ლი მილერი – უშიშარი ფოტოგრაფი მსოფლიო ომის შუაგულში

როგორც წესი, ისტორია გვიან აფასებს ხოლმე ეპოქის გამორჩეულ ხელოვანებს. გვიან დაფასებულ არაორდინალურ არტისტებს შორის ადგილს იკავებს ლი მილერი, რომლის კარიერა სავსე იყო პირადი თუ გლობალური დაბრკოლებებით, თუმცა მისი რეპუტაცია მაინც  ჩამორჩებოდა მის ხელოვნურ-ისტორიულ მნიშვნელობას – მანამ, სანამ მილერის შვილმა, რომელმაც დედის ფოტოგრაფიული კარიერის შესახებ არაფერი იცოდა, 80000-მდე ფოტო არ იპოვა სახლის სხვენში. ამის შედეგად, მილერის შემოქმედებისამდი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

ლი მილერი მე-20 საუკუნის ამერიკელი ფოტოგრაფი, სურეალისტი არტისტი და მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მისი ფოტოების პოვნამდე მხოლოდ სურეალისტი ხელოვანის, მენ რეის, საყვარლად იყო ცნობილი.

National Portrait Gallery

მილერს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა მისი ბედნიერება ტრავმამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც 7 წლის ასაკში ოჯახის მეგობარმა ლი გააუპატიურა. ინციდენტის შემდეგ იგი ქრონიკულ მკურნალობას იტარებდა ვენერიული დაავადების – გონორეის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იგი იძულებული იყო მამამისის ფოტოებისთვის შიშველს ეპოზიორა, რაც მისთვის არაკომფორტულ გარემოს ქმნიდა და ეს ფოტოებზეც აისახება.

მილერი საკუთარი თავის ძებნაში საბოლოოდ ჟურნალ ვოგის მოდელად ჩამოყალიბდა და 1927 წლის მარტის ამერიკული და ბრიტანული გამოცემების ყდაზეც დაიმკვიდრა თავი. ლი არაერთი ცნობილი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა, ვინაიდან მისი გამორჩეული და განსაკუთრებული სილამაზე ყველა არტისტს ხიბლავდა (პაბლო პიკასოს იგი ექვსჯერ ჰყავს დახატული) და მათ შორის იყო მენ რეიც, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარულად იქცა. სწორედ მენ რეიმ ასწავლა ლის ფოტოგრაფია და 1929 წელს ერთობლივად შექმნეს ახალი ტექნიკა, ე.წ. სოლარიზაცია, რომელიც ბნელი და ნათელი ადგილების მონაცვლეობას გულისხმობდა გამოსახულებებში.

Lee Miller & Man Ray

პარიზში ყოფნის პერიოდში მილერი ცნობილ ხელოვანებს ხვდებოდა და მათ საკუთარი ფოტოების მუზებად აქცევდა. მენ რეისთან დაშორების შემდეგ მილერი ბრუნდება ნიუ-იორკში, სადაც საკუთარი ფოტოგრაფიული სტუდია ჩამოაყალიბა და დაიწყო სურეალისტურ და პორტრეტულ ფოტოგრაფიაზე მუშაობა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლი მილერი გახდა ბრიტანული ვოგის კორესპონდენტი. 1943 წელს იგი აშშ-ს არმიის 83-ე დივიზიას მიჰყვება ფრონტის ხაზზე, რის შედეგადაც დღემდე მისი გადაღებული ფოტოები მე-2 მსოფლიო ომის ისტორიული კონტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლი იქცა პირველ ქალ ფოტოგრაფად მსოფლიო ომის შუაგულში. მილერის ფოტოებზე ასახულია პარიზის გათავისუფლება, საველე ჰოსპიტალები ნორმანდიაში, სენ-მალოს ბრძოლა და საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლება. მისი ფოტოები ჰოლოკოსტის სამხილებია. ბანაკების გათავისუფლების შემდეგ მილერი ჰიტლერის საცხოვრებელს სტუმრობს მიუნხენში და მისი თანმხლები ფოტოჟურნალისტი ჰიტლერის აბაზანაში ლის დაბანის პროცესს ასახავს ფოტოებზე.

 

1945 წელს მილერი აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს, რათა ფოტოგრაფიის საშუალებით დაგვანახოს გლობალური სიტუაცია მსოფლიო ომის შემდეგ.

Lee Miller in Hitler’s bathtub

დეპრესიის, ომის შედეგად პოსტ-ტრავმული მდგომარეობის, ალკოჰოლიზმისა და ბავშვობის ტრავმების მიუხედავად, მილერი სიკვდილის ბოლომდე აგრძელებდა საკუთარ სახლში ცნობილი არტისტების მიწვევასა და მათთვის ინტიმური ფოტოების გადაღებას.

ლი მილერი 1977 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. მისი ცხოვრება დღემდე განსაკუთრებულ კვალს აჩნევს თანამედროვე და პოსტმოდერნულ ფოტოგრაფიას  როგორც ტექნიკის, ისე ისტორიული კონტექსტის მხრივ.