არტისტთა ჯგუფი, რომელიც პერფორმანსებით საქართველოს ცხოვრებას ეხმიანება.

ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის საზღვრების მოშლა და შემოქმედებაში მაყურებლის უშუალო მონაწილედ ქცევა ერთ-ერთი ძირითადი და არსებითი მიზანია ყველა არტისტის საქმიანობაში. სწორედ ამ იდეას ეხმიანება ქართველ არტისტთა ჯგუფი „ბულიონი“, რომელიც 2008 წელს დაარსდა ნატალია ვაწაძის, თეიმურაზ ქართლელიშვილის, ვლადიმერ ხარატიშვილის, კონსტანტინე ქიტიაშვილის, ეკატერინე ქეცბაიასა და ზურაბ კიკვაძის მიერ.
ჯგუფის პერფორმანსები აქტიურად ეხმიანება ქართულ კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებს და ასევე კრიტიკულად წარმოაჩენს საბჭოთა წარსულის ასპექტებსაც.
„ბულიონი“ გამოირჩევა განსაკუთრებული ხელოვნების ენით, კერძოდ, მათი პერფორმანსები ძირითადად საჯარო სივცრეებში იმართება, რაც მათ საშუალებას აძლევს მთავარი მიზნისთვის გაერთიანდნენ და ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის ყველანაირი საზღვრები მოხსნან, პერფორმანსების უნებლიეთ მონაწილე ადამიანები მათ ნაწილად აქციონ.
თბილისში არასაკმირისი რაოდენობის საგამოფენო სივრცის პრობლემა დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება ხელოვნების სფეროში. სწორედ ამიტომ მრავალ ხელოვანს უწევს ალტერნატიული გზების მოძიება და საჯარო სივრცის საგამოფენოდ გადაქცევა. ეს კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ერთგვარად ხაზი გაესვას, სად გადის ზღვარი საზოგადოებრივსა და კერძოს შორის. სწორედ ამ ტენდენციას აუწყო ფეხი არტისტთა ჯგუფმა, როდესაც შექმნა ბინის პროექტების სერია, რომელიც ამავდროულად საბჭოთა წარსულის კრიტიკული ციტირებაცაა. შესაბამისად, ამ პროექტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს „ბულიონის“ პორტფოლიოში. ამავე იდეის მატარებელია საჯარო სივრცეში გამართული პერფორმანსი „მდგომარეობა“, რომელშიც გამვლელები უშუალოდ ხდებიან ხელოვნების მონაწილენი.

როგორც უკვე ითქვა, ჯგუფი „ბულიონი“ ხშირად ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ ადამიანის, როგორც მოქალაქის პოზიციებზე გადის – რას ვაკეთებთ მაშინ, როცა გარემოს ცვლილება სწორედ ჩვენს პოზიციაზეა დამოკიდებული?
ხშირად ვხვდებით ასევე რელიგიურ-კულტურულ ასპექტებსაც. მაგალითად, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე, ვენეციის ბიენალეზე, „ბულიონმა“ საქართველო წარადგინა პერფორმანსით „რელიგიური აერობიკა“, რომელიც სამი დიდი რელიგიის – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის – მოძრაობებსა და აერობიკის ილეთებზეა აგებული. ჯგუფის წევრების თქმით, პერფორმანსი საქართველოში მომძლავრებული რელიგიური ფანატიზმის გაანალიზების მცდელობაა.

ჯგუფი „ბულიონი“ თავისი შემოქმედებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსა და ქართველი ხალხის დასავლეთთან ინტეგრაციისა და პოპულარიზების საკითხშიც, კერძოდ, ჯგუფმა პერფორმანსით „სუფრა“ ვენაში ფესტივალი „ხმის ძალა“ გახსნა. ნამუშევარი ტრადიციულ ქართულ სუფრას წარმოადგენდა, რომელსაც ვირტუალური თამადა მართავდა. იგი მაყურებლებს, რომლებიც სუფრის წევრები ხდებოდნენ, ქართულ სადღეგრძელოებს სთავაზობდა და საზოგადოებას მათი საშუალებით საქართველოს ისტორიაზე, ტრადიციებზე, პოლიტიკასა და რელიგიაზე ესაუბრებოდა.

პორტფოლიოს სანახავად ეწვიეთ: https://bouillongroup.com/