ქართველი და უცხოელი არტისტების ექსპერიმენტი – Glacier Music II

მუსიკოსებმა საქართველოდან, სომხეთიდან და გერმანიიდან გაერთიანებული ძალებით, ექსპერიმენტული ალბომი Glacier Music II შექმნეს, რომელიც ერთგვარ რეფლექსიას წარმოადგენს პლანეტის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკაშირებით. ამ კოლაბორაციაში, მონაწილეობას იღებდნენ ქართველი მუსიკოსები ანუშკა ჩხაიძე და ეთო გელაშვილი; ჰაიკ კაროი, რომელიც ცნობილია სომხური ფოლკლორული მუსიკის თანამედროვე ბგერებთან შერწყმით; ვიდეო არტისტი ლილევანი და კომპოზიტორი ბერლინიდან რობერტ ლიპოკი. ალბომის შექმნის ინსპირაცია, როგორც ცნობილია, სწორედ კავკასიონის მთებში მოგზაურობისას ჩაისახა.

Photo via Bandcamp

Glacier Music II არის ალბომი, რომელიც ერთდროულად აერთიანებს რამდენიმე ჟანრს, ენასა და განწყობას. ალბომში ვხვდებით კომპოზიაციას „Infinite“, რომელიც სომხური ფოლკლორისა და საფორტეპიანო კომპოზიაციის ნაზავია;Microseismic“ გვთავაზობს ღრმა ბასს მოძრავი ყინულის გეოფონურ ჩანაწერებთან; „Numbers Drop“ კომპოზიციაა, რომელიც შექმნილია არტისტების კოლაბორაციით და გადმოსცემს კლიმატის შფოთვის ერთობლივ განცდას.

როგორც ვხედავთ, ალბომში გაერთიანებული 10  კომპოზიცია მოიცავს  მეტად ორიგინალურ და, ამავდორულად, აქტუალურ თემატიკას, რომელიც ეკოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამ მულტიჟანრულ მოგზაურობაში ვხვდებით ისეთ საინტერესო რეფლექსიას ბუნებასა და გარესამყაროზე, რომელიც მსმენელისათვის სრულიად ახალი და ორიგინალურია. კომპოზიციებში არასდროს იკარგება მყინვარის ესთეტიკური მიმზიდველობა და მისი გარემოსდაცვითი მნიშვნელობა.
Photo via Bandcamp

 

ამ პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა წიგნი, რომელიც აერთიანებს არტისტების საუბრებს, პეიზაჟებს, შთაბეჭდილებებს, კომპოზიციაში გამოყენებულ ტექსტებსა და მათ თარგმანებს. კომპოზიციების მოსმენისას ერთგვარი მაგიურობის განცდა გვეუფლება, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს უძველესი კავკასიური ტრადიციებისა  და თანამედროვე მუსიკის ნაზავი.