ქიშო გლუნჩაძის ექსტრავაგანტულობით მიღწეული ძველი უბრალოება

90-იანების ქართული მუსიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სოციალური თუ პოლიტიკური არეულობა სუფევდა, საკმაოდ მრავალფეროვანია. ქართველი მუსიკოსები მაინც იბრძოდნენ საკუთარი თავისა და ქართული მეინსტრიმის დამკვიდრებისთვის. მათ შორის დღემდე გამორჩეულია ქიშო გლუნჩაძე, რომელმაც ქართულ მუსიკაში წარუშლელი კვალი დატოვა.

იგი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რეჟისორ ალეკო ცაბაძის ფილმში „ლაქა“ მთავარი როლი შეასრულა. ამ როლისთვის ქიშოს განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭის გამოყენება არ დასჭირვებია. ის, ფაქტობრივად, საკუთარ თავს თამაშობდა. პერსონაჟთან, რომელიც ამავდროულად მუსიკოსის სეხნიაცაა, ქიშოს უამრავი საერთო აქვს. ფილმის მთავრი გმირი საბჭოთა საქართველოს სასტიკ რეალობაში მცხოვრები, როკ ენ როლზე სიგიჟემდე შეყვარებული ახალგაზრდაა. გმირი რომ მუსიკოსი უნდა ყოფილიყო და თანაც ქიშო რქმეოდა, ალეკო ცაბაძემ გლუნჩაძესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. როგორც ჩანს, არტისტის პერსონამ იმდენად მოხიბლა რეჟისორი, რომ მან ფილმის სცენარი შეცვალა – პერსონაჟი მსახიობს მოარგო, და არა – პირიქით.

ქიშო გლუნჩაძემ საქართველოში მოღვაწეობისას დადა დადიანთან და ლადო ბურდულთან ერთად ჯუფი „ქიშო და ინტელიგენცია“ ჩამოაყალიბა, ასევე შექმნა კოლექტივი „ღვინო და ქალები ჰაშიშის წინააღმდეგ“. ამით მან ქართული ალტერნატიული მუსიკის შექმნაში უმნიშვნელოვნესი როლი ითამაშა, იგი ერთ-ერთი წამყვანი მუსიკალური ფიგურა გახდა 90-იანი წლების თბილისში, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, თავად თვლიდა, რომ ადამიანები მას მსახიობად უფრო იცნობდნენ, ვიდრე მუსიკოსად.

„როგორც მუსიკოსს, მგონი არც მიცნობენ. ეს იმის ბრალია, რომ სიმღერების რაოდენობა, რომელიც მე დაწერილი მაქვს და და გადაცემების რაოდენობა, რომელიც არსებობს, არ ემთხვევა ერთმანეთს“

შესაძლოა იმდენად პოპულარული არ გამხდარა, რამდენადაც ეს საჭირო და მოსალოდნელი იყო, თუმცა ქართულ მუსიკას რომ ინდივიდუალიზმი შესძინა, ამ ფაქტის უარყოფა წარმოუდგენელია. ქიშო გლუნჩაძემ თავისი ექსტრავაგანტული ბუნების წყალობით დაუვიწყარი მოგონებები შემოგვინახა. იგი ვიღაცისგან ნათხოვნი, ან ნაყიდი მოტოციკლეტით ლონდონში აპირებდა წასვლას, სწორედ ამ მოტოციკლეტზე მჯდომმა სერგი გვარჯალაძესთან ერთად  მიაკითხა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დროა, როკს მიხედოთ!“. როგორც სერგი გვარჯალაძე ამბობს, ქიშო იმედიანად იყო განწყობილი:

„ქიშოს სჯეროდა, რომ ჩვენი დრო მოვიდა. ამბობდა, მთავრობას უნდა დაველაპარაკოთ, რომ მოგვხედონო. ეს ყველაფერი ახლა ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს. მახსოვს, რომ დიდი ჯაჭვით ვაბამდით მოტოციკლეტს და მაგარი გამურულები მივედით კოლხურ კოშკში. მივედით და ვუთხარით, ახლა როკსაც მიხედეთ-თქო. გიჟებივით გვიყურეს და კულტურის მინისტრთან გაგვიშვეს, აღარც მახსოვს, ვინ იყო, მაგრამ მანაც ბიუროკრატიულად მოგვიშორა“

სწორედ ქიშო გლუნჩაძეს ეკუთვნის 1985 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც თბილისში ჩამოსული ბობ დილანია აღბეჭდილი. მწერალთა კავშირის წინ მანქანაში მჯდომ დილანთან ქიშო მივიდა, საკუთარი გულწრფელი ემოციები გამოხატა მის მიმართ და თავისი კუმირი ფირზე აღბეჭდა.

ბობ დილანი, 1985. თბილისი

ქიშო გლუნჩაძე 1995 წელს ამერკაში გაემგზავრა. ამ წელს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე ქიშო ქართველი მაყურებლის წინაშე უკანასკნელად წარსდგა.  სამწუხაროდ, სტატიის დიდი ნაწილი წარსულ დროშია დაწერილია, რადგან ქიშო გლუნჩაძის ქართული მუსიკალური კარიერა  90-იანი წლების საქართველოში დარჩა. ქიშო დღემდე ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს, როგორც პროდიუსერი. ასევე გატაცებულია ფოტოგრაფიით და დრო და დრო ფეისბუქ გვერდზე საკუთარი თვალით დანახული ნიუ-იორკის ფოტოებს გვიზიარებს.

ქიშოსთვის საქართველო წარსულს ჩაბარდა. როდესაც სამშობლოში ცხოვრობდა, ამერიკაზე ფიქრი არ ასვენებდა. სწამდა, რომ იქ საკუთარი თავის რეალიზაციას შეძლებდა. ახლა კი, როცა სურვილი აიხდინა და ნიუ-იორკში აგრძელებს მოღვაწეობას, მისთვის სამშობლო მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობს.

ძველი დროიდან მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ერთხელ შემთხვევით საქართველოს TV ვნახე მეგობრის ლეპტოპზე და სირცხვილით სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ეგ სამყარო არ არის ჩემი. That’s all. Sorry”.წერს ქიშო ტაბულასთვის მიწერილ SMS-ში, სადაც ინტერვიუზე უარს ამბობს