ჩო გი-სეოკი – ინტერნეტთაობის ფოტოგრაფი

ორქიდეებში ჩასმული სახეები, წითელი თვალის ჩრდილები, ღია და ცოცხალი ფერები, პეპლები, ყვავილები და, რაც მთავარია, კაბელები და კიდევ ერთხელ კაბელები – ეს ყოველივე სწორედ ის კომპონენტებია, რომლებსაც აუცილებლად ვხვდებით ჩო გი-სეოკის შემოქმედებაში. ერთი შეხედვით პარადოქსული, მაგრამ სინამდვილეში დიდხანს ნაფიქრი და ისტორიით გაჟღენთილი ფოტოები ნათლად გვიჩვენებს ხელოვნური და ბუნებრივი ელემენტების ბალანსს.

ჩო გი-სეოკი 1992 წელს დაბადებული ფოტოგრაფი გახლავთ, რომლის წარმომავლობაც სამხრეთ კორეას უკავშირდება. ის 20 წლის იყო, როდესაც მიატოვა სწავლა და გადაწყვიტა, მთელი ყურადღება ფოტოგრაფიასა და ამგვარად თავის თავის გამოხატვაზე გადაეტანა.  აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფიამდე ის გრაფიკული დიზაინით იყო დაინტერესებული. British Journal of Photography-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ვყოფილიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი. იმისთვის, რომ ეს კარგად გამომსვლოდა, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ყველა სფეროსთან შეხება მქონოდა. ასე რომ, დავიწყე გრაფიკული დიზაინით, მომწონდა ნივთების ხელით კეთება, რამაც დეკორაციის შესწავლამდეც მიმიყვანა. ეს გრძელი პროცესი კი, თავის მხრივ, ფოტოგრაფიით დაგვირგვინდა. ასე რომ, ბუნებრივად დავიწყე გადაღება, რადგან მინდოდა შემექმნა საკუთარი სურათები და მინდოდა მემუშავა ყველა ამ პროცესში“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოს ფოტოსურათები განასახიერებს ახალ მხატვრულ პერსპექტივას მოდასთან დაკავშირებით (ჩომ 2016 წელს თავისი ბრენდიც დაარსა), ის მაინც პირდაპირ გამოხატავს კორეის კულტურასაც. ხშირად მის მოდელებს ამშვენებთ ტრადიციული დეტალები, იქნება ეს ტრადიციული სამოსი თუ სამკაულები. გასაკვირი არცაა, რომ ჩომ მოღვაწეობა ამ სტილით გადაწყვიტა, რადგან სამხრეთ კორეა  ის ქვეყანაა, რომელმაც მოდერნიზაცია სწრაფად გაიარა.

It’s Nice That-თან ინტერვიუში ჩოს დაუსვეს კითხვა, თუ რისგან იღებდა იგი შთაგონებას. საინტერესოა, რომ მისი პასუხი არც მეტი, არც ნაკლები – ინტერნეტია. „ინტერნეტში ბევრს ვეძებ, სხვადასხვა პოსტები თუ ფოტოები გადაღებისთვის იდეებს მიჩენს. ვფიქრობ, საერთოდაც, ინტერნეტთაობა ვარ”. მისი ეს ბიოგრაფიული დეტალიც, შეიძლება ითქვას, ინსპირაცია იყო თავად ფოტოგრაფისთვის. ეს ფოტოებში ნათლად ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჩო გი-სეოკს აქვს ნამუშევარი ისეთ ცნობილ ჟურნალებთან, როგორიცაა CR Fashion, KINFOLK, Vogue Korea, Wallpaper China და Dazed Korea.

ნათელია, რომ ინტერნეტთაობის ამ გამორჩეულ ფოტოგრაფთან ვერაფერი ვერ იქნება ფერს მოკლებული, უაზრო ან უინტერესო, მას ისევე კარგად შეუძლია ძველის იმიტაცია, რამდენადაც ახლის გამოგონება. ეს გენიალური ადამიანი ფოტოებში უსულო ნივთებსაც კი ალაპარაკებს.