2021 წლის ჟურნალების ყველაზე დასამახსოვრებელი ყდები

ამობობენ, რომ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო, მაგრამ ეს გამოთქმა ბეჭდურ მედიასთან მიმართებით 180 გრადუსით იცვლის სახეს. ჟურნალებს მეტწილად სწორედ ყდით ვაფასებთ, ვინ ან რა არის გამოსახული მასზე და რა მნიშვნელოვანი თემებია წინა გვერდზე გამოტანილი. ყდა ჟურნალებისთვის ერთგვარი შესავალი სიტყვაა, სწორედ ამიტომ გამოცემები ცდილობენ გარეკანი ყოველთვის მიმზიდველი და დასამასოვრებელი იყოს. კომერციულ ფაქტორთან ერთად შინაარსობრივი პლანსაც ითვალისწინებენ და გარეკანზე ის მოვლენები თუ ის ადამიანები ხვდებიან, რაც იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.

თუ 2020 წელი ყველასთვის უცხო და უჩვეულო მოვლენების წელი იყო, 2021 წელს უკვე ამ უჩვეულო სამყაროსგან გამორკვევის პროცესი იწყება. 2021 წელს მსოფლიოში ბევრი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო, რამაც თავისი გამოსახულება ჟურნალის ყდებზეც ჰპოვა. ეს მოვლენები შემოქმედებითად, ფოტოგრაფის ლინზის გავლით მათზეც აისახა.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ჟურნალების ყდებს, რომლებმაც წინა წელს თავი განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა, რომელთა რედაქტორებიც არ შეუშინდნენ ამბების განსხვავებული ფორმით გადმოცემას ან მათზე გამოსახულმა ადამიანებმა მკითხველში დიდი სიმპათია გამოიწვიეს.

  1. Financial Times, ოფისი: განსაკუთრებული კადრი

ერთწლიანი დისტანციური მუშაობის შემდგომ ,,Financial Time“-ის გუნდმა გადაწყვიტა 2021 წლის პირველი ნომერი სწორედ ამ თემისთვის მიეძღვნა. ამ ნომრით მათ გადაწყვიტეს უფრო ღრმად ეფიქრათ დისტანციური მუშაობის არსზე და ეს პროცესი სიმბოლიზებულად წარმოეჩინათ. გარეკანზე გამოსახული ფოტო ეკუთვნის ამერიკელ ხელოვან ინდია ბილს. ეს კონკრეტული ფოტო არის მისი ,,Performance Review’’ -ის სერიიდან. ფოტო ხელოვანმა იმ სახლში გადაიღო, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა და სადაც ამჟამად მისი მშობლები ცხოვრობენ. ეს კადრი მოხერხებულად წარმოგვიდგენს დისტანციური მუშაობის არსს და გვაიძულებს პირისპირ შევეჩეხოთ ამ რეალობას. ფოტოზე ამ ეფექტის მისაღებად მან პროექტორი გამოიყენა და შექმნა ილუზია, თითქოს თავისი ოთახის ერთ პორტალის მსგავსი სივრცეა, სადაც არის სამუშაო ოფისიც, ისე, როგორც ეს სამუშაო მაგიდასთან მოკალათებულ ერთ ჩვეულებრივ ზუმის შეხვედრაზე იქნებოდა.

2. Vogue Italia, შექმენი თვითონ.

რიანას ჟურნალის გარეკანზე გამოჩენა უკვე ნიშნავს, რომ ეს ჟურნალი გაიყიდება. წარმატებული ბარბადოსელი მუსიკოსი და უკვე წარმატებული ბიზნესმენი არ უშინდება თავისი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდას. ეს ნომერიც ამით არის გამორჩეული, იტალიური ვოგის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ფერდინანდო ვერდერისთვის, კოლაბორაცია როლების გაცვლაა. სწორედ ასე გაცვალა რიანამ როლი სხვა ხელოვან ადამიანებთან და ამ გარეკანისთვის მან საკუთარი თავის მისეული ვერსია შემოგვთავაზა. ის თავადვე იყო სტილისტი, პროექტის ხელმძღვანელი, მუზა და ფოტოგრაფიც კი. იტალიური ვოგის ივნისის ეს გამორჩეული ყდა ლოს ანჯელესის სტუდიაში ერთ ჩვეულებრივ დღეს, სულ რაღაც ერთ დღეში გადაიღეს.

იმის გარდა, რომ გარეკანზე რიანაა გამოსახული, ამ ნომერს სხვა ბევრი ფაქტიც გამოარჩევს. ნომერი სრულად ეთმობა გავრცელებულ და კოვიდ-პანდემიისას ხელახლა დამკვიდრებულ ,,შექმენი თავად“ (DIY) ტენდენციას. გამოხატვის ეს ფორმა გვიჩვენებს, რომ ჩვენ თავადვე შეგვიძლია შევქმნათ ის, რაც ადრე მიუწვდომელი გვეგონა. ამ ნომერს ისიც გამორჩევდა, რომ შემოთავაზებული იყო ჰარი სტაილის ცნობილი კადიგანის კერვის გაკვეთილი. ასე რომ, არაფერია მიუწვდომელი: თუ ძალიან გვსურს და მოვინდომებთ შეგვიძლია ჩვენი ხელითვე შევქმნათ.

       3. Time, დღე პირველი

ილუსტრატორ ტიმ ო’ბრაიენს ჟურნალ თაიმთან თანამშრომლობის 30 წლიანი ისტორია აქვს. ამ დროის მანძილზე მას არაერთი დასამახსოვრებელი ყდის დიზაინი შეუქმნია. ამჯერადაც, თებერვლის ნომრის გარეკანის დიზაინის შექმნა მას მიანდეს. ეს ნომერი  ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიეძღვნა. წინა თვის ნომერში, რომელიც აგრეთვე ტიმ ო’ბრაიენს ეკუთვნის, წარმოდგენილი იყო ის არეულობა, რაც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში შეიქმნა. სწორედ ეს მიმართულება გაგრძელდა შემდეგი თვის ნომერშიც, თუმცა ამჯერად პროტაგონისტი შეიცვალა.

ფოტო კარგად ასახავს იმას, რისი ჩვენებაც ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ბაიდენი კაპიტოლიუმის დარბევის შემდომ გამოწვეულ არეულობაშია ჩაფლული. ოვალურ კაბინეტს პირვანდელი სახე აქვს დაკარგული, პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე ჩანს დარბევის შემდეგ დატოვებული წარწერის ნაწილი და ტრამპის მხარდამჭერების ცნობილი კეპი, წარწერით ,,Make America Great Again”. ეს ილუსტრაცია სიმბოლურად გამოხატავს ამერიკაში პრეზიდენტის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს.

    4. Dazed, Fashion in the fast lane

ჟურნალ Dazed and confused-ის ეს ნომერი ამ წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენას, ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება. ედითორიალისა და გარეკანისთვის ფოტოგადაღება პარიზის სპორტულ მოედანზე გაიმართა. ნომრისთვის Carlijn Jacobs-მა ქორეოგრაფ Eric Christison-თან ითანამშრომლა. ამ ნომერს ისიც გამოარჩევს, რომ ეს ჟურნალის ახალი რედაქტორის სადებიუტო ნომერი იყო ამ დებიუტმა კი უდაოდ წარმატებით ჩაიარა, რადგან ამ ყდას მოდის მოყვარულებს შორის დიდი დადებითი გამოხმაურება მოყვა.

კარგ გამოხმაურებებს იმასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ნომრისთვის სწორად იყო შერჩეული სამოსი და სტილი. მოლი გოდარის მასიური სამოსი, მაქქუინის ექსტრავგანტული სტილი და ვირჯილ ებლოს მიერ ლუი ვიტონისთვის შექმნილი ქუჩის სტილისა და კლასიკურის მიქსით ფოტოებს გამორჩეული და განსხვავებული იერი მიენიჭა. მაისის ნომრის ყდას ვარკვლავი მოდელი, Ana Jorge ამშვენებს.

    5. Vogue Italia, ჟურნალის 100 ყდა

სექტემბრის თვე მოდის სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დატვირთული თვეა. სწორედ ამიტომ, მოდის ჟურნალები ამ თვისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და მკითხველს განსაკუთრებულ ნომრებს სთავაზობენ. ეს თვე იტალიური ვოგისთვისაც არ ყოფილა გამონაკლისი, მათი სექტემბრის ნომერის გამორჩეული იყო. ,,პირველად ისტორიაში ჩვენ გავაკეთეთ 100 გარეკანი. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პროტაგონისტი ჰყავს – განსხვავებული ასაკის, გარეგნობისა და კანის ფერის. ეს არის საზოგადოების პორტრეტი, რომელიც მოთმინებით ელოდა, ახლა კი სუფთა ფურცლიდან იწყებს.“-აღნიშნავს იტალიური ვოგის მთავარი რედაქტორი ემანუელი ფარნეტი. აპრილის თვის ცარიელი ფურცლის შემდეგ, რომელიც სიმბოლურად სიჩუმეს გამოხატავდა ეს ნაბიჯი ცვლილებისა და მოქმედების დაწყების სიმბოლოა. 100 ყდის თითოეული გმირი 1 წუთში გვიყვება თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, ასე რომ ეს ნომერი არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ კონტექსტითაც გამორჩეულია, რადგან წინ წამოიწია ადამიანის, როგორც ინდივიდების, ღირებულებები.

      6. AnOther Magazine – Balenciaga Couture-ის მიმოხილვა

ჟურნალის ამ ნომრის მთავარი გმირი ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დემნა გვასალიაა. ნომერს განსაკუთრებულად რამდენიმე ფაქტორი აქცევს, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ კრისტობალ ბალენსიაგას გარდაცვალების შემდგომ ამ მოდის სახლისთვის ,,Couture” კოლექცია არცერთ დიზაინერს არ შეუქმნია. მხოლოდ 2021 წელს, კრისტობალის გარდაცვალებიდან 53 წლის შემდეგ დემნა გვასალიამ ივლისში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას ბალენსიაგას ახალი ხაზი წარუდგინა, რომელიც კრისტობალ ბალენსიაგას შემოქმედებით იყო შთაგონებული.

აღნიშნულ ნომერს ისიც გამოარჩევს, რომ ალექსანდრ ფიურიმ, მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალისტმა, დემნა გვასალიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები კი არ არიან განებივრებული დემნას ვრცელი ინტერვიუებითა და პრესასთან ხშირი გამოჩენით. ,,მხიბლავს ის იდეა, რომ ოტ-კუტიური არის მცდელობა მიუახლოვდე სრულყოფილებას იმდენად ახლოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.” – აღნიშნავს გვასალია ფიურისთან ინტერვიუში.

   7.  Dazed & Confused, ცხოვრებისკენ მიბრუნება

მაშინ, როდესაც სამყარო ნელ-ნელა გამოვიდა დამღლელი ,,ლოქდაუნის” ეპოქიდან,  Dazed-ის გუნდმა ზაფხულის გამოცემის თავიანთ ფურცლებზე ადამიანთა ერთობისა და ძალების გაერთიანების მნიშვნელობა აღნიშნა. ჟურნალის ახალმა რედაქტორმა იბრაჰიმ კამარამ წინ წამოსწია ბრიტანელი ახალგაზრდების მრავალფეროვანი ცხოვრება და მათი მისწრაფებები. ამ პროცესში კი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მოვლენას გვერდი ვერ აუარა და, სწორედ ამიტომ, ამ ნომერს სხვაგვარად ვაქცინაციის ისტორიაც შეიძლება ვუწოდოთ. მომხიბლავია იდეის სარეალიზაციოდ გამოყენებული ხერხი: მოციგურავე, კურდღლისთავიანი კაცი, გოთური გარეგნობის გოგონა და სხვა ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ერთ მწყობრ რიგში დგანან და მოთმინებით ელოდებიან თავიანთ რიგს. რიგის დასარული კი, რასაკვირველია ექთანთან არის, რომელიც მათ ვაქცინებს უკეთებს.

ნომრის სიტყვიერი ლოგოტიპია ,,თავისუფლება მოდის, მაგრამ სად მივდივართ ჩვენ?”

    8. The New York Times Magazine, აზიურ-ამერიკული იდენტობის ფაზლი

ნიუ-იორკ თაიმზის ამ ყდის დიზაინის შემქმნელები და იდეის ავტორები ნამდვილად იმსახურებენ წლის საუკეთესო ყდის დიზაინისა და კონცეფციისთვის ჯილდოს. ნომრის ეს გარეკანი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეერწყას ფორმა შინაარსს. წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნომრის ერთ-ერთი მთავარი სტატია აზიურ-ამერიკული იდენტობის ფაზლზეა – ყველაზე სწრაფად მზარდ დემოგრაფიულ ჯგუფზე. თუმცა. სწრაფად მზარდთან ერთად, ამ დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები სხვა, ნაკლებად სასურველი ნიშნითაც არიან გამორჩეული. ისინი  ქვეყნის რასობრივი და ეთნიკური გახლეჩილობის ფონზე მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციის შემთხვევებს.

გარეკანისთვის აზური წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფის ტომი ხას მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტო ხელოვანმა კენსუკე კოიკემ თავსატეხ ფაზლად გარდაქმნა. ვიზუალიზაციის ეს ფორმა იდეალურად ასახავს ბოლო პერიოდში მწვავედ დამდგარ საკითხს, რომელზეც არაერთი მედიასაშუალება საუბრობდა.

მხოლოდ კონკრეტული წლის ჟურნალების ყდების დათვალიერებითაც შეიძლება შეიქმნა ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ რა თემები და მოვლენები იყო იმ წელს აქტუალური, რით იყო დაინტერესებული ხალხი და რისკენ მიისწრაფოდა საზოგადოება. ასევეა ამ წელსაც, 2021 წელსაც ყდებზე ის მოვლენები აისახა სარკისებურად, რომლებზეც აქტიურად ვსაუბრობდით, რომლებსაც განვიხილავდით და ჩვენს მოლოდინებს გამოვთქვამდით.