მონოლოგი, როგორც დიალოგის საუკეთესო ფორმა

პედრო ალმოდოვარის 2002 წელს გადაღებული “ელაპარაკე მას” (“talk to her”) რეჟისორის უფრო ადრეულ ფილმებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი და ექსტრავაგანტულია, თუმცა მისი ხელწერა არსად ქრება. ეფექტური ვიზუალი, თავგადასავალი, რომელიც თან ახლავს პერსონაჟთა მიერ საკუთარი იდენტობის ძიებას, მღელვარება, რომელსაც ალმოდოვარი თავის ერთგულ მაყურებელში იწვევს და, რაც მთავარია, თეატრალურობა, ჯერ კიდევ ადგილზეა. თავად რეჟისორი კრიტიკოსებს გამოეხმაურა და აღიარა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მას მუზები გაექცნენ და იუმორიც სადღაც დაკარგა, თუმცა “talk to her” რომ მუზის გარეშე შეიქმნა, ეს ფაქტი ნამდვილად დაუჯერებელია.

ფილმი იწყება სცენით, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი, მარკო თეატრალური წარმოდგენის ყურებისას ტირის. მის გვერდით აუდიტორიაში კი მეორე პერსონაჟი – ბენინო აღმოჩნდება, თუმცა ისინი ერთმანეთს ჯერ არ იცნობენ. სცენაზე ქალი დახუჭული თვალებით, გაბრუებული და დაბრმავებული, ერთი კუთხიდან მეორეს აწყდება. იქვე მამაკაცი ჩნდება, რომელიც ქალს გზად შეხვედრილ სკამებს აშორებს. პირველივე სცენაში გაჩენილი ცრემლები იმ ემპათიის სიმბოლოა, რომელსაც ფილმის სიუჟეტის მიმდინარეობისას ზემოხსენებული ორი მამაკაცი კიდევ არაერთხელ გამოიჩენს ქალების მიმართ.

ალმოდოვარის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თანაც ეს საკითხი უკვე ყველა კინომიყვარულისთვის კარგად ნაცნობია., ამიტომ ფილმის უჩვეულობის ხაზგასმა უფრო ნაყოფიერი იქნება.

მარკო და ბენინო ორ ქალს უვლიან, ორივე მათგანი კომაშია, ამიტომ ფილმში უხვად ვხვდებით ამ ორი პერსონაჟის მონოლოგებს. ამ მონოლოგებს ერთადერთი, მდუმარე მსმენელი ჰყავს – კომაში ჩავარდნილი ქალი. ბენინოსა და მარკოს მიერ ნათქვამი სიტყვები კი ბევრად უფრო მკაფიოა და დიდ მნიშვნელობას იტევს, ვიდრე ეს დიალოგების შემთხვევაში ხდება ხოლმე. რადგან აღნიშნული დიალოგების ავტორები მამაკაცები არიან, ფილმის ფოკუსი სწორედ მათზეა, რაც ალმოდოვარის ფილმებისთვის ნაკლებად დამახასიათებელია.

პედრო ალმოდოვარის შემოქმედებას ხშირად “ქალების კინოს” უწოდებენ. ფილმები “all about my mother” და “high heels” ამ წოდებას ნამდვილად ამართლებს. თავად რეჟისორი კი ამ ფაქტს ასე ხსნის: “ მგონია, რომ ქალების მეშვეობით უფრო მდიდარი და საინტერესო ამბების მოყოლა შემიძლია”. თუმცა “talk to her” ამ მხრივ გამონაკლისია, მასში მამაკაც პერსონაჟთა განცდები და გამოცდილება წინა პლანზეა წამოწეული. მათ რეჟისორი უფრო ძლიერ და სიღრმისეულ როლებს აძლევს. ამ სტანდარტს იგი 2009 წლის ფილმშიც მიმართავს – “broken embraces”.

ამრიგად, ფილმში გამოყენებული მონოლოგები მამაკაც პერსონაჟთა ემოციური მხრისა და მათი პიროვნების სიღრმის გამოხატვის საშუალებაა. ალმოდოვარი ცდილობს, რომ მამკაცი მაყურებელს დაანახოს არა როგორც პატრიარქალური სიმბოლო, არამედ  როგორც სრულყოფილი ადამიანი მრავალფეროვანი სულიერი სამყაროთი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალი პერსონაჟები ფილმებში “talk to her” და „broken embraces” თავიანთ ძალასა და წონას არ კარგავენ.