ყველაფერი Beach House-სა და მათი ახალი ალბომის შესახებ

 

Photo Credits to: David Belisle

 კოსმოსური დუეტი, რომელიც ნოსტალგიას იწვევს-სწორედ ასე ახასიათებს მსმენელთა უმეტესობა ვიქტორია ლეგრანდისა და ალექს სკელის. ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და სულისშემძვრელი ჰანგებით განთქმული Beach House 18 თებერვალს მსმენელის წინაშე თავიანთი ახალი ალბომის ONCE TWICE MELODY ბოლო ნაწილით წარსდგება.

ONCE TWICE MELODY ერთგვარი ინოვაციაა: ვიქტორიამ და ალექსმა 18 ტრეკისგან შემდგარი ალბომი 4 ნაწილად დაყვეს. თითოეულ სიმღერას თან დართული აქვს ანიმაციები, რომლებზეც ასევე სხვადასხვა არტისტმა იმუშავა. საყურადღებოა ემოციებით აღსავსე ლირიკები, რომელშიც ვაწყდებით განშორების, გაუცხოებისა და მოგონებების თემატიკას. ოქროსფერითა და თეთრით გაჟღენთილი ალბომის გარეკანი კი, რომელზეც დუეტმა თავად იმუშავა, თავის მხრივაც ზღაპრულ იერს აძლევს ყოველივეს. თუმცა დუეტს მეორე – შავსა და ვერცხლისფერში გადაწყვეტილი ჩანახატიც ჰქონდა.

 

  Beach House დიდი ისტორიის მატარებელია. დუეტი მუსიკალური ინდუსტრიის ასპარეზზე 2004 წელს გამოჩნდა. მათ მსმენელს თავი თავიანთი პირველი ალბომით Beach House გააცნეს, რომელიც სკელის სარდაფში 2 დღის განმავლობაში იწერებოდა.

  რიგით მეორე ალბომი Devotion არტისტებისთვის ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა- ლეგრანდი აღნიშნავდა: „ჩვენ მას ერთგულება/Devotion უმიზეზოდ არ ვუწოდეთ, ვინაიდან ეს გახლდათ ისტორიისა და ჩვენი კავშირის ნაწილი. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს რაღაცას ერთად მივდევდით. ორი მეოცნებე, ერთად სიზმრების სამყაროში.” აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ალბომი კომერციულადაც დიდი წარმატების მომტანი იყო- მან ბილბორდ 200-ის სიაში დაიკავა ადგილი და გარდა ამისა, მიიქცია მეტი ყურადღება, რაც იმით გამოიხატა, რომ ვიქტორიას კოლაბორაცია შესთავაზა ბენდმა Grizzly Bears Twilight: New Moon-ის ცნობილი საუნდტრეკისთვის.

Devotion-ს მოჰყვა Teen Dream. მისი პროდიუსერი და საუნდინჟინერი კრის კოდია, რომელსაც ასევე უმუშავია ცნობილ ბენდებთან: Slowdive-სა და Yeah Yeah Yeah- სთან. ალბომში შეტანილ რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოზე კი პასუხისმეგებელი  The Masses გახლავთ, რომლის გუნდში ცნობილ მსახობისა და მუსილაკურ ვიდეოთა რეჟისორ ჰიტ ლეჯერს ვხვდებოდით. Devotion-მა კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა დუეტს, რის გამოც ეს ალბომი მოხვდა იმ 1001 ალბომის სიაში, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ ცოცხალი ხარ.

  წლების განმავლობაში მათ შემოქმედებას შეემატა სხვა ალბომებიც: Bloom (2012), Depression Cherry (2015), Thank You Lucky Stars (2015), B-sides and Rarities (2017), 7 (2018) და ზემოაღნიშნული Once Twice Melody.

  Depression Cherry კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დუეტისთვის. ამ ალბომში შემავალი სიმღერა „Space song” მათი ყველაზე მოსმენადი სიმღერა გახდა. თავად ალბომი და მისი სახელწოდება კი, დუეტის თქმით, ერთგვარი სიმბოლოა ორი ენერგიის ჭიდილისა: სიყვარული და ტკივილი, გაზრდა და გათავისუფლება, დანაკარგთან გამკლავება და პასუხისმგებლობა.

   Beach House -ს ძირითადად dream pop, indie pop, lo-fi, neo-psychedelia-სა და shoegazing-ის ჟანრებს. თუმცა, დუეტს დიდად არ სურს ჟანრობრივ ჩარჩოებში მოქცევა. მათთვის მუსიკის შექმნა და მასში მთელი ენერგიის, შესაძლებლობებისა და ემოციების ჩატევაა პრიორიტეტი. „მე და ალექსი ჩანაწერს ვასრულებთ მაშინ, როდესაც ორივე ვართ აზრზე- ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო და ახლა დროა, ეს ყველაფერი გავათავისუფლოთ“.

  აღსანიშნავია, რომ დუეტს 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს. „Forever Still“, რომელიც Pink Floyd’s Live at Pompei-ის ინსპირაციით შეიქმნა და  „Marin’s Dreams,“ რომელიც მათ 2021 წელს კომპანია Meow Wolf-თან კოლაბორაციით შექმნეს.

მათ შესახებ ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ Beach House-ს მუსიკის ინსპირაციით The Chainsmokers– მა შექმნეს სიმღერა  „ Beach House“ .

  დუეტი ახალი ალბომის წარდგენას მაყურებლისთვის დიდი ტურით აპირებს, რომელიც ალბომის დადებისთანავე, 18 თებერვალს პიტსბურგში დაიწყება.

   მაშასადამე,  ნათელია, რომ Beach House იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ დუეტი, ეს არის საწყისი რაღაც დიდისა და ემოციურის მთლიანად ხელოვნების ისტორიაში.