ბანქო, როგორც კულტურის განუყოფელი ნაწილი

კარტის ხსენება ყოველთვის არაერთგვაროვან ასოციაციას აჩენს. ზოგისთვის ეს უბრალოდ გასართობია, მაშინ როცა სხვები მასში მისტიკურ საწყისებს ხედავენ. ერთ-ერთი მხარე, რომელიც ბანქოზე საუბრისას იჩაგრება მისი კულტურული ღირებულებაა. ბანქოს ხელოვნებად, რომელიც ყველა ქვეყნის კულტურისთვის უნიკალურია, შედარებით ნაკლებად აქტუალურია.

იაპონური ჰანაფუდას კარტები. ფოტო: FLUX

რთულია დაზუსტებით ვთქვათ, საიდან და როგორ წარმოიშვა ბანქო. არსებობს მოსაზრება, რომ ის პირველად გაჩნდა აზიაში და როგორც მრავალმა სხვა გამოგონებამ, ვაჭრობის შედეგად ევროპაში შემოაღწია. წარმოშობის ადგილად ხშირად სახელდება ეგვიპტეც, თუმცა ზუსტი დასკვნების გამოტანა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მის წარმომავლობაზე მსჯელობა ბუნდოვანია, დაზუსტებით შეგვიძლია მისი პოპულარობა ევროპას დავუკავშიროთ.

სათამაშო კარტები ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობდა და ამ პროცესშივე იცვლიდა სახეს. ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა პრაქტიკული მიზეზების გამო, სხვა შემთხვევებში კი ამ თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელ სოციალურ თუ ეკონომიკურ თავისებურებებს ჰქონდა გავლენა. გარდა ამისა, კარტის დიზაინი იცვლებოდა იმ პერიოდში გავრცელებული სამხატვრო სტილის მიხედვითაც.

მამლუქის კარტის შედარება თანამედროვე ბანქოსთან. ფოტო: Heather Rocchi

მე-12 საუკუნით დათარიღებული მამლუქის კარტები ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ფოტოზე კარგად ჩანს აღმოსავლური ორნამენტები და ამ პერიოდის სახასიათო ფერები. მასზე დამკვირვებელს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ უყრებს რომელიმე ისტორიული ნაგებობის კედელზე შესრულებულ ნამუშევარს და არა უბრალოდ ბანქოს.

ვროპაში გადანაცვლებით გამარტივდა ბანქოს დიზაინიც. დღეს ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული დასტა პირველად გამოჩნდა მე-15 საუკუნის საფრანგეთში, თუმცა მანამდე ბანქოს კვალს ვაწყდებით ესპანეთსა და იტალიაშიც. ფრანგებმა ბანქოს პერსონაჟებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტანისამოსი შეურჩიეს. 1500-იანი წლების ბოლოს ფრანგმა მწარმოებლებმა ბარათებზე გამოსახულ ადამიანებ ლიტერატურული ეპოსებიდან და ისტორიიდან ცნობილი გმირების პროტოტიპებად აქციეს. მეფეების სახით ისინი გამოსახავდნენ მეფე დავითს (ყვავი), ალექსანდრე მაკედონელს (ჯვარი), კარლოს დიდს (გული) და იულიუს კეისარს (აგური). დედოფლები მათ მითოლოგიასა და რელიგიას დაუკავშირეს შემდეგნაირად: ათენა პალასი (ყვავი), ჯუდიტი (გული), იაკობის ცოლი რაკელი (აგური), არგინე (ჯვარი).

ადრეული ფრანგული ბანქო. ფოტო: The World of Playing Cards

დასტის თითოეული კარტი იხატებოდა ხელით, რაც თავისთავად მოქმედებდა მის ფასზეც, ამიტომ მე-15 საუკუნებდე ბანქო ძვირადღირებულ სიამოვნებად მიიჩნეოდა. ბეჭდვის ტექნიკების განვითარებასთან ერთად გაიზარდა ბანქოს ხელმისაწვდომობა. გუტენბერგის ცნობილ გამოგონებამდე რამდენიმე წლით ადრეც მიაკვლიეს გერმანელებმა ხის დამუშავების ნაკლებად დახვეწილ ხერხს, რაც შესაძლებელს ხდიდა მასზე გამოსახულების მარტივად დატანასა და მასიურ წარმოებას. მასთანავე, გერმანელებმა ტრადიციული 4 კატეგორიის მაგივრად ბანქოს დასაყოფად სხვა 4 სიმბოლო გამოიყენეს. რკოს, ფოთლის, გულისა და ზარის გამოსახვა მიუთითებს მათი ყოფითი ცხოვრების გარკვეულ დეტალებზე. მაგალითად, ზარების სიმბოლო ყვავზე მეტად შეესაბამებოდა გერმანელ თავადაზნაურობას, ვინაიდან ზარები ხშირად იყო მიმაგრებული სანადიროდ გაშვებულ ფრინველებზე. ზარი მაღალი კლასის წარმომადგენლების გართობის ამსახველ სიმბოლოს წარმოადგენდა.

გერმანული დასტა განსხვავებული სიმბოლოებით.

ინგლისში კარტის გავრცელებამ ერთი მცირედი დეტალი შეჰმატა დასტას. დღესდღეობით ნებისმიერი ბრენდის მიერ გამოცემული ბანქოს ყვავის ტუზზე დაწერილია ამ კარტის ავტორისა (ზოგ შემთხვევაში) და მწარმოებელი ფირმის სახელი. ეს მე-19 საუკუნეში ინგლისის მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადის შედეგია. რომლის მიხედვით, მწარმოებელს კარტის გაყიდვა მხოლოდ მსგავსი სახის „საბუთის“ თანდართვის შემთხვევაში შეეძლებოდა. მე-19 საუკუნეშივე იხატება ბანქოს მეორე მხარე. მანამდე ის უბრალოდ თეთრი იყო და დალაქავების შემთხვევაში ადვილი ხდებოდა კარტების გარჩევა, რაც თამაშში მის გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა.

ინგლისური ბანქო ყვავის ტუზზე გამოსახული ლიცენზიით.

არტის ამერიკაში გადანაცვლებამ მას ჯოკერი და ბევრად ფართო წარმოება მოუტანა. დღესდღეობით ხელოვანთა გარკვეული ნაწილი ბანქოში ხედავს თვითგამოხატვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. მისი ხელმისაწვდომობა და სიმარტივე კი შემოქმედებას ადვილად აღსაქმელს ქმნის. დღეს ერთ დასტას შესაძლოა ბითლზის წევრების სახეები ამშვენებდნენ და მეორეს კი ვარსკვლავური ომის პერსონაჟები. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ბანქო იყო და დღესაც არის ქვეყანათა კულტურის პროდუქტი. ისაა გამარტივებული სახე დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაბატონებული მიმდინარეობისა თუ უბრალოდ ყოფითი დეტალებისა. არტისტს კი საკუთარი სათქმელის დახვეწილად და სტილიზებულად გამოხატვის 52 შანსი და მისი ფართო პუბლიკისთვის გაზიარების შესაძლებლობა აქვს.

ფოტო: Theory11