სემ კრისტოფსკის ფსიქოდელიური სამყარო

დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში საბოლოო პროდუქტის სრულყოფისთვის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს ხშირად ვიდეო-კლიპები წარმოადგენს. მისი მეშვეობით მსმენელის ყურადღების მიპყრობა და სათქმელის უფრო მკაფიოდ გადმოცემა არტისტებს საგრძნობლად გაუადვილდათ, თუმცა გულშემატკივრებისათვის ხშირად უყურადღებოდ რჩებიან ხოლმე ობიექტივს მიღმა მდგარი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან.

დღეს ერთ-ერთ მათგანზე, სემ კრისტოფსკიზე და მის ორიგინალურ ნამუშევრებზე მოგითხრობთ. მისი ექსცენტრიკული და გამორჩეული ხასიათიდან გამომდინარე თითქმის შეუძლებელია დეტალური ინფორმაცია იხილოთ მისი ბიოგრაფიის შესახებ. სატირული და ღიმილისმომგვრელია მის ვებ-გვერდზე არსებული მცირე ,,ავტობიოგრაფიული“ შესავალი, სადაც იგი ირონიულად ახერხებს მიბაძოს ყველა იმ ხელოვანს, რომელიც საკუთარი შემოქმედების საწყის გარდამტეხ მომენტს საკმაოდ პათეტიკურად გადმოსცემს ხოლმე.

თუმცა ვიცით, რომ ახალ ზელანდიელ რეჟისორს პირველი აღიარება და პოპულარობა ბენდ “Babe Rainbow”-სთვის შექმნილმა ვიდეო-კლიპებმა მოუტანა. როგორც თავად სემი ამბობს, მათი ურთიერთობა მეგობრობიდან დაიწყო და შემოქმედებით ურთიერთობაში შემდგომ გადაიზარდა. ბენდის მუსიკალური ჟღერადობა და ჰიპური იმიჯი მისთვის ინსპირაციის წყარო გახდა და საკმაოდ უჩვეულო კლიპების გადაღების საშუალებაც მისცა.

განსაკუთრებით მარტივია ყურადღება მიიქციოს სინგლი “Monky Disco”-ს ვიზუალურმა გაფორმებამ, რომლის მონტაჟი სრულად კრისტოფსკის ეკუთვნის და მისი ხედვის ხასიათსაც იდეალურად კვეთს. მიუხედავად იმისა, რომ მისი კლიპები იშვიათად მიყვება რაიმე კონკრეტულ ნარატივს, ულამაზესი ე.წ. “B-roll” კადრების სიუხვე, დინამიკურობა და მათი სწრაფი ცვლა, სატურირებული ფერთა პალიტრა და ანიმაციური ელემენტების იდეალური სინთეზი შეუძლებელს ხდის, ვიდეოს დასრულებამდე მოსწყვიტო თვალი.

ვინტაჟური ესთეტიკით გამორჩეული კლიპები თავდაპირველად კრისტოფსკისთვის ექსპერიმენტის სახეს სრულებითაც არ ატარებდა. როგორც თავად ამბობს, მისი ხედვა უმეტესად იმ კინოშედევრებით იყო ჩამოყალიბებული, რომლებზეც წლების განმავლობაში იზრდებოდა. ესენია ისეთი გენიალური რეჟისორების შედევრები, როგორებიც ჯიმ ჯარმუში, ძმები კოენები, ანდრეი ტარკოვსკი და პოლ ტომას ანდერსონი გახლავთ.

რეჟისორს აქვს რამდენიმე კოლაბორაციული პროექტი ანიმატორ დანიელ ფუთჰედთან, რომელიც თავისმხრივ ფსიქოდელიური და თვალისმომჭრელი ანიმაციური კლიპებითაა გამორჩეული და აქვს ნამუშევარი ისეთ არტისტებთან, როგორიცაა, მაგალითად, King Gizzard & The Lizard Wizzard. კრისტოფსკისა და მუსიკოსების შეთანმხებულმა მუშაობამ გვაჩუქა ისეთი შთამბეჭდავი კლიპები, როგორებიცაა  „Strange Babes – Come Back Around”,  ,,Babe Rainbow – Secret Enchanted Broccoli Forest“,  ,,Babe Rainbow – Something New”.  მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი თვალსაჩინოდ განსხვავებულ ესთეტიკას ატარებს, მათ ერთი საერთო გააჩნიათ – ანიმაციურ და ვიდეო ელემენტების იდეალური ბმა და მათი უზომოდ ორგანული შერწყმა განსაკუთრებულსა და საინტერესოს ხდის თითოეულ მათგანს.

გარდა “Babe Rainbow”-სა, მას ნამუშევარი აქვს სხვა წარმატებულ არტისტებთან. მათგან შეგვიძლია გამოვყოთ „Unknown Mortal Orchestra”-სათვის გადაღებული მუსიკალური კლიპი და “Tame Impala”-ს ბოლო ალბომის „The Slow Rush” ანონსისათვის გადაღებული ვიდეო რგოლი. როგორც თავად აცხადებს, მისთვის ამ უკანასკნელის შემქმნელთან, კევინ პარკერთან მუშაობა საკმაოდ სასიამოვნო გამოდგა, მათი სურვილებისა და იდეების თანხვედრის გამო.

გარდა რეჟისურისა, იგი ფოტოგრაფიით, მოკლემეტრაჟიანი ფილმებითა და სარეკლამო რგოლების გადაღებითაა გატაცებული და მისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ხედვით ამ სფეროებშიც გვაწონებს თავს. კრისტოფსკის სხვა ნამუშევრების სრულყოფილად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდს: Kristofski