Don’t Slip (არაუშავს) – ქართულ-ბრიტანული დუეტის დებიუტი

„Don’t Slip (არაუშავს)” – სწორედ ასე ეწოდება ქართულ-ბრიტანული დუეტის, Sadboi In AnmanLand-ის სადებიუტო კომპოზიციას. 2021 წლის დეკემბერში გამოსული სიმღერის ტექსტი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზეა დაწერილი და არაერთ ისეთ ფრაზას მოიცავს, რომელსაც ქართულ ყოველდღიურობაში გაიგონებთ.

Sadboi in AnmanLand როუზ ბრაფორდის კოლეჯის ევროპული თეატრის კურსდამთავრებულების, ანამარია ბურდულისა და პატრიკ ჰემინგტონის, აუდიო-ვიზუალური პროექტია. ჯგუფის ვოკალისტი და ვიზუალური არტისტი ანამარიაა, მუსიკალურ მხარეზე კი უმეტესად პატრიკი ზრუნავს. დუეტის ჟღერადობა ჰიპერ-პოპს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, თუმცა როგორც Spotify-ზე მათ მოკლე ბიოგრაფიაში წაიკითხავთ, სიმღერები, ზემოხსენებულ ჟანრთან ერთად, ქართული პოლიფონიური სიმღერით, ჰიპ-ჰოპისა და დისკოს ელემენტებითაცაა ინსპირირებული. აღსანიშნავია, რომ ეს პატრიკისა და ანამარიასთვის ერთადერთი საერთო პროექტი არაა – ორივე მათგანი კოლექტივ Karmiq Lareef-ის წევრია.

„ჩემი პატრიოტიზმი არ გამოიხატება არც ტრადიციების პატივისცემით და არც მართლმადიდებლური ღირებულებებით, მაგრამ ქართული ენა ჩემთვის ყველაზე ლამაზი რამაა. ზოგჯერ რაც არ უნდა მეოთხეკლასელივით ვლაპარაკობდე, ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე აქაური ხალხის ხმა და ძალიან მიყვარს ქართული ჟღერადობით ექსპერიმენტაცია,“ – გვიყვება ანამარია ბურდული.

“Don’t Slip (არაუშავს)“ შეგიძლიათ Youtube-ზე, Spotify-სა და სხვა სტრიმინგ-პლატფორმებზე მოისმინოთ.