული პერიოდი თბილისსა და ბაქოში იცხოვრა, სადაც გენოციდის თვითმხილველთა ჩვენებებს აგროვებდა და გამოსცემდა. პარალელურად წერდა 1915 წელს კონსტანტინოპოლიდან თავის დაღწევისა და ემიგრანტობისას მიღებულ გამოცდილებაზე. ამ ყველაფერს კი აქვეყნებდა კაცის ფსევდონიმით, რაც, შესაძლოა, პარტრიარაქატის ქალი ავტორების მიმართ განწყობით აიხსნას, თუმცა ასევე შესაძლებელია, ზაბელი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობდა, საფრთხისგან დაეცვა ოჯახის ის წევრები, რომლებიც ჯერ კიდევ ოსმალეთში ცხოვრობდნენ. 

 

მარჯვნიდან მეორე – ზაბელ იესაიანი

 

1920-იან წლებში საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე მოგზაურობის შემდეგ, 1933 წელს ზაბელი საცხოვრებლად საბოლოოდ სომხეთში გადავიდა, სადაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულ და სომხურ ლიტერატურას ასწავლიდა. ზოგადი ბოლშევიკური განწყობის მიუხედავად, ზაბელი ღიად მხარს უჭერდა საბჭოთა მწერლობის იმ ნაწილს, რომლებიც ცენზურისგან თავის დაღწევას ცდილობდა. 1937 წელს, ზაბელს, ჯაშუშობის ბრალდებით, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მალევე ეს სასჯელი 10 წლიანი გადასახლებით შეუცვალეს. ადრეულ 1940-იან წლებში ზაბელის გარდაცვალება დღემდე ბურუსითაა მოცული. 

 

1930-იანი წლების სტალინური რეპრესიები უდიდესი განმსაზღვრელი იყო საზარელი ტერორის ქვეშ მყოფთა და მათ მომდევნო თაობების ცხოვრებისა და აზოვნებისთვის. ეს გავლენა ჩვენს უახლეს ისტორიაზეც აისახა და ყველაფრის მიუხედავად, ამ პერიოდის შესახებ საკმარისად არასდროს გვისაუბრია. ზაბელის ცხოვრება კი ერთგვარ პარალელად შეგვიძლია მივიჩნიოთ იმ ქალებისთვის, რომელთაც გასული საუკუნის 10-იან, 20-იან, თუ 30-იან წლებში ხმა დაკარგეს და, როგორც კატო მიქელაძე 1939 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში წერს, ,,ხელოვნურად დაამუნჯეს’’ ან ვერც დაამუნჯეს და დახვრეტის, გადასახლების თუ ,,გაურკვეველ პირობებში გარდაცვალების’’ შედეგად, თავიდან მოიშორეს. 

 

ზაბელ იესაიანის სახელობის ხეივანი პარიზში

 

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება ფემინისტად არასდროს უცდია, ზაბელის საქმიანობა, მისი ტექსტები და მთლიანად ცხოვრება არსებითად ფემინისტური იდეების მატარებელია. საზარელი რეალობისა და უდიდესი ტკივილის პარალელურად ნათელია, რომ ზაბელმა დაინახა საჭიროება ამბების მოძებნისა და მოყოლის; ამბების, რომლებმაც სომეხი (და არამხოლოდ სომეხი) ხალხის ცნობიერებაზე უზარმაზარი დაღი დაასვა და ამ ამბებით არა მარტო საკუთარი, სხვა უამრავი ადამიანის ხმის ჩვენთვის შემონახვა შეძლო. 

 

2009 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი ,,Finding Zabel Yesayan’’, რომელშიც ზაბელის ბიოგრაფიას ეხება და მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს განსხვავებული პერსპექტივიდან განიხილავს.