მარსელ დიუშამპი – კაცი, რომელმაც ხელოვნება ამოატრიალა

ზოგჯერ არტისტთა შემოქმედების სიდიადე გვაძლევს საშუალებას, რომ მათივე ეპოქის მოვლენები ვუწოდოთ. სწორედ ერთ-ერთი მათგანია მარსელ დიუშამპი, კაცი, რომელმაც ხელოვნების მიმართულება ამოატრიალა და სრულიად ახალი კონცეფცია შექმნა. დიუშამპი ერთგვარად უარყოფს გამოსახულებითი სიამოვნების პრინციპს და იწყებს ხელოვნების შექმნისა და აღქმის სრულიად ახალ გზას  – ინტელექტუალურ ჩანაფიქრს.

Marcel Duchamp/მარსელ დიუშამპი

დიუშამპის მთავარი იდეა იყო შეეცვალა ხელოვნების განსაზღვრება. ისტორიულად ხელოვანი გარკვეული ტექნიკური უნარ-ჩვევებით ხელნაკეთ ობიექტებს ქმნიდა და, ძირითადად, ამას ეწოდებოდა ხელოვნების ნიმუში, სწორედ ამ პრინციპის წინააღმდეგ იწყებს დიუშამპი შემოქმედებით პროცესებს და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნოვატორ ხელოვანად ითვლება.

მარსელ დიუშამპის შემოქმედების საფუძველი იყო მუდმივი ცვლილება. არ სურდა გაემეორებინა საკუთარი ქმნილებები და ხელოვნების გარკვეულ სტერეოტიპულ აღქმაში მოქცეულიყო, რადგან, მისი აზრით, სწორედ ეს კლავს კრეატიულობასა და შემოქმედებით უნარს.

საინტერესოა არტისტის მიზნებიც ხელოვნებასთან დაკავშირებით, კერძოდ, არ უნდოდა, რომ ხატვა და შემოქმედება მისი შემოსავლის წყარო ყოფილიყო და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნიდა ხელოვნებას. არ სურდა არც უცაბედი ყურადღება საზოგადოებისგან, რადგან თვლიდა, რომ ეს მხოლოდ პოპულარობიდან მოდის და არ წარმოადგენს ჭეშმარიტ აღიარებასა და დაფასებას, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ საზოგადოების მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩებოდა.

არტისტის ყველაზე დიდი წვლილი მისივე ეპოქის, და არამხოლოდ, ხელოვნებისადმი არის „რედიმეიდის“ იდეა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელებმა დაიწყეს ფრაზა ready made-ის ხმარება, რათა განესხვავებინათ ინდუსტრიულად წარმოებული ობიექტი ხელნაკეთი ნივთისგან. მარსელ დიუშამპმა პირველად ეს ტერმინი 1913 წელს გამოიყენა თავისი ნამუშევრების კატეგორიზაციისთვის. მან აარჩია მასობრივად წარმოებული, კომერციულად გაყიდვადი საგნები თავის ნამუშევრებად- რედიმეიდებად. მის ყველაზე ცნობილ რედიმეიდებს წარმოადგენენ: „L.H.O.O.Q.”;  “The Fountain”;  “The Bicycle Wheel”;  “Bottle-Rack”  და ა.შ. ამ ნამუშევრებით დიუშამპმა ერთგვარად საფუძველი ჩაუყარა ახალი, სრულიად განსხვავებული მიმდინარეობის, დადაიზმის (დადას) ჩამოყალიბებას. დადაისტები  იყენებდნენ ნებისმიერი სახის წარმოებულ ნივთს, რომელთაც მანამდე არანაირი შემოქმედებითი მნიშვნელობა არ ჰქონდათ.

შეიძლება ითქვას, რომ დიუშამპმა შესაძლებელი გახადა მაღაზიაში არჩეული ნივთი, სახლში ძველმანებში ნაპოვნი ობიექტი, რამდენიმე ერთმანეთთან იდეურად შეუსაბამო ნივთების ერთიანობა ხელოვნებად ექცია ნებისმიერ ადამიანს, რადგან, მისი ხედვით, ხელოვანი ყველა ადამიანია. მაშასადამე, დიუშამპმა დაარღვია ყველა მანამდე არსებული შეხედულება, რომ ხელოვანია მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია ტილოზე მუშაობა, სხვადასხვა სახვითი ტექნიკის ფლობა და შთაგონებებითა და ემოციებით ფერწერული ნამუშევრის შექმნა. რა თქმა უნდა, თავდაპირველად თავადაც ფერმწერი იყო, იმპრესიონისტი, მოგვიანებით პიკასოს გავლენით კუბისტი, თუმცა გაიაზრა, რომ თუნდაც შესანიშნავი მხატვარი ყოფილიყო, ამით სამყაროს ვეღარ შეცვლიდა, ამიტომაც იყიდა ველოსიპედის ბორბალი და აქცია იგი ხელოვნების შედევრად – რედიმეიდად.

საინტერესოა ისიც, რომ დიუშამპის რედიმეიდებში ხელოვნების ნიმუში არამხოლოდ ინდუსტრიული ობიექტები, არამედ მათი სათაურებიცაა, რომელმაც თითქოს წინასწარი განწყობა უნდა შემქნას შემოქმედების აღქმისთვის, თუმცა მარსელის რედიმეიდების შემთხვევაში ეს კანონზომიერება არ არის დაცული. სათაურის ცალკე ნიმუშად აღქმის მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ “In Advance of the Broken Arm”, რომელიც თოვლის ასაღებ სამუშაო ინსტრუმენტს წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთი რედიმეიდი, რომლის სათაური თავისთავად კითხვას მოიცავს  „Why Not Sneeze, Rose Sélavy?”, ნამუშევარი წარმოადგენს გალიას, რომელიც სავსეა შაქრის კუბიკებით. სათაურში მოცემული სახელი კი – Rose Sélavy – მარსელ დიუშამპის ფსევდონიმს, მდედრობითი ალტერ ეგოს სახელს წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ხელოვნების რომანტიზება სჩვევიათ, სამყაროსთვის რედიმეიდებთან შეგუება ცოტა რთული პროცესი იყო, მაგრამ სწორედ ეს იყო დიუშამპის მიზანი, დაემტკიცებინა, რომ ხელოვნება არ მოდის მხოლოდ ესთეტიკური საკითხიდან, არამედ არტისტის გონებიდან.

Rose Sélavy

მაშასადამე, მარსელ დიუშამპი ჭეშმარიტად ეკუთვნის იმ არტისტთა სიას, რომელთა დაბადებაც საუკუნის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან იგი მართლაც იყო კაცი, რომელმაც ხელოვნების მიმართულება შეცვალა და განსაზღვრა დღეს უკვე აქტუალური შეხედულება, რომ ხელოვნება არის ის, რასაც ადამიანი აღიქვამს ხელოვნებად, არამხოლოდ წლების განმავლობაში ნაწვალები ნახატები, არამედ ნებისმიერი სახით გონებაში შექმნილი ხელოვნების წარმოჩენა – ინტელექტუალური ჩანაფიქრი.