ღმერთი, რომელიც როზმარი ვუდჰაუსის საშვილოსნოში მოკვდა

1969 წლის 8 აგვისტო ცხელი გამოდგა. კალიფორნიის პოლიციამ ორიოდე დღით ადრე დააკავა ბობი ბოსოლეი, რომელიც მართავდა დაღუპული მუსიკის მასწავლებლის, გერი ჰინმანის მანქანას — მანქანის ბორბალში სწორედ მისი მკვლელობის იარაღი უპოვეს. გერი ჰინმანის სახლში მისივე სისხლით წაეწერათ „პოლიტიკური ღორი“.

1968 წელს კინოთეატრებში რომან პოლანსკის „როზმარის შვილი“ გამოვიდა კიდევ სამ ფილმთან ერთად, რომლებიც აგრეთვე თავისებურად ხსნიდნენ კაცობრიობის მხეცურ საწყისებსა და ეპოქისათვის სახასიათო დაცემას: რომეროს „ცოცხალი მკვდრების ღამე“, შაფნერის „მაიმუნების პლანეტა“ და კუბრიკის „2001: კოსმოსური ოდისეა“.

„როზმარის შვილი“ ახალგაზრდა ცოლ-ქმარ გაი და როზმარი ვუდჰაუსებზეა, რომლებიც მანჰეტენზე, ალქაჯობის საეჭვო რეპუტაციის მქონე სახლში გადადიან. ზემოთ ნახსენები სამი ფილმისგან განსხვავებით, პოლანსკის ნამუშევარი უფრო მასშტაბურ სცენაზე ვითარდება, ვინაიდან თითქმის არ სცდება წყვილის საცხოვრებელს. ხოლო მარტივი, იმდროინდელი საპნის ოპერების მსგავსი დასაწყისი კომედიის მოლოდინს ქმნის, თანაც – იდუმალებით მოცულის, რადგან ერთ დღესაც წყვილს მეზობლებისგან გამოსული რიტუალური ხმები მოესმებათ, მომდევნო დღეს კი ეს მეზობლები გაეცნობიან.

ლეგენდარული შენობა „დაკოტა“, რომელიც ფილმში ვუდჰაუსების ახალ მრავალბინიან სახლს, „ბრემფორდს“ ასახიერებს და რომლის ზღურბლზეც 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს. Photo Credits to Paramounts Pictures.

სამეზობლო ყოველთვის დიდ ყურადღებას საჭიროებს, რაშიც ბობი ბოსოლეის შემთხვევაც გვარწმუნებს: მისი დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ მისმა მეგობრებმა ლენო ლაბიანკას, სუპერმარკეტის ხელმძღვანელის, ოჯახი ამოხოცეს, რადგან ისინი ცხოვრობდნენ სახლში, რომლის მეზობლადაც ერთი წლის წინ მათ წვეულება ჰქონდათ.

მართლაც, ნუთუ შემთხვევითია, რომ ფილმის ლიტერატურული პირველწყარო შთაგონებულია ჟურნალ “Times”-ის 1966 წლის 8 აპრილის გამოცემის გარეკანით, რომელსაც ეწერა: “ღმერთი მოკვდა?”

“Times”-ის ამ სერიის გამოჩენამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს სცენა 1966 წელს ვითარდება, ხოლო მის მეშვეობით მარტივი გამოსათვლელია ისიც, რომ ფილმისა და როზმარისათვის გადამწყვეტი მომენტი ივნისს, 06.66-ს უნდა დაემთხვეს.

მინი და რომან კასტევეტები ვუდჰაუსებისთვის ნამდვილად მომაბეზრებელი მეზობლები აღმოჩნდნენ.

წიგნის „როზმარის შვილი“ ავტორი, აირა ლევინი, ამბობს, რომ არც სახელი „როზმარია“ შემთხვევითი: მას სურდა, წიგნში თავდაყირა დაეყენებინა მარიამ ღვთისმშობლის ისტორია (Rose-mary). თანაც, როზმარინი, რომელსაც მთავარი პერსონაჟის სახელი გვაგონებს, უბიწოებამდე კეთილსურნელოვანია.

როზმარი ვუდჰაუსის დახასიათებისას ფილმი მის ბავშვობას ორიოდე სცენით ეხება. გოგონა ჭეშმარიტ ამერიკელ ქალად, მკაცრ კათოლიკურ გარემოში იზრდებოდა. ეს სუფთა ჰაერივით საჭიროს ხდის პასუხს შეკითხვაზე, არის თუ არა მისი ან, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის ოცნება ჭეშმარიტი, თავისუფალი? თუ ნაკარნახევია ცხოვრებით, რომლისგანაც ოცნებისათვის ხორცშესხმით სწყურია განთავისუფლება?

მთავარი როლის შემსრულებელიც, მია ფეროუ, იმ დროისათვის გამოუცდელი მსახიობი გახლდათ, რომლის ნიჭისა და წარმატებისაც პირველ მეუღლეს, ფრენკ სინატრას, არ სჯეროდა. გოგონას ზემიწიერებამ, სიმინდით გამოზრდილმა უბიწოებამ და უხამხამო ცისფერმა თვალებმა კი პერსონაჟის შინაგანი სამყარო დაიპყრო და მაყურებლის თანაგრძნობა და პატივისცემა დაიმსახურა.

მია ფეროუ როზმარი ვუდჰაუსის როლში

გაი ვუდჰაუსი კი არც ისე წარმატებული, რადიოსა და ტელევიზიაში მომუშავე მსახიობია, რომელსაც ცხოვრებისგან მეტი უნდა.

მეტის სურვილი ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს. მაგალითად, ის, რადაც სპანის რანჩოზე განლაგებული კომუნის ლიდერი, ჩარლზ მენსონი, იქცა, მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ მუსიკოსის წარმატებული კარიერის მოლოდინი ვერ გაიმართლა. არადა, მას ჩაწერას ჰპირდებოდა ტერი მელჩერი, ლოს-ანჯელესში, 10050 სიელო დრაივზე მცხოვრები პროდიუსერი.

სპანის რანჩო, რომელშიც „მენსონის ოჯახი“ ცხოვრობდა. Photo Credits to Lamag.com

მენსონი თავს ღმერთსა და დემონს უწოდებდა. დამსხვრეული ოცნების გამო მან შურისძიება გადაწყვიტა და თავის დამქაშს, ტექს უოტსონს 10050 სიელო დრაივზე ყველას განადგურება უბრძანა.

მისგან განსხვავებით, გაი ვუდჰაუსმა მეზობლებისგან თავაზიანობის ნიშნად სანატრელი როლი მიიღო, როდესაც მისი კონკურენტი მოულოდნელად დაბრმავდა.

მკითხველს, ალბათ, ამბიციური გაის მიმართ ანტიპათია გაუჩნდებოდა. მასზე უარყოფითი პერსონაჟი მართლაც რთულად მოინახება კინემატოგრაფიასა და ლიტერატურაშიც. იგი ინფანტილური და ჭირვეულიცაა, რითაც ყოველთვის ახერხებს, გულისხმიერი როზმარი თავის სურვილებითა და გადაწყვეტილებებით აცხოვროს, ხოლო მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მეზობლების მოწოდებული დესერტის შემდეგ (გოგონამ ისიც ქმრის ხათრით ჭამა) გონწასულ როზმარისთან სექსით კავდება (მაშინ ოჯახური ძალადობა კანონით იყო ნებადართული).

ფილმის რეალობასთან პარალელები იმით იწყება, რომ მია ფეროუმ ცხოვრებაშიც გადაიტანა ძალადობა: მესამე მეუღლეს, ვუდი ალენს, თავისი ქალიშვილის ინტიმური ფოტოები აღმოუჩინა, შემდგომ კი მათ მიერ ნაშვილები არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაც დააბრალა.

საკმაოდ რთულია, უსასრულო, დამაჩლუნგებელი იდილიური ცხოვრების მიღმა ყრუდ მფეთქავი მუქარა და შფოთვა გაარჩიო, დარწმუნდე მის რეალურობაში და არ შეიშალო პარანოიით, შეებრძოლო მათ და გაღმა ნაპირისკენ გაცურო. ქვემოთ მოცემული სცენა, ალბათ, საუკეთესოა მთელ ფილმში, რადგან მასში სრულად აისახება ეს მდგომარეობა და როზმარის ცხოვრება, ოცნებას რომ ხედავს, მაგრამ მის მიუწვდომლობას ვერ ამჩნევს.

საგულისხმოა, რომ როზმარი ამ კადრშიც საწოლზეა და თოჯინასავითაა გამოწყობილი.

სულის შემხუთველი, თავს მოხვეული, გულისამრევი ყოფა მას მაშინაც არ ტოვებს, როცა ოცნებისკენ მიისწრაფვის, როცა ქალთა დიდი ნაწილი ზრუნვას საჭიროებს და მოითხოვს. იგი გრძნობს, როგორ კარგავს პიროვნულობას, როგორ ხდება გარემომცველი იდილია მოჩვენებითი. მას სრული უმწეობა იპყრობს, მისი ისტორია კულმინაციას აღწევს, ზმანებებში გამოძერწილ ყველაზე სანუკვარ პერიოდს იმაზე ათკეცი ჯოჯოხეთურობით განიცდის, ვიდრე განვლილ ცხოვრებას საერთოდ…

აირა ლევინმა თქვა, რომ საშინელება საშინელების მოლოდინია.

მენსონის დამქაშებმა 1969 წლის 8-9 აგვისტოს ღამით 5 ადამიანი მოკლეს 10050 სიელო დრაივზე, სადაც მაშინ რომან პოლანსკი და მისი რვათვე-ნახევრის ფეხმძიმე მეუღლე, შერონ ტეიტი ცხოვრობდნენ. შერონ ტეიტისგან განსხვავებით, დაღუპულ ხუთეულს შორის მისი მეუღლე არ აღმოჩნდა, რადგან იმ დროს ევროპაში იყო და ფილმს იღებდა.

ჩარლზ მენსონმა თქვა, დატოვეთ რამე გრძნეული ნიშანიო და მათაც შერონის სისხლით დაწერეს „ღორი“, რათა მათი კომუნის წევრის, ბობი ბოსოლეის დაპატიმრებისათვის პროტესტი გამოეთქვათ.

ჩარლიმ ვერ მოიწონა თავისი „ოჯახის“ ჩადენილი მკვლელობები და მასტერკლასის საჩვენებლად 10 აგვისტოს ლაბიანკას სახლში წაიყვანა. ლენო ლაბიანკას ცოლს როზმარი ერქვა და იგი ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას თავდამსხმელებს.

როზმარი ვუდჰაუსი მარტივად ნებდება მეუღლესაც, მეზობლებსაც, საეჭვო ექიმსაც, რის გამოც საშინელებას მოელის, მაგრამ ვერ ამჩნევს თავად საშინელების მოლოდინს.

მან მეუღლის მხრიდან ძალადობის ღამეს ნახა კოშმარი, რომელშიც მეზობლების თანდასწრებით რიტუალურად აუპატიურებდა ქერცლიანი არსება. შემდეგ, როდესაც ახდენილი ოცნების პირისპირ აღმოჩნდა, ყვითელ, ქვეწარმავალივით გუგების მქონე თვალებში ჩახედა და იყვირა: „რა უქენით მის თვალებს?“ – რაზეც უპასუხეს, რომ: „მას მამამისის თვალები აქვს“.

რომან პოლანსკიმ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ფემინისტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ასახა, თუ როგორია ქალის ცხოვრება იქ, სადაც ღმერთი მოკვდა, მაგრამ ერთხელაც არ წამოუწყია ფემინისტური იდეოლოგიის პოლემიკა. იგი გადაურჩა ჩარლზ მენსონს, მაგრამ 1978 წელს მალჰოლანდ-დრაივზე, ჯეკ ნიკოლსონის სახლში, 13 წლის გოგოზე იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა. 2018 წელს კი მოძრაობა #MeToo-ს უწოდა “სიგიჟე, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად იტაცებს ხოლმე”.

პოლანსკის ოჯახისა და 60-იანების ეს სოციალურ-კულტურული ტრაგედია კვენტინ ტარანტინოს ფილმშიც, „ერთხელ… ჰოლივუდში“ აისახა. მასში შერონ ტეიტი მარგო რობიმ განასახიერა. ძველი, ტკბილი დროების მოგონების გარდა, ნებივრობის ფონზე აქაც ყრუ შფოთვა ფეთქავს და როცა ქალ პერსონაჟს, განსაკუთრებით კი შერონ ტეიტს ვხედავთ, სული გვეხუთება, შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ კისერზე ყულფი უკეთიათ (შერონის ნაყოფი მოხრჩობისგან გარდაიცვალა).

ბრედ პიტის პერსონაჟმა გადაარჩინა შერონი და მისი მეგობრები მენსონისგან, ხოლო ტრადიციული კულტურისა და 60-იანების კონტრკულტურის დაპირისპირება ფილმშიც ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც სინამდვილეში.

საინტერესოა, „როზმარის შვილის“ ერთ-ერთ მოტივს – ყველაფრის თავი და თავი ისევ ჩვენ რომ ვართ – რეჟისორი სხვაგვარად თუ გადმოსცემდა და როზმარი შეამჩნევდა, როგორ გაყიდა ქმარმა მისი სხეული (ფაუსტივით, რომელმაც მეფისტოფელს საკუთარი სული მიჰყიდა) ბროდვეიზე დიდებისთვის, გაიკეთებდა თუ არა იგი აბორტს და რის მანიშნებელი იქნებოდა ეს?