ისტორიამ, როგორც არასრულყოფილმა და უკიდურესად სუბიექტურმა მეხისერებამ, არამხოლოდ ადამიანები, ადამიანთა მთელი ჯგუფები ჩაყლაპა, რაც თავის მხრივ, ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას: ისტორიის წერის უფლება ძირითადად მინიჭებული ჰქონდათ კაცებს და ისიც – კაცების გარკვეულ ჯგუფს. შესაბამისად, უზომოდ პატრიარქალური, ჰეტერონორმატიული და სხვა კულტურულად პრივილეგირებული იარლიყებით ,,შემკული’’ მეხსიერების არსებობა სულაც არ არის გასაკვირი.
თანამედროვე ისტორიის წერასა და იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მომავალზე გავლენას მოახდენს, წარსულის ამოქექვას და ,,გადაწერას’’ დიდი მნიშნელობა აქვს, თუნდაც მხოლოდ იმ ემოციური კავშირისთვის, რომელსაც ინდივიდუალურად ვქმნით წარსულთან. ამ მხრივ მეოცე საუკუნე ძალიან საინტერეოსა და ამ ისტორიაში ქართველი ქალების მონიშვნაც არის შესაძლებელი. მსოფლიო ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, ქალების მიღწევები სხვადასხვა სფეროში უავტოროდ რჩება ან კაცებს მიეწერება ხოლმე, ქართულ ლიტერატურაშიც აქტუალურია.
,,დარიანული ციკლის’’ საკამათო ავტორობის ამბავი, რომელიც ელენე ბაქრაძესა და პაოლო იაშვილს ეხება, შედარებით ცნობილი შემთხვევაა. ,,დარიანული ციკლის’’ ლექსები ქალის სექსუალობაზე ღიად და თამამად საუბრობს, რაც ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ქართულ პოეზიაში სენსაცია უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდნენ სხვა პოეტებიც, რომლებიც ქალის სექსუალობაზე ღიად წერდნენ.

მარიჯანი (მარიამ ტყემალაძე) წინა თაობებისთვის საბავშვო მწერლად არის ცნობილი, ჩვენს თაობაში კი თითქმის საერთოდ მივიწყებულია. 1920-იან წლებში მარიჯანი ავტორია არაერთი იმ დროისთვის ,,ეროტიკულად’’ შეფასებული ტექსტის, თუმცა პირად წერილებში თავადვე აღნიშნავს, რომ მისი ლექსების ავტორობას იოსებ გრიშაშვილს აკუთვნებდნენ – ,,პირში მეუბნებიან, გრიშაშვილი გიწერს ლექსებსო’’.* მეორე მხრივ, ნინო თარიშვილი, შესანიშნავი ლექსების ავტორი, როგორც ცნობილია, 1920-იან წლებში უნივერსიტეტიდან გარიცხეს, სწორედ თამამი ლექსების გამოქვეყნების გამო. დღესდღეობით კი ნინო თარიშვილი, შეიძლება ითქვას, სრულიად არის დავიწყებული.

სამწუხაროდ, არც მარიჯანსა და ნინო თარიშვილზე და არც ამ პერიოდის ქალებზე ინტერნეტ სივრცეში ბევრი მასალა არ მოიპოვება, ამიტომ მათ ბიოგრაფიაზე დეტალურად საუბარი, ამ წყაროებზე დაყრდნობით, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ხელმისაწვდომია მათი შემოქმედება, რომელთა ნაწილსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
*** ქვიშა ცეცხლივით სწვავს ფეხის გულებს და ტანში გვივლის მზიან ნემსებად, უცნაურ ნდომით და ნეტარებით მწიფე ხორბლის ფრად ტანი გვევსება. სირცხვილი ჩვენში აღარ არსებობს, მთელი დღე შიშვლად დავიარებით ვნატრულობთ მხოლოდ წასვლამდის იდგეს მზიანი, მყუდრო, კარგი დარები. და პირველ ყოფილ დედოფალივით მე არ მიზიდავს ჭკუა და სული, ჩემს ყურადღებას თუ შეაჩერებს ბრინჯაოს ტანი გადატრუსული. და მეც მგონია: სნეულ სხეულში ჯანსაღი გრძნობა ვერ დაიბუდებს, და ეს სიშიშვლე, გულახდილობა, ბევრს დააშორებს, ბევრს გააბუტებს. მზე ყველას ზვერავს, მზე ყველას სინჯავს, დაუღალავი ოქროს თვალება; აქ სილამაზე გამოშკარავდა. მზეს არაფერი დაემალება. მარიჯანი, 1926. |
*** მზე რომ გადმოჰყრის სხივებს ზვინებად და ლაჟვარდ ზეწარს ასათ დახლიჩავს, ზღვის პირად მყისვე გადიფინება შიშველ სხეულის ჭრელი ხალიჩა. თითქოს დაირხა ზეცის კალთები და ჯოჯოხეთი მზემ გადმობერტყა, თითქოს გაიხსნა ღრუბლის სალტები და წამოსულა თბილ ხორცის სეტყვა! გამოფენაა ქალთა სხეულის: აკრძალულია აქ ტანის ფარვა – ერთმანეთშია გადარეული: ბრინჯაო, ბროლი, თუჯი და ქარვა. ყრიან ქალები მუხის ყავრებად, მზეს უფიცხებენ მკერდის ბალიებს, ზღვაზე სითეთრე მზეს ეჯავრება და მას არავის არ აპატიებს. მარიჯანი, 1926. |
*** ირიბ წარბებით მოხაზულან ლურჯი თვალები, გრძნეულ ზმანებას მეგობრობენ თაფლისფერ ღამით, ცისფერ ლარნაკში ენთებიან მზის მაშხალები, გრძნობებს ათრობენ უპასუხო ტრფობის ფელგამით. ნუ ატირდები ვერცხლის ცრემლით! ოხ, უნდა რითმე ჩუმი ნაღველი მოვაშორო ფერმკრთალ სიმძიმილს, ნუ შეატოკებ ოქროს წამწამს! გთხოვ გადარითმე, მსურს აზარფეშით დავეწაფო შენს მდიდარ ღიმილს. ნუ გაჯავრდები, თორემ შავად დავიჩითები, ჩემი ოცნება, ჩემი გული ისე ჩუმია – ვით არაბეთის უარშიო გლოვის მითები, ვით სარკოფაგში დაღვენთილი სანთლის მუმია. არა მპატრონობს არც ფერია, არც ტარტაროზი, არ გამაჩნია თავსაფარი და ბინა არსად, ახ! ნეტავ, მქონდეს ნატვრის თვალი ან ავგაროზი, რომ მდიდარ ღიმილს გავყოლოდი მე შინაარსად. ნინო თარიშვილი, 1921. |
*** ალერსი მინდა ფეხშიშველა, კოცნები, ოცნება ცხელი, მე შენმა სახემ ვერ მიშველა, იწვის სამხრეთული ვნება მტევნებად, მკრთალია ხელები და ჩემი ტანის სითბო, დახურულ თვალების სიტკბო, ჩემი სიყვარულის რთველი. ხარ უცნაური ვაჟი! თითქოს იძირება ზღვაში მწვანე გამოხედვის ფარდა, თითქოს არ გყოფნის სივრცე, ეს არის შენი დარდი… აკლდამა, მოკვდები, მოკლდება ხელი გაწვდილი შენსკენ. მელოდი, მაგრამ ვერ მოვედიო. იყო ღამე და მთვარე, როგორც რევოლვერი, როგორც შეყვარება ტიციანის ხელებზე. სიზმარში მაკოცებს ვამპირი, დამიცდის უფრო უარესი, შენ ხომ მე სიყვარულს დამპირდი და მინდა ცისფერი ალერსი. ნინო თარიშვილი, 1924. |
*** მაგიჟებს სითბო! ვერ ვიგუე ფარჩის საბანი. უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი, დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება – ნელი, სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ, სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი. დამეძინება… გათავდება ზანტი ზმორება. და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები. მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს, (ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!) და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს, ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა. ელენე დარიანი, 1916. |
* ,,დანართი’’ – 2021/09.