სოციალური რეალობა მაგიური რეალიზმის ჭრილში

„მხატვრობა ცხოვრებასთან შეგუების მცდელობაა.“ – ასე ფიქრობდა ამერიკელი ჯორჯ ტუკერი, მაგიური რეალიზმის ჭრილში შესრულებული გასაოცარი ნახატების ავტორი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით თავი საკუთარი უნიკალური და ახლებური ხედვის საშუალებით გაითქვა.

იგი 1920 წელს ბრუკლინში დაიბადა და ჰარვარდში ინგლისური ლიტერატურის შესწავლის პარალელურად დროს მუდამ ხატვასა და კითხვაში ატრებდა. მხატვარი უმეტესწილად ფერწერისა და ქანდაკების შესახებ არსებულ წიგნებს ეცნობოდა, რათა თანდაყოლილი ნიჭი თუ მხატვრული ხედვა კიდევ უფრო განევითარებინა.

თუკი არსებობს ხელოვნება ხელოვნებისათვის, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტუკერის შემოქმედება ყოველივე ამის სრული ანტიპოდი და სოციალური სინამდვილის თანმდევი გამოძახილია. მაგიური რეალიზმისა და ე.წ ფიგურატიული მხატვრობის წყალობით, ამერიკელი არტისტის ნამუშევრები ისეთ საყოველთაო პრობლემებზე გვიამბობს, როგორიცაა: ომი, სიღარიბე, საზოგადოებრივი გულგრილობა, ურბანული მარტოობა, აუტანელი ყოველდღიურობა, იმედგაცრუება თუ სხვა.

აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედების ხილვა დამთვალიერებში ავტომატურ ინტერესსა და ერთგვარ დისკომფორტს ერთდროულად იწვევს. ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, რომ სამყარო, რომელსაც ჯორჯი ასახავს, ერთი შეხედვით, ფანტაზიისა და სიზმრის ნაყოფი, სინამდვილეში რეალობის ალეგორია და მისი საკმაოდ ზუსტი ასლია. “მე ვხატავ რეალობას, რომელიც იმდენადაა ჩაბეჭდილი გონებაში, რომ სიზმრების სახით გვიბრუნდება, მაგრამ არასოდეს ვხატავ ოცნებებს ანდა ფანტაზიას.“- ამბობდა ის.

მაგალითისათვის, მისი ერთ-ერთი ნამუშევარი – სახელწოდებით „მძინარენი“ – თავდაპირველად უხვად გამოყენებული თეთრი ფერის გამო ჰარმონიისა და სიმშვიდის შეგრძნებას ქმნის, თუმცა, აქ გამოსახულ ადამიანთა უკიდურესად უტყვი, ერთსახოვანი და უსიცოცხლო სახეები მალევე აქრობს ზემოხსენებული ჰარმონიის განცდას და მხატვრის მთავარ სათქმელს: საზოგადოების სოციალურ სიკვდილს, რუტინულ, აუღელვებელ ცხოვრებასა თუ პრობლემებთან საბოლოოდ შეგუებას გადმოსცემს. ანტიკური მითის საპირისპიროდ, აქ მძინარეთა თუ გარდაცვლილთა სულები ამჯერად არა ქარონს, არამედ თავად მდინარეს მიჰყავს.

განსაკუთრებით ცნობილი და საყურადღებოა მისი კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც რამდენიმე სოციალურ საკითხს ერთდოულად მოიცავს.

ცხადი ვიზუალური გამომსახველობითობის წყალობით დამთვალიერებლისათვის საკმაოდ ადვილი შესამჩნევია სიღარიბისა და უთანასწორობის პრობლემა, რომელსაც მხატვარი საკუთარ პერსონაჟთა ადგილმდებარეობების მიხედვით თითქოსდა განზრახ გამოყოფს. კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც, ჩაღრმავებული კვადრატების ზემოთ გვხვდებიან, ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოცემულ საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ერთი განსაზღვრული ქცევა და მოქმედების წესია საჭირო.

ჯორჯ ტუკერმა სიცოცხლეშივე შეძლო უამრავი გამოფენისა და, მათ შორის, ხუთი რეტროსპექციული ჩვენების მოწყობა. ზოგი მიიჩნევს, რომ რომ მისი შემოქმედების ინსპირაცია იტალიელი არტისტები: პაოლო უჩელო და პიერო ლელა ფრანჩესკა არიან. მართალია სოციალური პრობლემები ხელოვნებაში ტუკერამდეც არაერთხელ ასახულა, თუმცა უნიკალური სტილისა და მაგიური რეალიზმის სინთეზის წყალობით ამერიკელი მხატვარი მნახველზე წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვებას მაინც ყოველ ჯერზე ახერხებს.