Bubble – Netflix ახალ ანიმეს აანონსებს

Netflix-მა ახალი ანიმე დააანონსა, რომლის შექმნაშიც ანიმე ინდუსტრიის გიგანტები იღებდნენ მონაწილეობას. Bubble-მა მრავალი ცნობილი იაპონელი რეჟისორი, მხატვარი, კომპოზიტორი თუ გამხმოვანებელი გააერთიანა. მათ შორის შევხვდებით ტეცურო არაკის, Attack on Titan-ის რეჟისორს, რომელიც Death Note-ს შექმნაშიც მონაწილეობდა. Death Note-დან ასევე ვხვდებით ილუსტრატორ ტაკეში ობატასაც. ანიმეს მუსიკა კი კომპოზიტორი ჰიროუკი სავანოსგან იქნება. ამ უკანასკნელის შემოქმედება გამოყენებულია ისეთ ანიმეებში, როგორებიცაა – Legend Of Galactic Heroes, Promare და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა ჯერ მხოლოდ ანიმეს ერთწუთიანი მონაკვეთი ნახა, ანიმემოყვარულები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, რაზეც ინტერნეტსივრცეში არსებული უამრავი დადებითი შეფასება მეტყველებს.

სიუჟეტი ტოკიოში ვითარდება. მას შემდეგ, რაც საპნის ბუშტების წვიმა წამოვა და გრავიტაციის კანონები დაირღვევა, ქალაქი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდება. ტოკიო სათამაშო მოედანს ემსგავსება, რადგან გრავიტაციადაკარგულ სამყაროში ერთი შენობიდან მეორეზე გადახტომა პრობლემას აღარ წარმოადგენს.  ჰიბიკი მთავარი გმირია და სახიფათო თამაშის სტილით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი თამაშის დროს მოულოდნელად ისეთ ზღვაში ჩავარდება, რომელშიც გრავიტაციის არსებობა და არარსებობა ერთმანეთს ებრძვიან. მის სიცოცხლეს უტა, უცნაური ძალების მქონე გოგონა, გადაარჩენს. ამის შემდეგ ორივე გმირს იდუმალი ხმა ესმის, რომელიც მათ რაღაც მნიშვნელოვანისკენ მოუწოდებს.

სცენარისტი გენ ურობუჩი ანიმეს სიუჟეტზე შემდეგ მინიშნებას გვაძლევს – “შევეცადე, ტიპური ქალთევზას ისტორია გადამეკეთებინა: იმის მაგივრად, რომ გოგონა შეყვარების შემდეგ საპნის ბუშტად გადაქცეულიყო, რატომ არ შეგვექმნა ისტორია სადაც ყველაფერი პირიქით იქნებოდა? საპნის ბუშტი ადამიანი რომ გამხდარიყო…”

Netflix-ზე ანიმეს ყურება 2022 წლის 28 აპრილიდან გახდება შესაძლებელი.