ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაცოცხლებული საიდუმლოებით მოცული ისტორია – ელენე დარიანის პოეზია

ელენე დარიანის ისტორია საკმაოდ საინტერესოა და არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ამ პოეტური ფსევდონიმის შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად ელენე დარიანი პაოლო იაშვილის მისტიფიკაციაა და ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები სწორედ ამ ცისფერყანწელ პოეტს ეკუთვნის. დარიანული ლექსების ავტორის შესახებ საწინააღმდეგო აზრი პირველად გიორგი ჯავახიშვილმა გააჟღერა საჯაროდ. მისი მტკიცებით ელენე დარიანის სახელს მიღმა ელენე ბაქრაძე იდგა, რის გამოც ჯავახიშვილს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს, ბევრი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცონე თვლიდა, რომ დარიანული ლექსების ავტორობის ქალისთვის მიწერა პაოლო იაშვილის შეურაცხყოფა იყო.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა 2021 წლის მიწურულს გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) ლექსების კრებული, რომელშიც ანა კალანდაძის ორი ლექსი ელენე დარიანის ავტორობით შევიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე პოსტი  გამოაქვეყნა, სადაც წერია:

“საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად”.

წიგნის ყველა მყიდველის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, გაყიდული ეგზემპლარების უკან დაბრუნება მუზეუმის ძალებს აღემატება. დარჩენილი წიგნები კი სამინისტროს გადაეცა. ქართული ლიტერატურის მუზეუმის ადმინისტრაცია და წიგნის რედაქტორი, ლაშა ბაქრაძე, აპირებდნენ დარჩენილი ტირაჟისთვის შეცდომების გასწორების ფურცელი დაერთოთ, თუმცა სამინისტრომ ამ პრობლემის განსხვავებულად გადაჭრა გადაწყვიტა და ბეჭდვის ხარჯების დაბრუნებაც მოითხოვა.

წყარო: ლაშა ბაქრაძე

18 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა ბეჭდვის ხარჯების ასანაზღაურებლად და ხელახალი ტირაჟის გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო, სამ საათში საჭირო თანხაც შეგროვდა.

ქართული ლიტერატურის მუზეუმმა განაახლა დარიანული ლექსების გარშემო არსებული პოლემიკა და ელენე დარიანის ამბავი კვლავ აქტუალური გახადა. ცნობილია ელენე ბაქრაძის რამდენიმე მოგონება, რომელშიც ავტორი აღწერს პაოლოსა და მას შორის შემდგარ ლიტერატურულ თანამშრომლობას, როგორ წერდა ელლი ლექსებს და როგორ არედაქტირებდა და აქვეყნებდა იაშვილი მის შემოქმედებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ელლისა და პაოლოს, ლიტერატურული საქმიანობის გარდა, ძლიერი, დაუვიწყარი და აღტაცების მომგვრელი სიყვარული აკავშირებდათ, ამის შესახებ კი მათი მიმოწერიდან ვიგებთ, რომელიც ზემოხსენებულმა გიორგი ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა.

მათი ისტორია კი საჩხერეს მახლობლად, ლესევში დაიწყო, სადაც 15 წლის ელლი და 20 წლის პავლე ზაფხულს ოჯახებთან ერთად ატარებდნენ. ელენე ბაქრაძისათვის ახალგაზრდა პაოლო იაშვილი გმირისა და საოცნებო უფლისწულის ხატად მას შემდეგ იქცა, რაც პავლემ სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის კლანჭებში ჩავარდნილი ადამიანი.

,,ჩემთვის, ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა”
წერდა ელენე ბაქრაძე თავის მემუარებში.

ელენე დარიანის მემუარებიდან ვიგებთ, თუ როგორ წარმოიშვა ქართველი სიმბოლისტების ჟურნალის, “ცისფერი ყანწების” სათაური. ეს მოხდა საჩხერეში, სადაც ელლი და პაოლო მეგობრებთან ერთად გაემგზავრნენ ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად. ბაქრაძემ თავის მოგონებაში დაწერა:

“ჩვენმა დიასახლისმა ელენე კოერცალიამ პატარა, თეთრი ყანწები მოიტანა. პაოლომ აავსო ყანწი და ასწია მაღლა. ცისფრად გამოეყო ჰაერში თეთრი ღვინით ავსებული ყანწი. რადგან მე სხვა არაფერს ვაკეთებდი, ვუმზერდი პაოლოს, თვალში მომხვდა იგი და წყნარად წარმოვთქვი: ,,ცისფერი ყანწი!” პაოლოც დააკვირდა და უეცრად წამოიძახა: ,,ევრიკა, ელლი, ცისფერი ყანწი!” მერე ზეზე წამოდგა, მთვარის შუქს შეუშვირა ყანწი და იმეორებდა: ,,ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი”

გიორგი ჯავახიშვილის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის ელენე ბაქრაძეს უკვე დაწერილი ჰქონდა სამი ლექსი: “ძახილი”, “გათავდა ნადიმი” და “ზამთარში”. პაოლო იაშვილმა კი საყვარელი ქალის ლექსები დაუკითხავად გამოაქვეყნა გაზეთ “მეგობარში”. ეს ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა.

ელენე ბაქრაძის მოგონებეში ასევე აღწერილია ის, თუ როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი. იგი აღებულია ინგლისელი მწერლის, ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” მთავრი გმირის სახელიდან და ამავდროულად მასში ამოვიკითხავთ ქართულ სიტყვას “დარი”.

წყარო: ლაშა ბაქრაძე

ამრიგად, ელენე ბაქრაძის მოგონებებისა და მისი და პაოლოს მიმოწერიდან ვიგებთ, რომ ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის და ეს ქალბატონი დიდებული პოეტი ყოფილა.