დავიწყებული ამბავი, ანუ წარწერები წიგნებზე

ოჯახური არქივები, ზოგადად, არქივებს შორის ყველაზე საინტერესოა. უშუალო, ადამიანური მასალა, რომელიც ჩვენს სახლებში, ბებიებთან და ბაბუებთან ინახება, სხვადასხვა ემოციურ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ჩვენგანისთვის. სურათები, წერილები, ნივთები, ბლოკნოტები, წიგნები, ტანსაცმელი – ოჯახური არქივის ,,კლასიკური’’ მასალაა, მაგრამ სულ პატარა, სულ მცირე წარწერები, პატარა დეტალები – წიგნებზე, სურათებზე, წერილებში – ხშირად ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია ხოლმე.

ბოლო კვირების განმავლობაში ჩემი და ჩემი მეგობრების საოჯახო არქივებიდან წიგნის ყდებსა და თავფურცელზე მინაწერი წარწერები შევაგროვე. ამ პატარა წარწერებს მიღმა ის ურთიერთობები, გრძნობები, ამბები და ადამიანები იმალებიან, რომლებიც დღეს, ხშირ შემთხვევაში, აღარც არსებობენ და  რომლებმაც, ვინ იცის, ჩვენი ცხოვრება როგორ განსაზღვრეს. ძველი, დავიწყებული გრძნობები და ამბები კი ყოველთვის ყველაზე საინტერესოა.