ნათელა სვანიძე – ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერი

პირველი ექსპერიმენტები ქართულ  ელექტრონულ მუსიკაში გასული საუკუნის 70-იან  – 80-იან წლებში დაიწყო. როგორც დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, ამ მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე  კომპოზიტორი მოღვაწეობდა, მათ შორის გახლდათ ქალბატონი ნათელა სვანიძე. როდესაც ვამაყობთ თანამედროვე  ქართველი არტისტების შემოქმედებით, მნიშვნელოვანია გადავხედოთ წარსულ გამოცდილებას. სწორედ იმიტომ, რომ ეს გამოცდილება საკმაოდ მწირია, აუცილებელია იმ ავტორების შემოქმედების შესწავლა და გააზრება, რომლებმაც ქართული ელექტრონული მუსიკის ისტორია დაიწყეს.

 

Photo credits to ces records

ნათელა სვანიძე საბჭოთა საქართველოში მოღვაწეობდა.  მისი შემოქმედების  მეტამორფოზას ხშირად ვარშავაში მოგზაურობას უკავშირებენ, სადაც მან აითვისა ის ახალი ხედვები, რომლებიც მისი ახალი შემოქმედების ინსპირაცია გახდა. იგი, ამბობდა: „სამოციან წლებში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, ეს რომანტიკული ფორმა აღარ მაკმაყოფილებდა და მზად ვიყავი სიახლის მისაღებად, თუმცა მაშინ ჩემს ქვეყანაში ყველა ამისთვის მზად არ იყო. ძალიან ვენდობი განვითარების ტემპს, არ შეიძლება გაჩერდე. შიში მაქვს ჩამოვრჩე თანამედროვეობას, არ გავიყინო“.  ქალბატონი ნათელა საკმაოდ პრინციპული გახლდათ, მან პოპულარულ კარიერას სხვა სახის განვითარება ამჯობინა. მისი ეს დამოკიდებულება თავად ნათელა სვანიძის სიტყვებშიც კარგად ჩანს: „იმის საფასურად, რომ ვყოფილიყავი წარმატებული, ცნობილი და ფულიანი, არ მიღალატია ჩემი პრინციპებისთვის, არ წავსულვარ არანაირ კომპრომისზე და არასდროს მითქვამს უარი ხელოვნებაში ჩემი შინაგანი სიმართლის განხორციელებაზე, მსმენელისთვის არასდროს შემითავაზებია ყალბი მონეტა ე.ი. დავწერე ის, რაც არ შეიძლებოდა არ დაწერილიყო..“.

Photo credits to ces records

მისი მოსწავლეები, რომლებიც დღესაც აცოცხლებენ ნათელას შემოქმედებას, ხშირად იხსენებენ, რომ ქალბატონ ნათელას გააზრებული ჰქონდა, რომ მისმა ნაწარმოებებმა დროს გაუსწრო, ფიქრობდა, რომ წლების შემდეგ გაიაზრებდნენ და დააფასებდნენ მათ.

ბოლო წლებია  ამ შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ გააცოცხლონ ნათელა სვანიძის მოღვაწეობა. ერთ-ერთი პროექტი გახლავთ ელექტრონული წიგნი ნათელა სვანიძის შემქომედების შესახებ, რომლის ავტორია ეკა ჭაბაშვილი.  ეს პროექტი მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს გაეცნოს ნათელა სვანიძის არამარტო კომპოზიციებს, არამედ მის სწავლების მეთოდებსა და ნააზრევს.

2020 წლის სექტემბერში Ces Records – მა კომპოზიციური ალბომი, „ნათელა,“ გამოსცა, რომელიც ნათელა სვანიძის მოღვაწეობას ეძღვნება. ეს მისი შემქომედების გაცნობის მცდელობაა შედარებით ფართო აუდიტორიისთვის. მაშინ, როდესაც ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე ვსაუბრობთ და ძირითადად 90-იანი წლებიდან ვიწყებთ მისი ისტორიის გახსენებას, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ის პიონერები, რომლებაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის საზღვრებში შექმნეს ისეთი მუსიკა, რომელმაც დროს გაუსწრო.

Photo credits to ces records