ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – ლითოგრაფიული ნამუშევრებით გაცოცხლებული პარიზული ცხოვრების დინამიზმი

მე-19 საუკუნე ხელოვნების ისტორიაში რევოლუციური ხანაა, როდესაც არტისტებმა უგულებელყვეს სამხატვრო აკადემიების მკაცრი ტრადიციები და თავიანთი შინაგანი განწყობისა თუ ინდივიდუალურობის გამოვლენა ახლებური მხატვრული საშულებებით დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში წარმოიქმნა იმპრესიონიზმი, ხოლო შემდეგ კი პოსტ-იმპრესიონიზმი, რომელმაც ისტორიული და მითოლოგიური ნარატივებით დატვირთული ნახატები მშვენიერებისკენ და დინამიზმისკენ სწრაფვით ჩაანაცვლა. ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი გახლავთ, რომელიც საინტერესო ლითოგრაფიული ნამუშევრებით პარიზული ურბანული ცხოვრების დინამიკურობას ასახავდა.

ანრი დე ტულუზ-ლორეკი მოღვაწეობდა ეპოქაში, რომელსაც საფრანგეთის ცხოვრებაში მოიხსენიებენ, როგორც «La Belle Epoque » (ლამაზი ეპოქა). აღნიშნული პერიოდი ხასიათდებოდა ოპტიმიზმით, ეკონომიკური აღმავლობითა და კულტურული ინოვაციებით, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ფრანგული ქალაქები და საზოგადოება. სწორედ ამ ეპოქის დინამიკურობასა და ფრანგულ ქალაქებში არსებულ სიცოცხლის მოლივლივე ნაპერწკალს გადმოსცემდა ლოტრეკი თავის ლითოგრაფიებში, რომელთაგან საინტერესო ნამუშევარია „Moulin Rouge: La Goulue“. ნამუშევარი თანამედროვე გრაფიკული დიზაინით შექმნილი პოსტერების წინამორბედია. მისი ნახვისას მაშინვე ყურადღებას იქცევს ცენტრში მდგარი ახალგაზრდა ქალის ფიგურა, რომელიც თავისი სამოსის მკვეთრი ფერებითა და მოძრაობის დინამიზმით რადიკალურ კონტრასტს ქმნის წინ მდგარ, კუშტი გამომატყველების მქონე მამაკაცთან. თითქოს, იგი გამოხატავს თავის გულგრილ დამოკიდებულებას ქალისადმი, რომელიც საკუთარ სილაღესა და  თავისუფლებას ექსპრესიული მოძრაობებით ავლენს. აღნიშნული „პოსტერით“ ლოტრეკმა დაგვანახა პარიზული ცხოვრების კონტრასტულობა. ერთი მხრივ, მოცეკვავე ქალის სილაღე და მისი მშვენიერება არის წარმოდგენილი, რომელიც სიმბოლურად პარიზის კულტურულ რევოლუციას ასახავს, ხოლო, მეორე მხრივ, კი ინდიფერენტულ, შავ ლაქებად გამოსახულ არისტოკრატ მამაკაცს, რომელიც აბსოლუტურად გულგრილია ამ სანახაობისადმი.

Image Source: TheArtStory.org

ლოტრეკი პარიზული ქუჩების დინამიზმს მხოლოდ ცეკვითა და ექსპრესიული მოძრაობებით არ გამოხატავდა. იგი აღნიშნული იდეის გადმოსაცემად სოციუმის მარგინალიზებულ წევრებსაც ასახავდა, რაშიც ხელს თავისი თანდაყოლილი დაავადებაც უწყობდა. მწვავმა დაავადებამ მისი ძვლების ზრდისა და განვითარების შეფერხება გამოიწვია. ამიტომ, ფიზიკური დეფექტის გამო თავადვე მუდამ გარიყულობის გრძნობით აღსავსე, მარტივად პოულობდა საერთოს პარიზის მოსახლეობის ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც მარგინალიზებულნი იყვნენ „არისტოკრატული“ წრეებისგან.

ერთ-ერთი ლითოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც პარიზის საზოგადოებიდან გარიყულ ადამიანს გამოხატავს, არის « Femme en Corset » (ქალი კორსეტში), რომლის  პროტაგონისტი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია. აღნიშნულ ნამუშევარში მთელი სიცხადით არის წარმოჩენილი პარიზული ცხოვრების ინტენსივობა და მრავალფეროვნება, რომელიც აროსტოკრატული წვეულებებიდან და საბალეტო კონცერტებიდან ბორდელებში იცვლება. ნამუშევარი იმიტომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ცხადად იგრძნობდა მხატვრის ემპათიური დამოკიდებულება წარმოდგენილი ქალისადმი. ამავდროულად, ლოტრეკი მკვეთრი კონტრასტის მეშვეობით თვალსაჩინოდ გამოკვეთს სოციალურ განსხვავებებს, რაც არსებობდა იმდროინდელ პარიზულ საზოგადოებაში: სკამზე დამჯდარი მამაკაცი და ფეხზე მდგარი ქალი; არისტოკრატული ჩაცმულობა და ტანსაცმლის გახდის პროცესი. ეს კონტრასტულობა სიმბოლურად გამოკვეთს პარიზული ცხოვრების დინამიზმსა და მის მრავალფეროვნებას, რის გამოც ლოტრეკის ლითოგრაფიული ნამუშევრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

Image Source: TheArtStory.org

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა თავისი ორიგინალური, თანაგრძნობით აღსავსე და ექსპრესიული ნამუშევრებით პარიზული ურბანული ცხოვრების დინამიზმი აღწერა. მან „ლამაზი ეპოქის“ გამოხატვა კონტრასტული სიუჟეტებისა და საზოგადოების მარგინალიზებული წევრების წარმოჩენით შეძლო. ხელოვანის ნამუშევრების მეშვეობით  მე-19 საუკუნის საფრანგეთის სოციალური რეალობის დეტალური რეკონტრუქცია შეგვიძლია.