ხელოვნებით სავსე რეალობა – ლუკა ლაშხის კომიქსები

“მამა ხატავდა, მიყვარდა ამ პროცესში მისი ყურება და ხატვაც. ყველაზე მეტად ისტორიების მოსმენა მიყვარდა – ჯერ იყო ლეგენდები და ზღაპრები, წლების მატებასთან ერთად უკვე ნამდვილი ისტორიები. ვფიქრობ, ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ადამიანი ტოვებს”

ლუკა ლაშხი პროფესიით რეჟისორია. გარდა ამისა, ხატავს კომიქსებს, კომიქსების მეშვეობით ახლა უკვე თვითონ გვიყვება ამბებს. მეტი დეტალის გასაგებად გთავაზობთ ლუკასთან ინტერვიუს.

პროფესიით რეჟისორი ხარ, როდის დაიწყე კომიქსების ხატვა ?

კომიქსი პირველად უნივერსიტეტში სწავლისას, პირველ კურსზე დავხატე. პატარა ხუმრობასავით იყო – რვაგვერდიანი კომიქსი მტრედზე, რომელიც კორესპონდენტი იყო და შავი იუმორი ჰქონდა. კომიქსი ჩემს კურსელებს ვაჩვენე და ყველას მოეწონა, ყველა იცინოდა,  მითხრეს, რომ კარგად გამომდიოდა კომიქსების ხატვა და უნდა გამეგრძელებინა. ასე რომ, ამ პატარა ხუმრობით ჩემი საყვარელი საქმე ვიპოვე.

ახლახანს დაიწყე კომიქსების სერიის – „კავკასიური ველები“ – ხატვა. შექმნის იდეა როგორ გაჩნდა და რა არის ამ სერიის კონცეფცია ?

უნივერისტეტში სწავლის ბოლო წლებში ვმუშაობდი ჩემს სადიპლომო ფილმზე და პარალელურად სხვა სამსახურში, კომიქსებისთვის  დრო აღარ მრჩებოდა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რამე გამეკეთებინა. უცებ მომივიდა იდეა, გამეკეთებინა მინი-სერიები მარტივ სტილში, რაც დიდ დროს და ენერგიას არ წაიღებდა. ყველაფერი პატარა ექსპერიმენტივით იყო.

ამბავი ორ კაცზეა, რომლებიც მანქანაში სხედან. სიუჟეტი, ძირითადად, გზაზე ვითარდება, სადღაც კავკასიაში, სადაც ყველგან ომი, ძალადობა და ხიფათია.

წინასწარ ისტორია არც მომიხაზავს. კომიქსები არც ისე განვითარებული დარგია საქართველოში  და მასზე საერთოდ არ ვრცელდება რაიმე სახის რეგულაცია ან ცენზურა – ბევრს არავის აინტერესებს. ეს აბსოლუტურ კრეატიულ თავისუფლებას მაძლევს, რაც მუშაობის პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. პირველი სერიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ კომიქსი მოეწონათ. სამი ადამიანიც რომ კითხულობდეს, ისტორიის გაგრძელება ღირს, თან მაინტერესებს, რადგან წინასწარ არასდროს ვიცი რა მოხდება შემდეგ სერიაში. ასე რომ, ცოტა ეგოისტური მიზეზი აქვს ამ ყველაფერს – კარგი ისტორიის მოყოლა და სიამოვნების მიღება.

კომიქსების შექმნისას ხატვასთან ერთად წერა, სიუჟეტის განვითარება გჭირდება. გეხმარება ამაში შენი პროფესიული განათლება?

ისტორიების მოსმენა და მოყოლა ყოველთვის მიტაცებდა, იქნებოდა ეს ნახატებით, წერით, ფოტოებით თუ ვერბალურად. რეჟისურაზე სწავლა კი დამეხმარა, მომეყოლა ისტორია კარგად. ამბის სტრუქტურაზე მუშაობამ, ვიზუალური თხრობის შესწავლამ, სცენარებსა და კადრირებებზე მუშაობამ ასე თუ ისე გამარკვია, როგორ მუშაობდა ისტორია, თუმცა ბოლომდე დღემდეც არ ვიცი. სწორედ ეს ხდის პროცესს ასეთ საინტერესოს.

რა იყო ინსტაგრამ-გვერდის “Georgianpanels” შექმნის მიზანი?

გვერდის შექმნის მიზანი იყო, მეპოვა და ერთმანეთისათვის დამეკავშირებინა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები – კომიქსების ენთუზიასტები, რათა გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება. გვერდის შექმნის შემდეგ  ბევრი არტისტი აღმოვაჩინე და გავიცანი. მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა.

რა არის ინსპირაციის წყარო შენთვის? პერსონაჟები ხშირად გგვანან ფიზიკურად, არის შენს კომიქსებში შენი ცხოვრება?

როდესაც კომიქსებზე მუშაობამ სერიოზულად ჩამითრია, პირველი ისტორიები ავტობიოგრაფიული იყო. ინსპირაცია ყოველდღიური მოვლენები გახდა. ფურცელზე გადატანილი საკუთარი ცხოვრების ნახვა ძალიან უცნაური გამოცდილება იყო, რაც აკვიატებად მექცა. ყოველი ავტობიოგრაფიული კომიქსი ცხოვრების გაუგებარ მომენტებს მითარგმნის და გასაგებს ხდის. შეიძლება ისიც ვთქვა, რომ საკმაოდ თერაპიულია ამ ყველაფრის კეთება.

ხელოვნება ხშირად რეალობის იმიტაციაა, სანამ რეალობა ხელოვნების იმიტაციას დაიწყებს. ამიტომაცაა, რომ ხშირად ეს ორი ერთმანეთთან „ირითმება“.

ავტობიოგრაფიული ისტორიები ბევრი მოქმედებით არ გამოირჩევა ხშირად ისეთი ამბები ხდება რაც სხვა ყველას ცხოვრებაში მომხდარა და ყოველთვის მიხარია, როდესაც ჩემს კომიქსს წაიკითხავენ და მეუბნებიან – „ვა, მეც მომსვილია ასეთი რამ“ ან „ზუსტად ასეთი რამ მეც გადამხდა“. არ მინდა, ზედმეტად ფილოსოფიურად გამომივიდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ალბათ ისაა, რომ შეეცადოს, გაუგოს თავის თავს, ეცადოს გაუგონ სხვებმა და ეცადოს გაუგოს სხვებს. ხელოვნების დიდი ნაწილი ალბათ ამას ემსახურება და ჩემი ნამუშევრების დიდ ნაწილშიც ეს იდეაა.

გაქვს საოცნებო პროექტი, რომელზეც იმუშავებდი?

ასე კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა. ის ვიცი, რომ ერთი დიდი ამბის მოყოლა მინდა. არ ვიცი, რა მოხდება ამ ამბავში ან ვინ იქნებიან პერსონაჟები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ნახავს, მოისმენს ან წაიკითხავს და მისთვის ეს ყველაფერი სასიამოვნო გამოცდილება იქნება.

წარმოშობით გორიდან ხარ, იქონია ამ ქალაქმა შენზე და შენს ხელოვნებაზე გავლენა?

რა თქმა უნდა – მგონია, რომ ყველა ადამიანი რაღაცით იმ ადგილს ემსგავსება სადაც გაიზარდა. გორი პატარა, წყნარი ქალაქია და ბევრი არაფერი ხდება. შეიძლება სწორედ ამიტომ ვარ საინტერესო ისტორიებით გატაცებული, რადგან პატარა ქალაქებში საინტერესო ისტორიების ნაკლებობაა. ამიტომაც ვეძებ რაიმე საინტერესოს ყველა პატარა დეტალში. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ გორს დიდი გავლენა აქვს ჩემზე და ჩემს ნამუშევრებზე.

როგორია შენი სამუშაო გარემო და პროცესი ?

პროცესი, როგორც წესი, ერთი იდეით იწყება – პატარა სცენით, რომელიც თავში მომდის. როგორც წესი, არსად არ ვიწერ ხოლმე, უბრალოდ ველოდები და ვაკვირდები, რამდენ ხანს იტრიალებს თავში. თუ დიდხანს გაჩერდა, ესე იგი ცუდი იდეა არ უნდა იყოს და რომც იყოს, როგორმე უნდა გამოვიტანო ჩემი თავიდან. როცა იდეა უკვე შემაწუხებელი ხდება, მაგალითად, უკვე ძილის წინ მიტრიალებს თავში და დაძინებაში ხელს მიშლის, ვწერ. როგორც წესი, დავჯდები ხოლმე და შავად მოვხაზავ ყველაფერს. ვცდილობ, დავწერო ისტორია, რომელიც ამ სცენამდე მიმიყვანს და შემდეგ ამ სცენას გააგრძელებს. ყველაფერი მარტივად ხდება, ზედმეტი ფიქრის გარეშე. არასდროს მიწევს ცარიელი ფურცლის რამდენიმე წუთზე მეტ ხანს ყურება, რადგან თავში იდეა უკვე „მომწიფებულია“. არ ვცდილობ, რომ კარგი გამოვიდეს. უბრალოდ ვცდილობ, თავში რაც მაქვს ფურცელზე გადავიტანო.

გარემოს ხშირად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამბის სტრუქტურის ასაწყობად საკმარისია მაგიდა, ფურცელი, ფანქარი და სიჩუმე. როდესაც ისტორიას ფორმას ვაძლევ, მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული, მუსიკის მოსმენაც კი ხელს მიშლის, მაგრამ უკვე ხატვის დაწყებისას მუსიკა სასიამოვნო კომპანიონია.

მუშაობის დასრულება დიდი შვებაა, ერთი დიდი ამოსუნთქვასავით არის, მაგრამ თან ცოტა  დამაბნეველია, რადგან არასდროს ვიცი, როგორი გამოვიდა, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. ამის გარკვევაში ხშირად ის ადამიანები მეხმარებიან, რომლებიც შემდგომში კითხულობენ და თავის აზრს მეუბნებიან.

ერთი ფაქტი ლუკა ლაშხზე, რომლის გაზიარებაც გინდა…

ღრმად მწამს, რომ ისტორიები ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ადამიანებს გვაქვს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო მითოლოგია, რელიგიები, მეცნიერება, ხელოვნება ისტორიებზე დგას. მჯერა, რომ სამყაროს ისტორიებით აღვიქვამთ და ალბათ ჩემი მიზანიც ის არის, რომ უბრალოდ კარგი ისტორია მოვყვე და სხვასაც დავეხმარო თავისი ისტორიის მოყოლაში, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. უფრო მარტივად რომ ვთქვა – მე მიყვარს კომიქსების შექმნა