მუსიკა, რომელიც 90-იანი წლების თბილისს აფერადებდა – ჯგუფი “პრიზი”

90-იანების საქართველო უიმედობით იყო სავსე.  ხელოვნებისთვის აღარავის ეცალა. ქართველი მუსიკოსების უმრავლესობა წარმატებისა და აღიარების ძიებაში საზღვარგარეთ გაემგზავრა. საქართველოში დარჩენილი მუსიკოსები კი თავიანთი შემოქმედებით ცდილობდნენ გაეფერადებინათ ნაცრისფრად შეღებილი სამშობლო. მუსიკა ქართველი ახალგაზრდებისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო უშუქობითა და პოლიტიკური არეულობით გაუფერულებულ თბილისში.

„პრიზი“ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩამოაყალიბა ლევან ლომიძემ, თუმცა არც საბჭოთა საქართველო იყო ნათელი და მხიარული ფერებით სავსე.  კოლექტივს მიწისქვეშეთში უწევდა მოღვაწეობა. კარიერის დასაწყისში ისინი მძიმე მეტალის ჟანრში უკრავდნენ, მაგრამ 1992 წელს გამოცემული ალბომი „ღამის ქალაქი“ მელანქოლიურ სიმღერებს შეიცავს, რომლებშიც ნიუ ვეივისა და ბლუზის ელემენტები შეინიშნება. „ღამის ქალაქის“ ვინილის ფირფიტა ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა, ჯგუფმაც მალევე გაითქვა სახელი.

ალბომის გამოსვლისას საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, ხალხი იმედით იყო სავსე და ეს განწყობა სიმღერებშიც შეინიშნება, რომლებიც სითბოთი და დადებითი ემოციებითაა სავსე. 90-იანი წლების საქართველოში დაბრუნებისას ამ ეპოქის სტერეოტიპები გვიპყრობს და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ნაცრისფერ ქალაქში მცხოვრებმა მუსიკოსმა ცივი, სასოწარკვეთილი და უიმედობით გაჯერებული მუსიკის გარდა რაიმე სხვა შექმნას. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კოლექტივი სხვა სამყაროში ცხოვრობდა და მათგან შორს იყო სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემები. თუმცა თბილისის ქუჩებში გამეფებული ტერორითა და არეულობით გამოწვეულ განწყობას თავს ვერც არტისტები აღწევდნენ, ამიტომ „პრიზის“ სიმღერებში იმედისმომცემ  ემოციებს მელანქოლიურობაც ახლავს თან.

ალბომის მოსმენისას სიმღერიდან სიმღერამდე განწყობა იცვლება. ცალკეულ კომპოზიციებში ზოგჯერ მელანქოლია ჭარბობს, ზოგჯერ კი – სიყვარულით გამოწვეული აღფრთოვანება და ბედნიერება. კომპოზიციებში „დუმილის დრო“ და „ქალაქი ღამით“ უიმედო ქალაქში გაბატონებული სიპირქუშე ჭარბობს, თუმცა „მუდამ იქნები ჩემთან“ და „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ მსმენლის განწყობას ამაღლებს და იმ იატაკქვეშა სამყაროში გადავყვავრთ, სადაც „პრიზის“ წვრები პრობლემებსა და არეულობას გაექცნენ.

სიმღერების პოეტური მხარე მრავალფეროვანია. ალბომი უამრავ თემას ეხება, თუმცა თავის ნიშას არ კარგავს. ყველა სიმღერაში ლამაზ მელოდიას თან ახლავს დახვეწილი პოეზია. მხოლოდ ტექსტის მოსმენაც საკმარისია იმისთვის, რომ მსმენელი პრიზისეულ სმყაროში აღმოჩნდეს.

პოსტ-საბჭოთა თავისუფალ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიდეოკლიპები გიორგი ებრალიძემ სწორედ პრიზის სიმღერებზე გადაიღო. მათ შორის გამორჩეულია „დუმილის დრო“, მელოდიასა და ტექსტს ემატება დრამატურგიული სიზუსტით შერჩეული კადრები ვიდეოკლიპიდან და ეს კომპონენტები სასიამოვნო და დასამახსოვრებელ კომპოზიციას კრავს. გიორგი ებრალიძემ ტექსტსა და მუსიკაში გაჟღენთილი მელანქოლია გააცოცხლა და მსმენელი ახლა უკვე მაყურებელიც გახდა. პრიზისეულ სამყაროს საბოლოოდ მოეფინა ნათელი.

რეჟისორს არანაკლებ ოსტატურად გამოუვიდა სიმღერის „ღამის მონა, მონა ლიზა“ გაცოცხლება. ვიდეო-კლიპის ფაქტურა 80-იანი წლების უცხოურ როკ-ჯგუფებს გვაგონებს. მის ცენტრში გოგონაა, რომლის ყურებისას ალისია სილვერსტოუნის დაუვიწყარი დებიუტი წარმოგიდგებათ თვალწინ  Aerosmith-ის ლეგენდარულ ტრილოგიაში „Crying”, “Amazing” და “Crazy”.

ამრიგად, 90-იანი წლები, ყველაფრის მიუხედვად და ყველასათვის გასაკვირად, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული მუსიკისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მეინსტრიმს სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი და ამაში „პრიზს“ ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის.