სიზმრისეული კადრები – ხელოვანი Tame Impala-ს წარმატებული ალბომის საიმიჯო ფოტოებს მიღმა

წყარო: neilkrug.com

ხელოვანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია იდეები, თუმცა ამით მისი ვიზუალური ნაწილი არასოდეს ითრგუნება, არამედ პირიქით, იდეების დევნაში მისი ნამუშევრები უფრო ღრმა, პირადული და დამაფიქრებელი ხდება – ნილ კრუგი ლოს ანჯელესში მოღვაწე ვიზუალური არტისტია, რომლის შემოქმედებაც სხვადასხვა წარმატებული მუსიკოსის ალბომის ყდასა თუ ჟურნალის გარეკანს ამშვენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლანა დელ რეისთან და ინდი ჯგუფ Tame Impala-სთან თანამშრომლობა.

,,ყოველთვის ვცდილობდი, რომ უფრო განწყობა წამომეწია წინ, ვიდრე გამოსახულება” – ნილ კრუგი.

მისი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი Tame Impala-ს ალბომისთვის (The Slow Rush) გადაღებული ფოტოები გამოდგა. ფსიქოდელიური გარემო, და ქვიშაში ჩაძირული ოთახები ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს ვიღაცის სიზმარში აღმოჩნდი. ფოტოების იდეა ფოტოგრაფისა და მუსიკოს კევინ პარკერის ერთობლივი მსჯელობის შედეგად გაჩნდა. როგორც  Monster Children-თან ინტერვიუში ფოტოგრაფი აღნიშნავს, მათი იდეები ერთმანეთს დაემთხვა. ორივეს სურდა სიურეალისტური ხაზით წასულიყვნენ და დროის მათეული გაგების ვიზუალიზაცია მოეხდინათ. სურდათ, ნამუშევრები ყოფილიყო სიურეალისტური, როგორც დალის ან რენე მაგრიტის შემოქმედებაა, თუმცა ამასთანავე უფრო რეალური და ხელშესახები.

ფოტოები ნამდვილად სიურეალისტურია და ქვიშაში ჩაძირული ოთახები ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს დრო სადაცაა ამოიწურება, ქვიშის საათის ქვედა ნაწილი ბოლომდე აივსება. ფოტოები ნამიბიაშია გადაღებული, ოთხ სხვადასხვა ადგილას. გადაღებისთვის ნამიბიის არჩევა მუსიკოსის იდეა იყო და ნილიც ამ აზრს დაჰყვა, რადგან, მისი აზრით, ეს ქვეყანა და მის უკან მდგარი ისტორია ნამუშევრებს უფრო საინტერესოს გახდიდა.

როდესაც ამ ნამუშევრებს შეხედავთ, იმედი მაქვს რომ გარემო ისე წარმოგიდგებათ, თითქოს ის თქვენს თავშია – თითქოს ის თან არსებობს და თან არა. ან ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს აქ ოდესღაც ყოფილხართ.

ნამიბიის ქალაქი კალმანსკოპი, რომელიც ერთ დროს ალმასის მაღაროების სამშობლო იყო, იდეალურად მიესადაგა როგორც ნილის ჩანაფიქრს, ასევე მუსიკოსის შემოქმედებას. ეს ადგილი თავისთავად მაგიურია, ქვიშებში ჩაძირული სახლები და მიტოვებული შენობები მნახველს მართლაც უჩენს სიზმრისეულ განცდებს. ერთი შეხედვით, როდესაც ამ ნამუშევრებს უყურებ ძნელია დაიჯერო, რომ ეს ადგილი რეალურად არსებობს და ის ფოტომონტაჟის წყალობით არ შეიქმნა. თუმცა მაინც, საბოლოო ჩანაფიქრის იდეალურად განსახორციელებლად და ამ მისტიური ადგილისთვის უფრო მეტი სიღრმის მისანიჭებლად ხელოვანმა ფოტოებს ინდივიდუალური შტრიხები შესძინა და ფოტოები უფრო გაამკვეთრა. მიტოვებული სახლების კედლების ფერებს სიკაშკაშე შესძინა და ბაცი ცისფერი ფერი მოღრუბლული ცის მსგავსი ღრმა ლურჯს, ხოლო მქრქალი წითელი სისხლისფერს დაუახლოვა. ამ ცვლილებებმა ნამდვილად მიიღო ის სახე, რომელიც კევინ პარკერის ფსიქოდელიურ, სიზმრისეულად არარეალურ მუსიკას იდეალურად შეესატყვისა.

ნილ კრუგის შემოქმედებაში, ,,Tame Impala”-ს 2020 წელს გამოსული ალბომის ფოტოების გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი და ლანა დელ რეის თანამშრომლობაც. მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ ლანას ალბომის ,,Ultraviolence”- სთვის გადაღებული ფოტოები. როგორც ხელოვანი აღნიშნავს ის შთაგონებას ფილმებიდანაც იღებს, რაც განსაკუთებით კარგად ჩანს მის სინემატოგრაფოულ კადრებში. ამ შემთხვევაში, როგორც Monster Child-თან ინტერვიუსას აღნიშნა, ამ ალბომზე მუშაობის დროს მის თავში 60-იანების შავ-თეთრი ფილმი ,,Cul-de- Sac”-ის კადრები ტრიალდებდა.

ნილ კრუგმანი ის ფოტოგრაფია, რომელიც მხოლოდ გამოსახულების აღბეჭდით არ კმაყოფილდება. ის კევინ პარკერთან ერთაც ცდილობს შეცუროს დროის უსასრულო ოკეანეში და მასთან ერთად გაიზიაროს ის ემოციები, რაც მუსიკის შექმნისას იბადებოდა. აგრეთვე, ცდილობს ლანა დელ რეისთან ერთად იმოგზაუროს წარსულში. თუმცა, მისი ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობების გარდა, არანაკლებ საინტერესოა ინდივიდუალური პროექტებიც, რომლებშიც ასევე გრძნობებია წინ წამოწეული. ასე რომ, თუ კრუგმანის მიერ შექმნილი ეს ნამუშევრები მოგწონთ, გირჩევთ, მის სხვა ინდივიდუალურ პროექტებსაც ადევნოთ თვალი, რადგან ხელოვანი დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას გვპირდება.