ფოტოგრაფია ფილტრის გარეშე – რენ ჰანგი

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში დაბადებულმა ცხრამეტი წლის რენ ჰანგმა საკუთარ ოთახში ტაბუირებული სურათების საიდუმლოდ გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მართებულად მიჩნეული გზიდან ოდნავ გადახვეული ნაბიჯიც კი მრავალმხრივ რეპრესიასა და დაუყოვნებლივ შემოქმედებით ცენზურას უტოლდებოდა. ფოტოგრაფია და პოეზია – ხელოვნების ეს ორი მიმდინარეობა დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ჰანგის ძლიერ გატაცებად იქცა და ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე მის მთავარ საქმიანობადვე დარჩა.

 

უნიკალურ და მრავალფეროვან თემატიკას შორის ჩინელი ფოტოგრაფის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი ურთიერთობებს, მეგობრობას, შიშსა და მარტოსულობას უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ბევრისათვის პროვოკაციულ, მაგრამ მომაჯადოებელ სურათებზე აღბეჭდილი თითქმის ყველა მოდელი სინამდვილეში ჰანგის მეგობარია, რამეთუ უცხო ხალხთან მუშაობა მისთვის ყოველთვის დიდ და მძაფრ დისკომფორტთან ასოცირდებოდა.

შიშველ გრძნობათა გაცნობიერებისა და ემოციურ საწყისებთან დაბრუნების ერთ-ერთ გზად რენთან ბუნებისა და ადამიანის კავშირი გვესახება. თუმცა, მიუხედავად შთამბეჭდავი კადრებისა, რომლებიც მისი ფოტოების დამთვალიერებელს მომენტალურად ნუსხავს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ავტორს საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის ფასად უჯდებოდა. მისი თანამედროვე შემოქმედის, აი ვეივეის მსგავსად, პატიმრობა რენ ჰანგსაც არაერთხელ დაემუქრა, ვინაიდან გარე სივრცეში შიშველი სხეულის გამოჩენა ჩინეთში დღესაც არალეგალურ აქტივობად და კანონის უხეშ დარღვევად ითვლება.

და მაინც, დაბრკოლებებით სავსე გზაზე გენდერული თუ სხვა სახის სტერეოტიპის მსხვრევასთან ერთად, ახალგაზრდა ხელოვანი იმ ერის უნიკალურად წარმოჩენას ცდილობდა, რომელიც ხშირად მსოფლიოს დანარჩენი ნაწილის მიერ არც ისე სახარბიელო, ზედაპირული ანდა უკიდურესად ჰომოგენური კუთხითაა აღქმული. ერთი მხრივ, ის წარმატებით ახერხებდა – გაერღვია ორიენტალიზმი, რომელიც დასავლური ხედვით, ჩინელებს პირდაპირ კონსერვატიზმთან და ტრადიციულობასთან აკავშირებდა, ხოლო, მეორე მხრივ, აუდიტორიის წინაშე სათქმელის თავისებური ფორმით წარმოდგენით, ცხადად ამტკიცებდა, რომ, რასობრივი განსხვავების მიუხედავად, კაცობრიობის ემოციურ-ფიზიკური საწყისები და ადამიანთა ფუნდამენტური მახასიათებლები ყველგან ერთი და იგივეა.

29 წლის განმავლობაში რენ ჰანგმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ არაერთი საინტერესო გამოფენის მოწყობა და სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან (მათ შორის: Gucci, Rick Owens, Loewe) თანამშრომლობა მოახერხა. გარე თვალისათვის შესამჩნევი თემატიკის და დანიშნულების მრავალფეროვნების გაუთვალისწინებლად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინელი ავტორის პასუხი ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მესიჯს გადმოსცემდა მისი ფოტოგრაფია – მაინც შემდეგნაირად ჟღერდა: რომ მთავარი არა შინაარსი, არამედ გადაღების პროცესი იყო.

„ჩემს ხელოვნებას სათქმელი და კონკრეტული დანიშნულება არ აქვს. ის უფრო მეტად ჩემივე ეგოიზმისა და ბედნიერების ნაწილია“ – აღნიშნავდა ჰანგი.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის 24 თებერვალს ახალგაზრდა არტისტმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, რასაც წინ მისივე დღიურის პოეტური ჩანაწერები „ჩემი დეპრესია“ უძღვოდა. მიუხედავად ამისა, ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგაც, რენ ჰანგის შემოქმედების თაყვანისმცემლების კონკრეტულ ნაწილში ფოტოგრაფის სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით კონსპირაციული მოსაზრებები არსებობს.