„აჭარული მზითვის ფერი“- ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც პარიზის ფილმის ფესტივალის გამარჯვებული გახდა

მაღალმთიანი აჭარა განსაკუთრებული ტრადიციული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელიც ამდიდრებს საქართველოს კულტურულ საგანძურს. ამ რეგიონში უძველესი პერიოდიდან იყო დამკვიდრებული უნიკალური რეწვის ხელოვნება, რომელიც დღესდღეობით დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. აჭარული ქარგვის თვითმყოფადი ტრადიციის უკვდავსაყოფად ირმა შარიქაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელმაც პარიზის ფილმის ფესტივალზე „მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში“ გაიმარჯვა.

„პირველად აჭარული ნაქარგობა თბილისში ვნახე, შემდგომ ბახმაროს მიმდებარე სოფლებში – იალაღებზე.  აჭარული ნაქარგების კვალდაკვალ 2019 წელს მოვხვდი  სოფელ ინწკირვეთში და ჩემი პირველი გმირები – ნაზი და გულისტანი ვიპოვე, National Geographic საქართველოს პუბლიკაციისთვის“- წერს ირმა შარიქაძე.

როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, მისი შემოქმედების მთავარი ფოკუსი ყოველთვის ქალის თემატიკა იყო. სწორედ ამ იდეასვე ეძღვნება ირმა შარიქაძეს პროექტიც, რომლის მიზანი უნიკალური ტრადიციის კონსერვაციასთან ერთად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ქალთა ემანსიპაციაც არის.

აჭარელი ქალების ნაქარგების ტრადიცია უმნიშვნელოვანეს სოციალურ და კულტურულ როლს ასრულებდა. იგი მზითვის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა, რის გამოც თაობიდან თაობას დედის ხაზით გადაეცემოდა მისი დამზადების ტექნიკა. აჭარული ნაქარგობის ტექნიკა საკმაოდ კომპლექსურია. იგი დატვირთულია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ფიგურებით, მცენარეებით, ლიტერატურული სიუჟეტით და ზოომორფული თუ ანტროფომორფული სახე-სიმბოლოებით, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს აღვივებენ მნახველში. საინტერესოა ნაქარგებში ასახული სიმბოლიზმიც, რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილებია ბორჯღალისა და სიცოცხლის ხის სიმბოლოები.

 

 

საქარგავად აჭარლები აბრეშუმის ძაფებს იყენებდნენ, რომლებსაც სხვადასხვა ფრად ღებავდნენ. დღემდე უძველესი ნაქარგების პირვანდელი ფორმის შენარჩუნება ძველი ნაქარგის ზუსტი რეპლიკაციით ხდება. ირმა შარიქაძე აღნიშნავს, რომ აჭარლები თეთრ ქსოვილს იღებენ, ასველებენ და ძველ ნაქარგს ადებენ. ახალ ქსოვილზე ძველი ნაქარგის კონტურები ჩნდება, რომელსაც ფერს აწერენ და, ბოლოს, ქარგავენ. სწორედ აჭარელი ქალების დაუღალავი შრომის მეშვეობით უძველესმა ნაქარგებმა ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია.

ნაქარგები კონტრასტული და მკვეთრი ფერების ძაფებით არის შექმნილი, რაც ფერის თეორიის მთავარ პრინციპებს იმეორებს. ნაქარგებში ხშირად ვხვდებით ორნამენტებს, რომლებიც „ურთიერთშემავსებელი ფერებით“ არის შექმნილი. მაგალითად, ლურჯი და სტაფილოსფერი, მწვანე და წითელი, ყვითელი და იასამნისფერი და ა.შ. ანალოგიურ ტექნიკას იყენებდნენ პოსტ-იმპრესიონისტებიც, რომელთა უმთავრესი მიზანიც მნახველში ემოციებისა და მძაფრი განცდების გაღვიძება იყო. სწორედ მსგავსი განცდა გვექმნება, როდესაც აჭარელი ქალების ნამუშევრებს ვუყურებთ. ნაქარგები აბსოლუტური ჰარმონიით, სიზუსტითა და ესთეტიკურობით გამოირჩევა. ნათელი ფერები და კლაკნილი ნაქარგი ხაზები მძაფრ ემოციებსა და განწყობილებებს აღძრავს მნახველში, რაც უაღრესად საინტერესო და უნიკალური გამოცდილებაა.

სამწუხაროდ, აჭარის რეგიონში დამკვიდრებული უნიკალური ქარგვის ტრადიცია განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან დღესდღეობით პატარძლები სამზითვო ნაქარგებს აღარ ამზადებენ. შესაბამისად, ქარგვის ტექნიკა თაობიდან თაობას აღარ გადეცემა. ამ მიზეზის გამო ირმა შარიქაძის შემოქმედებით პროექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის, რადგან მისი გადარჩენა და პოპულარიზება არის შესაძლებელი.

აჭარელი ქალების ქარგვის ტრადიცია არის ხელოვნების ისეთი ფორმა, რომლის მეშვეობითაც სრულიად ახლებური რაკურსით წარმოჩნდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება.