ლილიტი, პირველი ამბოხებული ქალი

ებრაულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ლილიტი უსუსურ ახალშობილებზე მონადირე დემონია. ბიბლიაში მას ერთადერთხელ ახსენებენ, თუმცა საუკუნეები იგი ადამის პირველ, ამბოხებულ ცოლად, ხოლო შემდგომ სამაელის, დემონთა მეფის, მეუღლედ აღიქმებოდა. ბოლო დროს კი იგი ფემინიზმის სიმბოლოდ მიიჩნევა.

Photo Credits to Devianart.com

მაშ, ვინ არის იგი სინამდვილეში?

სანამ ლილიტს იუდაიზმი დაისაკუთრებდა, მისნაირი დემონები შუმერებს, ასურელებსა და ბაბილონელებს კოშმარებში დასდევდნენ. მამრი და მდედრი დემონები, ლილუ და ლილიტუ, შუმერულ ეპოს „გილგამეშიანში“ გამოჩნდნენ, ხოლო მესოპოტამიის ერთ-ერთი ქალღმერთი, ლამაშტუ, ფრთოსანი დემონი იყო, რომელიც მშობიარობისას ქალებს აწამებდა, იწვევდა მუცლის მოშლას, ბავშვთა დაავადებებს და ახალშობილები მკვდართა საუფლოში მიჰყავდა.

ლილიტს ადამიანთა შობა, საკუთარი შვილების ყოლა არ შეეძლო, რის გამოც არამხოლოდ ჩვილებს იტაცებდა, არამედ ძილში კაცებს ხიბლავდა და სპერმას ჰპარავდა, რომლის მეშვეობითაც თავს ინაყოფიერებდა და დემონებს შობდა. სწორედ ამიტომ ბაბილონურ თალმუდში იკრძალებოდა, კაცს მარტოს სძინებოდა.

ამდენად, წინასამეცნიერო ხანაში ახალშობილებისა და დედების სიკვდილიანობა და კაცების ღამეული პოლუცია ლილიტის ან მისი მსგავსი ავი სულების ზემოქმედებით აიხსნებოდა.

„ჩემთვის ეს ძველისძველი ამბები მოწმობს ჩვენს შესაძლებლობებს, ვაკონტროლოთ სამყარო…“

– ამბობს ლაურა ლიბერი, რელიგიათმცოდნეობის პროფესორი დიუკის უნივერსიტეტში.

ლილიტი, როგორც ადამის პირველი ცოლი

ლილიტი, როგორც ზემოთ ვთქვით, ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები:

„ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს უხმობს. აქ დაიბუდებს ლილიტი და იპოვის სადგურს“ (ძვ. აღთქმა, ესაია წინასწარმეტყველი, თ. 34, მ. 14, რომელშიც აღწერილია უნაყოფო, საღვთო სამართლის შემდგომ გაუკაცრიელებლი უდაბნო)

– ხოლო ქანაანელებმა, ებრაელებმა და ისრაელებმა ლილიტუ-ლამაშტუს დემონოლოგია შეითვისეს.

მიუხედავად ამისა, ძველად რაბინი კომენტატორები ინტერესდებოდნენ, ხომ არ გამოჩნდა შესაქმის წიგნში ლილიტი კიდევ ერთხელ, მალულად? ყურადღებით წაკითხვისას აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში ორი განსხვავებული ამბავია იმის შესახებ, როგორ შვა ღმერთმა ადამიანი. შესაქმის პირველ თავში ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, მეექვსე დღეს, ერთი და იმავე მასალისგან შექმნა:

„მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“, თ. 1, მ. 27

– ხოლო მეორე თავში ჯერ ადამი შექმნა „მიწის მტვრისაგან“ (თ. 2, მ. 7), შემდეგ კი „ძილქუში მოჰგვარა“ და „გამოუღო ნეკნი“ (თ. 2, მ. 21), რომლისგანაც „დედაკაცი შექმნა“ (თ. 2, მ. 22).

იყო თუ არა პირველ თავში შექმნილი ქალი ვინმე სხვა და არა – ევა? და იყო თუ არა იგი ლილიტი? ამ კითხვას პასუხი ახ. წ. IX საუკუნეში გაეცა.

ეს წინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტება გვხვდება სატირიკულ და ლამის ერეტიკულ ებრაულ ტექსტში, სახელად „ანბანი“. მის ავტორობას მიაწერენ ძვ. წ. II საუკუნეში მცხოვრებ ებრაელ მწერალს, სახელად იესო ძე ზირაქისა, რომელმაც დაწერა ძველი აღთქმის წიგნი „სიბრძნე ზირაქისა“. „ანბანი“ შეიცავს პოპულარულ ფოკლორულ ელემენტებს და დასცინის ბიბლიურ პერსონაჟებს.

ზირაქის ძის ანბანი, Photo Credits to Wikipedia.org

მის მიხედვით, შესაქმის პირველ თავში ადამის ცოლი მართლაც ლილიტი იყო, რომელმაც ადამთან თავიდანვე იჩხუბა. როდესაც ადამი დაჟინებით მოითხოვდა, სექსის დროს ლილიტი მის ქვეშ წოლილიყო, ქალი არ დანებდა და უპასუხა:

„შენ წევხარ ჩემ ქვემოთ! ორივენი თანასწორნი ვართ, რადგან ორივენი მიწისაგან ვართ“.

განრისხებული ლილიტი განს გადგა, შესძახა ღმერთის „გამოუთქმელი“ სახელი და სამოთხიდან გაფრინდა. ღმერთმა, ადამის თხოვნით, მას სამი ანგელოზი დაადევნა, რომელთაც ქალი წითელი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. ეს ადგილი განსაკუთრებით ავხორცი დემონებით იყო დასახლებული და მათი გამუდმებული ყურადღებით განებივრებული ლილიტი ყოველდღე ასობით პატარა დემონს შობდა. როდესაც ანგელოზები მის ადამთან დაბრუნებას ცდილობდნენ, ლილიტს გაეცინა:

„როგორ შემიძლია, ადამთან დავბრუნდე იმ გასართობების შემდგომ, რომლებითაც აქ ვისიამოვნე?“

მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ანგელოზებმა იგი განაპირა წყვდიადში განდევნეს და დემონთა მთელი შთამომავლობა ამოუხოცეს, რის გამოც ლილიტმა შურისძიება განიზრახა, გახდა სამაელის, დემონთა მეფის, მეუღლე და სხვა დაცემულ ანგელოზებთან სქესობრივი კავშირებით უამრავი დემონი შვა, რომლებიც მსოფლიოს შეესივნენ.

ამასობაში, ადამს ახალი მეწყვილე წარუდგინეს ევას სახით, რომელიც ღმერთმა ადამის ნეკნისგან შვა იმ იმედით, რომ იგი უფრო მორჩილი იქნებოდა.

ამბობენ, გველიც, რომელმაც ევა აცდუნა, ლილიტი იყო, რადგან მას სხვადასხვა შესახედაობის მიღება შეეძლო და ბუნებრივადაც წელზემოთ ქალისა და წელქვემოთ გველის იერი ჰქონდა, როგორაც ხშირად გამოსახავდნენ ევას მაცდუნებელ გველს შუა საუკუნეების ფერმწერები.

ანგელოზები არ მოეშვნენ ლილიტს, სანამ დაიფიცებდა, რომ არ ავნებდა ადამისა და ევას შთამომავლებს, თუკი ისინი მშობიარობისას ამულეტებს მის სახელს წააწერდნენ.

მარცხნივ: ლილიტი აცდუნებს ევას, Photo Credits to Pinterest.com; მარჯვნივ: ლილიტისგან დამცავი ამულეტი, Photo Credits to Wikipedia.org.

დევნილიდან ფემინისტურ სიმბოლომდე

რაბინთა კომენტარები და ებრაული ზღაპრები ლილიტისგან ველურ, დაცემულ ქალს ქმნიდნენ, რომელიც ამბოხის ცოდვის გამო ისჯებოდა. მხოლოდ მეოცე საუკუნის მიწურულს ფემინისტმა მწერლებმა და აქტივისტებმა გადაიაზრეს დაუოკებელი, გარყვნილი ლილიტი, როგორც მისაბაძი მაგალითი. 1972 წელს მწერალმა და რეჟისორმა ლილი რივლინმა ლილიტის შესახებ ნოვატორული სტატია გამოაქვეყნა „Ms. Magazine“-ში, ხოლო 1976 წელს დაიწყო ებრაული ფემინისტური ჟურნალის, „ლილიტის“, გამოცემა.

როგორც „ლილიტის“ პირველ ნომერში ავივა კანტო ცუკოფი წერდა, ლილიტი ძლიერი, შეუპოვარი ქალია, რომელიც არ ნებდება მსხვერპლის როლს და მის სიძლიერეს მის შესახებ მითების შემქმნელნიც კი აღიარებდნენ.

ხოლო ლილი რივლინი 1998 წელს გამოქვეყნებულ წიგნში წერდა, რომ თვითმყოფადმა ქალებმა ლილიტი ქალური ავტონომიის, სექსუალური არჩევანის თავისუფლებისა და საკუთარი ბედის განგების სიმბოლოდ აქციეს.

Photo Credits to Supernaturalwiki.com

ლილიტი ჩნდებოდა ისეთ ტელეშოუებშიც, როგორებიცაა „საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი“ (90-იანების ტელეშოუს, „საბრინა: ახალგაზრდა ალქაჯი“, უფრო პირქუში ვერსია), „ფრეიზერი“, „ზებუნებრივი“ და „სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია“. ხოლო მისი სახელი დაერქვა “Lilith Fair”-ს, მეტად წარმატებულ ქალთა მუსიკის ფესტივალს, რომლის თანადამფუძნებელიც სარა მაკლაკლენი იყო და რომელმაც 1997-1999 წლებში სამჯერ მოიარა ამერიკა, 2010 წელს კი დროებითაც აღდგა.

“Lilith-Fair”, 1998, კალიფორნია, Photo Credits to Rollingstone.com