საბჭოთა გორი ნიკო კალანდაძის ობიექტივში

გორის ხელოვნების სახლში ფოტოგრაფი ნიკო კალანდაძის გამოფენა გაიხსნა. ფოტოები 1980-იან წლებშია გადაღებული.  სერია  ქალაქ გორის ცხოვრების რიტმს და თავისებურებებს ასახავს ,რომელსაც ფოტოგრაფი 25 წლის განმავლობაში იღებდა. 1978 წელს ჯარიდან დაბრუნებულ ნიკოს მუშაობა კომბინატში დაუწყია ფოტოგრაფად, სწორედ ამ დროიდან იწყება კომბინატის ქრონიკები, მის ობიექტივში ჩნდებიან  მოწინავე მუშები. ნიკო გახდა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანების ფოტომემატიანე, ეს ამბავი ანიეს ვარდას ფილმს მოგაგონებთ – „სახეები და ადგილები“. ფილმში ანიესი და მისი მეგობარი ჯეიარი საფრანგეთის სოფლებში მოგზაურობენ, იღებენ მუშებსა და ადგილობრივებს, ბეჭდავენ სურათებს დიდ ფორმატზე და აკრავენ ქუჩებში. ეს ერთგვარი დემონსტრაციაა – აჩვენო დაღლილ ადამიანებს როგორ უნდა დაიჭირო წამი, იგრძნონ რომ ამ რუტინაშიც არსებობს მაგია. ნიკო კალანდაძე გრძნობს ამ მაგიას და მისი ფოტოებიც ამ მაგიის მატარებელია.

კომბინატის შემდეგ ნიკო მუშაობას აგრძელებს იმ დროისათვის ცნობილი გაზეთებისთვის -„გორის ფეიქარი“, “გამარჯვება“ და “კომუნისტი“. მის სურათებზე აღბეჭდილია  ქორწილების, საბჭოთა აღლუმებისა და მისი სამეგობროს წვეულებების ამბები. ნიკოს ფოტოები ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების რომანტიზებული წარსულის ვიზუალიზაციაა. მასში იმდენად დეტალურადაა აღწერილი გარშემო მიმდინარე მოვლენები, რომ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა  სიღრმისეულად აღიქვას საბჭოთა პერიოდის უკანასკნელი ათწლეულები. გამოფენის კურატორია მირიამ გრიგალაშვილი. გორელ ფოტოგრაფთა კლუბის წევრები აგრძელებენ ნიკო კალანდაძის არქივზე მუშაობას წიგნის გამოსაცემად, ამ დროისათვის 20 000-ზე მეტი სურათია გაციფრულებული, აქედან 100 გამოიფინა და  დამთვალიერებელს ელოდება. გამოფენის ნახვა შესაძლებელია ქალაქ გორში – ხელოვნების სახლში.