,,ხელოვანის პორტრეტი” – საუკუნის 25 მოწინავე ქალი ერთ წიგნში

წარმოშობით მექსიკელმა ხელოვანმა, უგო უერტა მარინმა შვიდი წელი მიუძღვნა იმ მიზნის განხორციელებას, რომელსაც დღეს ჩვენ წიგნის ფურცლებზე ვხედავთ. ,,ხელოვანის პორტრეტი“ გასულ ოქტომბერს გამოვიდა გაყიდვაში და წიგნმა უკვე მიიქცია შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებული ადამიანების ყურადღება.

,,ხელოვანის პორტრეტი’’  არის წიგნი, სადაც პირისპირ შეხვდებით სხვადასხვა ეროვნებისა და განსხვავებული თაობის წარმომადგენელ იმ ქალებს, რომლებიც თავიანთ დარგში პიონერები იყვნენ და რაღაც კუთხით სამყარო შეცვალეს. ავტორმა თავის წიგნში სხვადასხვა სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი ქალბატონების პორტრეტებს მოუყარა თავი, როგორებიც არიან: ანიეს ვარდა, მარინა აბრამოვიჩი, ქეით ბლანშეტი, იოკო ონო, FKA twigs და სხვა მრავალი.

უგო უერტა მარინის, როგორც ხელოვანის აქტიური კარიერული ცხოვრება 2012 წელს ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლით იწყება. აქ ის მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებებებთან თანამშრომლობდა, მათ შორის უნდა გამოიყოს Solomon R. Guggenheim-ის მუზეუმთან კოლაბორაცია. უგოს კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად მარინა აბრამოვიჩთან თანამშრომლობაც ითვლება, ის პერფორმერთან არტ დირეტორის პოზიციზე მუშაობს და მასთან ერთად აორგანიზებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანი საკუთარ შემოქმედებას კულტურული იდენტობისა და გენდერის საკითხების კვლევას უძღვნის. მანაც სწორედ ამ მიზნით 25 ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალის პირისპირ ინტერვიუები და პორტრეტები შემოგვთავაზა, რათა მათი სახე მკითხველისთვის მეტად გულახდილი გაეხადა. ,,ამ პროექტის დიალოგზე დაფუძნებული ნაწილი ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი.“ – აღნიშნავს უგო.

პოლაროიდების სერიით უგოს განზრახვა იყო კერპების ნაცვლად, როგორადაც ამ ქალბატონებს საზოგადოება უყურებს, ჩვეულებრივი ადამიანები წარმოეჩინა. როგორც მარინა აბრამოვიჩთან ინტერვიუში ვკითხულობთ, თავად ავტორისთვის მიუღებელია ტერმინები კერპი და “აიდოლი”. – ,,მაგალითად, ჩემთვის ჟურნალისტებს ხშირად უკითხავთ, როგორი იყო ინტერვიუს აღება ჩემი კერპისგან, მაგრამ მე კერპისა და ხატის კონცეფციები არ მომწონს.„ ამის საპირისპიროდ წიგნში წარმოჩენილ ქალებზე ის საუბრობს, როგორც მუზებზე. მისთვის ეს ქალბატონები მუზები იყვნენ, რომელთაგანაც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. ,,მე მყავს მუზები“ – აღნიშნავს იგი, და ეს დეფინიცია მისთვის უფრო მისაღებია – ,,დედაჩემი იყო ჩემი პირველი მუზა, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი.“

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წიგნში გამოყვანილ ქალბატონებს სხვადასხვა ისტორია აქვთ. ისინი განსხვავებული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის  შევხვდებით პერფორმერს, ფოტოგრაფს, დიზაინერს, მომღერალს, რეჟისორს და ა.შ. ამასთან, განსხვავდება არა მარტო მათი პროფესიული საქმიანობა, არამედ წარმომავლობაც, რაც ავტორის ნამუშევარს უფრო მრავალფეროვანს ხდის. მისი მიზანიც სწორედ ეს იყო, უშუალო, გულახდილი საუბრებით ეკვლია თანამედროვეობის მნიშვნელოვანი პრობლემები, გენდერული თუ ეროვნული იდენტობის პრობლემა ხელოვანის ცხოვრებაში.

“შთამაგონებელი და გულახდილი”, ასე შეიძლება დავახასიათოთ წიგნი ,,ხელოვანის პორტრეტი : საუბრები ხელოვნების სფეროს ნოვატორ ქალებთან“, სადაც ერთის მხრივ თითოეული ქალისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება ჩანს, მეორე მხრივ კი იკვეთება მათი, როგორც შემოქმედებითი, თამამი და ნოვატორი ქალების ერთობა, რომლებიც ამ საუკუნის ერთგვარ სახე-სიმბოლოს წარმოადგენენ.