ესპანეთს 2022 წლის ევროვიზიაზე შანელ ტერერო წარადგენს

ესპანეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში, Benidorm Fest 2022 – ში  შანელ ტერერომ გაიმარჯვა, სიმღერა SloMo ჟიურის შეფასებით პირველ ადგილზე გავიდა. დანარჩენ ორ კომპონენტში დაკავებული მეორე და მესამე ადგილებით, საბოლოო ჯამში, შანელ ტერერომ 96 ქულით მოახერხა გამარჯვება.

შანელ ტერერო კუბელ-ესპანელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობია. ბავშვობიდანვე სწავლობდა ცეკვას, რითმულ ტანვარჯიშსა და სიმღერას. ასევე მონაწილეობდა ისეთი მიუზიკლების ესპანურ ადაპტაციებში როგორიცაა Mamma Mia! და The Lion King. შანელის სიმღერაზე მომუშავე ჯგუფს მანამდე უმუშავია სხვადასხვა პოპულარულ არტისტებთან, მაგალითად მადონასთან, ბრიტნი სპირსთან და ნიკი მინაჟთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათმა დაწერილმა სიმღერამ კონკურსში ჩართვისთანავე მოიპოვა მაყურებლების სიყვარული.

Benidorm Fest 2022 – ში 14 არტისტი მონაწილეობდა. 26-27 იანვარს გაიმართა ნახევარფინალები, ხოლო 29 იანვარს – ფინალი. სამივე კონცერტი ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გაიმართა. გამარჯვებული სამი კომპონენტის საფუძველზე გამოვლინდა: პროფესიონალი ჟიურის შეფასება, ხალხისგან არჩეული ჟიურის შეფასება და ტელემაყურებლების ხმები.

ესპანეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 1961 წლიდან მონაწილეობს და ორჯერ მოახერხა გამარჯვება 1968 და 1969 წლებში. ესპანეთის წარმომადგენელი თავის სიმღერას, როგორც დიდი ხუთეულის წევრი ქვეყანა, პირდაპირ ფინალში 14 მაისს შეასრულებს.

 

არტისტის ოფიციალური გვერდი Instagram – ზე:

https://www.instagram.com/chanelterrero/