ლევან ცუცქირიძის მონუმენტური ქმნილებების ძალმოსილება

ლევან ცუცქირიძე ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამასთან, უნიკალური სტილის მქონე ფერწერის ოსტატია.  მხატვარობასთან ერთად ის იყო პედაგოგიც და საოცარი გრაფიკოსიც. მისი თითოეული ნამუშევარი სინაზით, სინატიფით, ესთეტიკურობითა და ემოციურობით არის განსმჭვალული. ეს კი ნახატებს განსაკუთრებულ საზრისს ანიჭებს და უფრო საინტერესოს ხდის მნახველის თვალში.

ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები ინსპირირებულია მუსიკის რიტმითა და ლიტერატურული ნამუშევრებით. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში მან ისეთი უდიდესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების ილუსტრაციები შექმნა, როგორებიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, გოეთეს „ფაუსტი“ და სხვა. ყველაზე მეტად კი მის ყურადღებას ვაჟა-ფშაველას საოცარი პოეზია იპყრობდა. სტუდენტობის პერიოდში ლევან ცუცქირიძე მეგობრებთან ერთად საათობით კითხულობდა ვაჟა-ფშაველას პოემებს. შემდგომ, მოგზაურობდა ბუნებაში, რათა მისი  დიადი ძალა შეესწავლა. ამ გამოცდილებას საკუთარ ნამუშევრებშიც იყენებდა. ბუნების შეცნობისკენ სწრაფვის მეშვეობით ლევან ცუცქირიძეს შეეძლო, რომ ჩასწვდომოდა იმ მოტივებსა და რიტმს, რომლითაც განსმჭვალული იყო თავად ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. სწორედ მხატვრის განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ლიტერატურული ნამუშევრებისადმი ჩამოაყალიბა მისი უნიკალური და შემოქმედებითი ენა, რაც მხატვრის თითოეულ ნამუშევარში მკვეთრად იგრძნობა.

ლევან ცუცქირიძეს აინტერესებდა პოეზიის აბსტრაქტული, მოუხელთებელი ასპექტები, რომელთა გადმოცემაც უბრალო სიტყვებით, ფიგურებით ან სხვა ნებისმიერი ხელშესახები საშუალებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ იდეის გადმოსაცემად მხატვარი ნამუშევრებში საინტერესო ფიგურებს წარმოაჩენს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული პლასტიკურობითა და მონუმენტურობით. ნამუშევრებში წარმოდგენილი პროტაგონისტების ფიგურული მოხაზულობა საკმაოდ მარტივია, რაც სიბრტყვის განცდას წარმოქმნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი მელოდიური სხეულის მოძრაობის, ძლიერი სხეულის ენისა, და საოცრად ექსპრესიული სახის გამომეტყველების გამო ნამუშევრებში წარდგენილ პერსონაჟებს დინამიზმი ახასიათებთ, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მათ. რაც ყველაზე საინტერესოა, მისი თითოეული პროტაგონისტი, განსხვავებულ ტილოზე შექმნილი, თითქოს მხატვრის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სპირიტუალური სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

ლევან ცუცქირიძემ სწორედ ამ ხერხებით მოახერხა, რომ ნამდვილად უნიკალური და თანამედროვე არტისტული ენა შეექმნა, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაში იქნებოდა დროსა და სივრცესთან. მისი ნამუშევრები ერთდროულად ცხადყოფს მხატვრის  შუასაუკუნეების აკადემიურ პრინციპებისა და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ცოდნას. სწორედ ლევან ცუცქირიძის ტექნიკამ და ცოდნამ შეუწყო ხელი მისი „დეფორმაციის ხელოვნების“ ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც მხატვარმა სამყაროს საკუთარი უნიკალური ხედვა გაუზიარა. მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით ლევან ცუცქირიძე საინტერესოდ წარმოაჩენს თითოეული ნაწარმოების სულისკვეთებასა და განცდებს, რომელთა შეგრძნობაც უფრო გვაახლოებს ლიტერატურულ ქმნილებებთან.

ქართველი მოქანდაკე, ელგუჯა ამაშუკელი, მონუმენტურობას მეექვსე გრძნობად მიიჩნევდა. ამ შემთხვევაშიც, ლევან ცუცქირიძე თითოეულ ნამუშევარში გვევლინება, როგორც სკულპტორი, რომელიც პლასტიკურობითა და საოცარი მოქნილობით გამოკვეთს თითოეული პერსონაჟის ფიგურას. წარმოდგენილი ფიგურები, მათი სიბრტყის მიუხედავად, თითქოს, სივრცეში მოძრაობენ, რისი მეშვეობითაც სრულიად ინთქმებიან მოძრაობის შესაძლებლობათა უსასრულობაში.