ლანა ჯოხაძის ზერეალური სამყარო

ტერმინი სიურრეალიზმი ფრანგულ ენაზე სიტყვასიტყვით “ზერეალობას” ნიშნავს და გიომ აპოლინერს ეკუთვნის. ამ ინტერვიუთი ვეცდებით ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინერი  ლანა ჯოხაძე და მისი სწორედაც რომ ზერეალური სამყარო გაგაცნოთ.

დატოვე სამსახური ბანკში  და გრაფიკული დიზაინის სწავლა დაიწყე, როგორ მოხდა ასეთი მკვეთრი გარდატეხა და რამ გამოიწვია?

პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტი ვარ და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ ბანკში დავიწყე მუშაობა.  თავიდან ჩემთვის ეს საქმე და სამსახური ძალიან საინტერესო იყო, სამი წელი გავატარე ბანკში. იქ მუშაობისას სულ მეუბნებოდნენ ხოლმე, შენ ბანკში რა გინდაო, მაშინ ამას ვერ ვიგებდი და ცოტა მწყინდა კიდეც.  ბოლოს თავად მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ამ პროფესიისთვის მიმეძღვნა ჩემი წლები, აღარ მომწონდა და სიყვარულით ვეღარ ვაკეთებდი. სიყვარული რასაც ვერ აკეთებ ეგ ამბავი არასოდეს გამოდის კარგად. ჩემთვის ასეა. ჯერ კიდევ ბანკში მუშაობისას დავიწყე ფიქრი, მაგ დროს ძალიან მომწონდა სიურრეალისტური ციფრული კოლაჟები და მინდოდა, რომ მეც შემექმნა მსგავსები, თუმცა ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა.  ტექნიკურად როგორ შემესრულებინა ისიც არ ვიცოდი. ასე ძიება-ძიებაში მივედი გრაფიკულ დიზაინამდე და მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება და წამოვედი ჩემი სტაბილური სამსახურიდან.

შენი ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთაც ხშირად მოგზაურობენ ,რა არის შენი ნამუშევრების მთავარი მესიჯები ?
თავიდან ჩემი ნამუშევრები მეტად სიურრეალისტური და ჯადოსნურისმაგვარი იყო. პლანეტები, ცა.. „everything you can imagine is real” – ამ სათაურის ქვეშ ვაერთიანებდი. მერე მივხვდი, რომ უფრო მინიმალუსტური სტილი მომწონდა – წერის დროსაც ასეა. მიყვარს, როცა ცოტა სიტყვა ძლიერად აჭერს სათქმელს.  გასაკვირი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემზე გავლენას ოთარ ჭილაძის ლექსები ახდენს: მინდა ხოლმე, რომ რომელიმე სტრიქონი ამოვგლიჯო და ის სათქმელი თქვას ჩემმა ნამუშევარმა.

გრაფიკულ დიზაინთან ერთად დიდ დროს უთმობ ფოტოგრაფიასა და მოგზაურობას, ბუნება ინსპირაციის წყაროა? გაქვს გამორჩეული ადგილი, რომელსაც ხშირად უბრუნდები?

კი, ფოტოგრაფია რაც დრო გადის მეტ ადგილს იკავებს ჩემს ფიქრებში. უცხო ადგილებში სიარული თითქოს საფიქრელად ახალ გზებს ხსნის გონებაში, მე კიდევ ფიქრი ძალიან მიყვარს. გამორჩეული ადგილი ჩემთვის ჯავახეთია, ყოველ ნახვაზე რაღაც ახალს ნახულობ, ახალი გესმის და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ემოციების გამომწვევია. რაც მთავარია. ჯავახეთი სულ გიტოვებს იქ დაბრუნების სურვილს.

ადამიანები ხშირად ეძებენ საკუთარ თავს, სწორ საქმეს. რას ურჩევდი ადამიანებს,  რომლებიც ისევ ძიების პროცესში არიან ? 
მე მგონია ერთხელ ცხოვრება ნამდვილად ღირს იმად, რომ რაც გვინდა აუცილებლად ის ვაკეთოთ, სადაც ლაღად ვგრძნობთ თავს აუცილებლად იქ ვიყოთ.  ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირფასი რჩევა არის, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლის გადადაგმისაც ყველაზე მეტად ეშინიათ.