კარლო კაჭარავას მიერ შეთხზული მითი, ანუ ეპოქის წინასწარმეტყველება

1980-იანი წლები საქართველოში ცვლილებების დასაწყისის ხანა იყო. საბჭოთა კავშირი დანგრევის პირას იყო მისული და ქართველი ხელოვანებიც უფრო აქტიურად ცდილობდნენ თავისუფლების მოპოვებას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მხატვრები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით პროტესტს გამოხატავდნენ საბჭოთა უკვე დასუსტებული ცენზურის მიმართ. მათი საბრძოლო იარაღი სახატავი მასალა იყო, რომლით შეიარაღებულნი პატარ-პატრა საბრძლო რაზმებში ერთიანდებოდნენ მხატვართა დაჯგუფებების სახით. ასეთ დაჯგუფებებს შორის განსაკუთრებული ადგილი „არქივარიუსებსა“ და „მეათე სართულს“ ეჭირა, ამ ორი ჯგუფის ინიციატორი და ლიდერი კი ქართველი მხატვარი, პოეტი და არტ-კრიტიკოსი კარლო კაჭარვა იყო.

“არქივარიუსები” კარლო კაჭარავამ 1884 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა. ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელს რომანიდან “ოქროს ქოთანი”. ამასთანავე, ეს სიტყვა ნიშნავს რაღაცის მცველს, შემნახველს. „არქივარიუსები“ მთელი თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე ნამდვილად იდგნენ ქართული მხატვრობის სადარაჯოზე.  “არქივარიუსების” პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ამ გამოფენით დაიწყო შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესი ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისა და მთელი საქართველოსთვის. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო. სახელწოდებაც გვამცნობს და ჯგუფის წევრების შემოქმედებიდანაც ნათელია, რომ „არქივარიუსებზე“ დიდი გავლენა მოახდინა გერმანულმა კულტურამ და მხატვრობამ. კარლო კაჭარავასა და მისი მეგობრებისათვის განსაკუთებული მნიშვნელობა გერმანულ ექსპრესიონიზმს ჰქონდა. მათი შემოქმედება სოციალური ყოფისა და პარადოქსების ასახვას ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ „არქივარისუთა“ ნამუშევრები შეგვიძლია ტრანსვარგარდისტული მხატვრობის ჭრილში განვიხილოთ, რომელსაც შეგვიძლია ნეო-ექსპრესიონიზმიც ვუწოდოთ.

ძალიან მალე, 1986 წელს თავისუფლებისა და საკუთარი შემოქედებისათვის საარსებო სივრცის ძიების პროცესმა „არქივარიუსები“ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯგუფის შექმნამდე მიიყვანა, რომლის წევრებიც სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე იკრიბებოდნენ და, ამიტომ, გაერთიანებას დღეს „მეათე სართულის“ სახელით ვიცნობთ. ამ გაერთიანებაში „არქივარიუსებს“ სხვა მხატვრებიც შეუერთდნენ. მათი ერთადერთი თეორეტიკოსი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა იყო.  “ქარვასლაში”  ამ ჯგუფის პირველი გამოფენა მოეწყო, რომელსაც მხატვარი, გია ბუღაძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფის წევრები მუშაობდნენ უჩვეულო მასალაზე, იქნებოდა ეს სამეურნეო საღებავები, დისპრესია, რკინისა და ხის მასალა თუ სხვ.  ჯგუფი ზოგჯერ ისეთ უჩვეულო ადგილებში მართავდა გამოფენებს, როგორიცაა რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც მხატვრებმა კედლები მთლიანად მოხატეს. გაერთიანებამ მალე მარჯანიშვილის თეატრში გადაინაცვლა, სადაც კარლო კაჭარავამ უფრო მასშტაბური ნამუშევრების შექმნა შეძლო. “მეათე სართულის” ჯგუფი თანდათანობით ფართოვდებოდა და მათი შემოქმედება საქართველოს საზღვრებს გასცდა. ჯგუფის გამოფენები მოეწყო აღმოსავლეთ ბერლინში, მიუნხენში, კოლნში, ნარვასა და კასელში. კაჭარავა ყოველთვის არ მონაწილეობდა ჯგუფის გამოფენებში, თუმცა ის დღემდე რჩება „მეათე სართულის“ სულისჩამდგმელად და მემატიანედ.

თავად კარლო კაჭარავა თვლიდა, რომ მისი თანამედროვე ქართული მხატვრობა რეტროსპექტურ ხასიათს ატარებდა, ქართველი მხატვრები თავიანთ შემოქმედებაში დასავლური ფორმების გაცოცხლებას ცდილობდნენ, უნდოდათ გაცნობოდნენ დასავლურ მხატვრობას და საბჭოთა ჩარჩოებში არ დარჩენილიყვნენ.

„ქართველი ავანგარდისტები არასოდეს აღვიქვამდით ჩვენს თავს საბჭოურ კონტექსტში. არა – ნაციონალისტური მოსაზრებების გამო, უბრალოდ ეს ლახავდა ჩვენს პიროვნულ დამოუკიდებლობას. ჩვენ არ გვსურდა, ის, რასაც ვაკეთებდით, განხილული ყოფილიყო მოსკოვური ხელოვნებისა და პერესტროიკის კონტექსტში.“ (1994 წლის ინტერვიუდან).

კარლო კაჭარავას შემოქმედება საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რეალობას ასახავს, მის ნახატებსა თუ ლექსებში მისი თანამედროვე, 80-90-იანი წლების, ყოველდღიურობის პრობლემატიკას ამოვიკითხავთ. მის ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით ისეთ დეტალებსა და სიმბოლოებს, რომლებიც მხატვრის რეალობაში გვაბრუნებს: ლამპები, მოღუშული, თითქოს რაღაცაზე ან ვიღაცაზე გაბრაზებული სახეები, მომლოდინე პერსონაჟები და ა. შ.

პოეზიაში კაჭარავა საკუთარ სათქმელს კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს. ლექსების მეშვეობით იგი მოგვითხრობს თავის გარშემო არსებული რეალობის შესახებ, აქ გრძელდება ფერწერული ტილოებით შექმნილი სამყარო, თავისი პერსონაჟებითა და განწყობით.

თავისი პოეტური შემოქმედების უმეტესობა კარლო კაჭარავამ დედას მიუძღვნა.

„დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,

 მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს,

 რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ”.(„ღამის ელეგია“)

პოეტი წერს 90-იანი წლების რეალობაზე, სადაც ადამიანები დაუნდობლად უსწორდებიან ერთმანეთს, სადაც ურბანული ცხოვრების თითქოს უწყინარ, უბრალო დეტალებს განსაკუთრებული ესთეტიკური მნიშვნელობა ენიჭება და ზედმიწევნით აღწერს ადამინური ცხოვრების უბრალოებას, რუტინულობას.

“აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს.

 და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს

სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს.

აი, მშვენიერი პატარა ქალი, რომელიც გავროშს ჰგავს

და გავროშივით იცმევს,

მაშინაც, როცა თავის ვიდეო-არტს და სიყვარულს

აკეთებს.

აი ტრამვაი, რომლის სარკმლებიდანაც მხოლოდ

დათოვლილი სტრაგინო მოჩანს.

აი “ტვინ-პიკსი”, “MTV”, “სნიკერსი” და

“სტიმოროლი”.

ნეტა როგორია შენი ახალი მითი, რომელსაც

თხზავ, როცა მეტროდან ამოსული

სიგარეტს უკიდებ

და დღისითაც ნათურებანთებულ ჯიხურებს

ათვალიერებ…  (ჩემი ქუდი მთლიანდ დასველდა და გაიყინა)”

1994 წლის 9 აპრილს კარლო კაჭარავა ანევრიზმით გარდაიცვალა, იმავე წელს საქართველოში გაიხსნა გოეთეს ინსტიტუტი. ეს სამწუხარო დამთხვევა იყო, კარლო კაჭარავას შემოქმედებისთვის ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა გერმანულ კულტურას. ამის აღსანიშნავად 2014 წლის მიწურულს გოეთეს ინსტიტუტმა კარლო კაჭარავას გამოფენა მოაწყო.