როგორ იყენებს უეს ანდერსონი ფერებისა და სიმეტრიის კომბინაციას უნიკალური ისტორიების გადმოსაცემად

უეს ანდერსონის ესთეტიკური და საინტერესო კინემატოგრაფია უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ფილმები. კომპლექსური პერსონაჟების, სიუჟეტური ქარგისა და ვიზუალების კომბინირებით იგი თავისებურ სამყაროს ქმნის, რომელიც მნახველში მაშინვე აღვიძებს ბავშვურ ცნობისმოყვარეობას. მისი განსაკუთრებული უნიკალურობა კი ვლინდება სიმეტრიისა და ფერების არაორდინალურ გამოყენებაში, რომლის მეშვეობითაც ანდერსონი ღრმა იდეებსა და კონცეფციებს საინტერესო საშუალებით გადმოგვცემს.

The Grand Budapest hotel

დღესდღეობით,  კინორეჟისორები ფილმებში ფერის თეორიის ფუნდამენტურ პრინციპებს იყენებენ. ფერის თეორიის მიხედვით, სპეციფიკური ფერები ადამიანის ცნობიერებაში კონკრეტულ ემოციებს აღძრავენ. ამიტომ, ფილმში გამოსახული ფერები უნდა შეესაბამებოდეს იმ სცენას, რომელიც კონკრეტული და წინასწარგანსაზღვრული ემოციების გაცოცხლებას ემსახურება. უმეტეს შემთხვევაში ნათელი და კაშკაშა ფერები უკავშირდება ბედნიერებას, ხოლო მუქი და შავბნელი ფერები კი დაძაბულობასთან და მოსალოდნელ საშიშროებასთან ასოცირდება. მიუხედავად მყარად დამკვიდრებული ტრადიციებისა, უეს ანდერსონის შემოქმედებაში რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციას ვაწყდებით. ხშირად მისი ფილმები სევდიან და მტკივნეულ სცენებს ინტენსიურ და ოპტიმისტურ ფერებში გამოსახავენ, რადგან ანდერსონს მოსწონს დისონანსი და შეუთანხმებლობა. მის ფილმებში სცენების ნათელი და ცოცხალი ფერები კონტრასტს ქმნის პერსონაჟების მელანქოლიურ ისტორიებთან. მართალია, ეს ტექნიკა არაორდინალურია, თუმცა ამავდროულად, ეფექტიანიც, რადგან რეჟისორი მაინც ახერხებს შესაბამისი განწყობის შექმნას და თვალსაჩინოდ შეგვაგრძნობინებს პროტაგონისტების მძაფრ ემოციებს.

ამ საინტერესო ტექნიკის თვალსაჩინო მაგალითია ფილმი „ The Moonrise Kingdom“, სადაც სოციალური მომსახურების წარმომადგენელი – ფილმის მთავარი ანტაგონისტი – ლურჯი მოსასხამით არის შემოსილი. ეს დომინანტური ფერი სიმშვიდეს, წონასწორობასა და სტაბილურობას ასხივებს, თუმცა ანდერსონმა იგი იმ პერსონაჟს დაუკავშირა, რომელიც ავტორიტარიზმს, განხეთქილებასა და საშიშროებას განასახიერებს.

The Moonrise Kingdom

მიუხედავად დისონანსის სიყვარულისა, უეს ანდერსონი ფერებს აგრეთვე იყენებს თავისი პროტაგონისტების გამოცდილებებისა და სულიერი განწყობილების გადმოსაცემად. მის თითოეულ ფილმში წარმოდგენილ პერსონაჟს უნიკალური „კოსტუმი“ აცვია, რომლის ფერიც თავად ამ პერსონაჟის განწყობილებებს უკავშირდება. მაგალითად, ფილმში „The Royal Tenenbaums“ წითელი ფერი ტრაგედიისა და ტკივილის ვიზუალური რეპრეზენტაციაა. ფილმში ერთ-ერთ პერსონაჟს, ჩაზს, წითელი ქურთუკი აცვია, რისი მეშვეობითაც უესმა უკეთ შეძლო ცოლის დაკარგვითა და მამასთან გაუარესებული ურთიერთობით გამოწვეული ტკივილის გადმოცემა. მოგვიანებით ჩაზის ორი ვაჟიც აბსოლუტურად იდენტური ტანსაცმლით იმოსება, რაც მის ტრაგედიასა და ტკივილს უფრო ინტენსიურს ხდის.

The Royal Tenenbaums

მსგავსი მიზნისთვის გამოიყენება წითელი ფილმში „The Darjeeling Limited“, სადაც წითელი მანქანა არის ერთადერთი ხელშესახები ობიექტი, რომელიც სამ ძმას განშორებულ მამასთან აკავშირებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც წითელი ტკივილისა და იმედგაცრუების სიმბოლური განსახიერებაა. იგი გამოხატავს მამის სიყვარულს, ოღონდ არა საკუთარი შვილების, არამედ უსიცოცხლო მანქანის მიმართ.

The Darjeeling Limited

განსაკუთრებულად საინტერესო ფერთა პალიტრაა გამოყენებული უეს ანდერსონის ფილმში „The Grand Budapest Hotel“. ფილმში წარმოდგენილია ომის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად მუქი, ჩაბნელებულ ან შავ-თეთრი სცენებით არის გამოსახული, თუმცა უეს ანდერსონი განსხვავებულ მიდგომას ირჩევს, რათა უფრო თვალსაჩინოდ გადმოსცეს საკუთარი სათქმელი. ფილმში წარდგენილი სასტუმროს ექსტერიერი ვარდისფერით არის დაფარული, რომელსაც თეთრი თოვლის ფიფქები ნაზად ეცემა, ხოლო ინტერიერში თბილ, ნათელ ფერებს ვაწყდებით. ვარდისფერი და ნათელი სასტუმრო კონტრასტს ქმნის ფილმის სიუჟეტთან, რომლის ატმოსფეროც უკიდურესი დაძაბულობითა და საომარ რეჟიმთან დაკავშირებული შფოთვით არის განმსჭვალული. ანდერსონის ამ ფილმში ვარდისფერი სასტუმრო, არისტოკრატული სოციალური ფენის წარმომადგენლებით სავსე, იდილიური სამყაროს რეპრეზენტაციაა, რომელშიც ადამიანებს დესტრუქციული ომის ჟამს მშვიდობისა და ბედნიერების ილუზია ექმნებათ.

The Grand Budapest Hotel

სწორედ ფერების მეშვეობით გვექმნება წარმოდგენა ფილმის პერსონაჟებზეც. მთავარი პროტაგონისტი, ბატონი გუსტავი, მუდამ იასამნისფერი ტანსაცმლით არის შემოსილი, რაც ხაზს უსვამს მისი პერსონაჟის მისტიკურ და ექსცენტრულ ხასიათს, ხოლო ფილმის მთავარი ანტაგონისტი, დიმიტრი, და მისი ოჯახი შავი სამოსით არიან წარმოდგენილნი, რაც უკეთ წარმოაჩენს მათ ბოროტ ბუნებას.

The Grand Budapest Hotel

აღსანიშნავია, რომ უეს ანდერსონი თავისი უნიკალური ისტორიების გადმოსაცემად იყენებს არა მხოლოდ ფერებს, არამედ სიმეტრიასაც. მისი ფილმების თითქმის ყოველ სცენაში მკაცრი სიმეტრიულობა არის დაცული, რომლის მეშვეობითაც ჩვენი თვალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე პოულობს ფოკუსის ცენტრს ანუ იმ ობიექტს, რაზეც კონკრეტულ სცენაში უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ანდერსონის სიმეტრიისკენ სწრაფვა მოგვაგონებს რენესანსის პერიოდის ხელოვანების ობსესიას, რომელიც მკაცრი მათემატიკური კომპოზიციისა და ხაზოვანი სიმეტრიის დაცვას უკავშირდებოდა. ანდერსონმა, ისევე როგორც რენესანსის ხელოვანებმა, იცის, რომ სიმეტრიულობის მეშვეობით იქმნება ესთეტიკურობის განცდა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ისედაც უნიკალურ ფილმებს. ამ კინემატოგრაფიული ტექნიკის ხაზგასასმელად კინორეჟისორმა კოგონადამ საინტერესო ვიდეო შექმნა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს უეს ანდერსონის სიმეტრიისადმი სიყვარულს.

უეს ანდერსონის კინემატოგრაფიული სტილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალურია. მან ფერებისა და სიმეტრიის კომბინირებული გამოყენებით ირეალური და ფანტასტიკური სამყაროს შექმნა შეძლო, რომლის მეშვეობითაც რეალურ და მნიშნელოვან ისტორიებს წარმოაჩენს. ამ საინტერესო ტექნიკების გამოყენებით უეს ანდერსონმა კინემატოგრაფიაში საკუთარი უნიკალური ხელწერა დაამკვიდრა, რომლის ამოცნობაც ფილმის პირველივე წამებიდან არის შესაძლებელი.