ჰიჩკოკის ,,სიგიჟე”, სადაც მთავარ როლში მაყურებელია

ალფრედ ჰიჩკოკმა „სიგიჟე“ 1972 წელს გადაიღო. ეს ამაღელვებელი თრილერი სერიული მკვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ მსხვერპლებს ჰალსტუხით ახრჩობს. საზოგადოებამ მას შესაფერისი სახელიც შეურჩია – Necktie Killer. ენტონი შეფერის მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია არტურ ლა ბერნის 1966 წლის ნოველაზე „Goodbye Piccadilly, Farewell Leicester Square.

ჰალსტუხიანი მკვლელის როლში ბარი ფოსტერი გვევლინება. მკვლელის ვინაობას მაყურებელი ფილმის დასაწყისშივე იგებს და უნებლიედ ამ კრიმინალურ თავგადასავალში მისი თანამგზავრი ხდება. მაყურებლის ჩართულობა ფილმის სიუჟეტში ამ კინოსურათს სენსაციურსა და შთამბეჭდავს ხდის. ჩვენ მკვლელის ემოციებს შევიგრძნობთ და გარკვეულწილად, საკუთარ თავს მასთან ვაიგივებთ. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში ჰალსტუხიანი მკვლელი მსხვერპლის გვამთან ერთად კარტოფილის ტომრებით სავსე სატვირთო მანქანაში იჭედება. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელის პერსონაჟი გამაღიზიანებელი და გაიძვერაა, ჩვენ მასთან ერთად დაძაბული ველოდებით, როდის დაიბრუნებს მოკლულის მუჭაში ჩარჩენილ ერთადერთ სამხილს და მას შემდეგ, რაც მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება, შვებით ამოვისუნთქავთ. ფილმში მკვლელობას სხვას აბრალებენ, რაც ჰიჩკოკის ტიპური სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია.

ფილმში იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიუჟეტს, რომ მთავარი სათქმელი სუსტდება. ბოლომდე გაურკვეველია, რისი თქმა სურს რეჟისორს. თუმცა, ამ ნაწარმოებშიც, როგორც რეჟისორის სხვა უამრავ ნამუშევარში ერთმანეთს ორი სიმართლე უპირისპირდება – იურიდიული და ადამიანური.  ჰიჩკოკის სიუჟეტი ნამდვილად სრულყოფილია. მას აქვს შესავალი, შემდეგ იკვრება კვანძი, რეჟისორი წარმოგვიდგენს ჩამთრევ და საინტერესო პროცესს. ამ კვანძის გახსნისა და ფილმის ფინალიც მაყურებლისთვის დამაკმაყოფილებელია. ყურებისას არ გვრჩება დრო იმისთვის, რომ იმ მესიჯზე ვიფიქროთ, რომელსაც ფილმის მეშვეობით გვიგზავნის ალფრედ ჰიჩკოკი. მის მიერ უფრო ადრე გადაღებული შედევრები, როგორიცაა „39 საფეხური“, „უცნობნი მატარებელში“ და „ეზოში გამავალი ფანჯარა“  ნათლად ეხება ისეთ მასშტაბურ და ყველასათვის კარგად ნაცნობ თემებს, როგორიცაა სიყვარული, ღმერთი, მესამე სამყარო, სტრუქტურული პოლიტიკა და ა.შ. თუმცა „სიგიჟე“ ამ მხრივ მაინც ბურუსითაა მოცული.

აღსანიშნავია იუმორი, რომელიც მაყურებლის განწყობას, ფილმის ფაქტურასთან ერთად, რადიკალურად ცვლის. ერთ-ერთი პერსონაჟის, უფროსი ინსპექტორის მეუღლის მიერ მომზადებული რამდენიმე ძალიან სასაცილო კერძი მხიარულ განწყობაზე გვაყენებს. ამ განწყობას ამძაფრებს ფერების პალიტრა, რომელიც საკმაოდ ნათელ და ზაფხულისთვის დამახასიათებელ ფერებს შეიცავს, ფილმის მოქმედება კი, როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, სწორედ წელიწადის ამ დროის მიწურულს მიმდინარეობს. ჰიჩკოკის ადრეულ ძალიან ცნობილ ნამუშევრებში, როგორიცაა „ფსიქოპათი“ და „რებეკა“, მაყურებელს მხიარული ფერებისა და იუმორის ფუფუნება არ ჰქონია, ამიტომ რეჟისორის გვიანდელი ფილმები მ მხრივ საკამოდ გამორჩეულია.

სიგიჟე“ არის მესამე ფილმი, რომელიც ჰიჩკოკმა ჰოლივუდში გადაბარგების შემდეგ ბრიტანეთში გადაიღო. ამიტომ კინოსურათს ბრიტანული სურნელი აქვს. გარდა პერსონაჟთა აქცენტისა, ამას განაპირობებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლონდონისთვის დამახასიათებელი ხალხმრავალი ადგილები – ვიწრო ქუჩები, პარკები, ლუდხანები (ეგრეთ წოდებული პაბები) და ა.შ. ჰიჩკოკმა ამ ფილმში იმ ადგილებს, სადაც სიუჟეტის მოქმედება მიმდინარეობს, დიდი ყურადღება დაუთმო. ეს კი, დიდი ალბათობით, სამშობლოსთან დაკავშირებულმა სენტიმენტებმა განაპირობა. ინგლისიდან შორს მყოფმა, მშობლიურ ქალაქს მონატრებულმა რეჟისორმა ფილმს ინგლისური სული შთაბერა და ლონდონური ყოველდღიური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი ასახა მასში.

„სიგიჟე“ რონ გუდვინის მუსიკით იწყება, პირველ კადრებში თაუერ ბრიჯისა და ლონდონის სხვა ხედები სწორედ ამ კომპოზიტორის მიერ დაწერილი მუსიკის თანხლებით იშლება მაყურებლის წინაშე. რონ გუდვინი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი ფილმებისა და აგათა კრისტის დეტექტივის – მის მარპლის შესახებ გადაღებული სერიისთვის დაწერილი მუსიკითაა ცნობილი. ჰიჩკოკის „სიგიჟე“ კი ამ ორი ჟანრის – თრილერისა და დეტექტივის ნაზავია და გუდვინის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი განწყობა ფილმს ზუსტად ერგება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილმი ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ამიტომ, მისი მიმოხილვა ტექსტთან პარალელებისა და შედარების გარეშე შეუძლებელია. ნოველაში, რომლის მიხედვითაც „სიგიჟის“ სცენარი დაიწერა, ინსპექტორისა და მისი ცოლის სცენები საერთოდ არ არის, ამიტომ ფილმში შექმნილი იუმორისტული განწყობა თავიდან-ბოლომდე ჰიჩკოკისა და შეფერის დამსახურებაა. ასევე, ნოველაში ისტორია მკვლელის თვალთახედვითაა მოთხრობილი. ფილმშიც რომ მკვლელი ყოფილიყო მთხრობელი, ეს მაყურებლის სიუჟეტში ჩართულობას თავიდან ბოლომდე გააბათილებდა და ჰიჩკოკის ხელწერა სადღაც გაქრებოდა. აღსანიშნავია მოქმედების დროც, რომელიც ნოველაში 1940-იანი წლების ბოლო და 50-იანი წლების დასაწყისია. ჰიჩკოკმა კი ფილმის მოქმედება 70-იანი წლების ლონდონში გადაიტანა. მან ფილმის სიუჟეტი იმ ეპოქას მოარგო, რომელშიც ცხოვრობდა და რომლის ნაწილი თავადვე იყო.

ფილმმა კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა, რეცენზიებში ძირითადად ხაზს უსვამდნენ ფილმის იუმორისტულობასა და ამაღელვებლობას. კინოსურათი მაყურებლისთვის გასართობია და კრიმინალურ შინაარსთან ერთად, საოცრად სასაცილო სცენარი აქვს. ბევრმა კრიტიკოსმა ეს ნაწარმოები ჰიჩკოკის სხვა ნამუშევრებს შორის ფავორიტადაც დაასახელა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ჰიჩკოკმა ამ კინოსურათს ძველი დიდებული ინგლისური ფილმების ელფერი შესძინა. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი ფილმით დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა და რეჟისორი სწორედ ძველი ფილმებისთვის დამახასიათებელი ასპექტების გამოყენების გამო დაადანაშაულეს, ისინი კი, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ ფილმით, რეჟისორის ხათრით, ფილმის ღირებულების გაბუქებაში ამხილეს. მიუხედავად ამისა, „სიგიჟე“, სწორედ იმიტომ, რომ ჰიჩკოკის მიერაა გადაღებული და არა – ვინმე მისი წამბაძველისა, მაყურებელში მღელვარებას იწვევს. აუდიტორიის აღლვება (suspense) კი ჰიჩკოკის ერთადერთი შეუცვლელი კანონია და შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კინოსურათი შედგა.