ნინო თარიშვილის 12 ლექსი

 

 

,,ყოველთვის ვკოცნი შენს ქართულ სახელს, 
უდარდელ ხელებს ვსინჯავ ლორნეტით, 
დღეს სულ სხვა ხმებმა დამატუსაღეს 
და აღარ მახსოვს რიცხვი თორმეტი.’’ 

 

ქალების ასობით და ათასობით დაკარგულ თაობებს შორის, მეოცე საუკუნის, საბჭოთა მივიწყებული ქალები გამორჩეულად საინტერესოები და ტრაგიკულები არიან. მსოფლიო უთანასწორო გარემოში არსებულმა ტოტალიტარულმა თუ პატრიარქალურმა შრეებმა ქალების ხმა გადაფარა, ჩაახშო. მეოცე სუკუნემ ქალები და მათი ამბები, მათი სევდები ვერ შემოინახა და იქნებ, სწორედ ვერ მოღწეულმა ამებებმა გაგვაუცხოვა ასე ძალიან საბჭოთა ტერორის უაზარმაზარ ტრაგედიასთან. 

 

ნინო თარიშვილი ერთ-ერთია იმ ქალებიდან, რომლებმაც საბჭოთა ტირანიისგან თავი სრული დადუმებით გადაირჩინეს. ნინო 1904 წელს, თანამედროვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიბადა, 1920-იან წლებში სწავლობდა თბილისის ახლადგახსნილ სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტზე. ნინო თარიშვილის პირადი არქივი გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ინახება, ინტერნეტ სივრცეში კი, სამწუხაროდ, ნინოს ცხოვრების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ვიცით, რომ პოეტი ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ლიტერატურულ გაზეთებთან “ბახტრიონი”, “რუბიკონი”, “ქართული მწერლობა” და სხვ. ციფრულ ბიბლიოთეკა ,,ივერიელში” კი მოიპოვება ნინოს ლექსების ორ კრებული “მზეში” (1926) და “გვირილა” (1980). ასევე ცნობილია, რომ 1920-იან წლებში ერთ-ერთ საგაზეთო გამოცემაში გამოქვეყნებული ეროტიკული ლექსის გამო, ნინო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სიცოცხლის ბოლომდე პოეტი საუნივერსიტეტო საქმიანობას აგრძელებდა და 1990 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

ქალების დავიწყებული თაობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნელ-ნელა გაცოცხლდა, თუმცა ეს პროცესი ბევრად მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ,,გულში ნაფიქრის დასახელების’’ დიდოსტატის, ნინო თარიშვილის, შემოქმედებაზე გადაკრული ნისლის გაფანტვა კი ამ სტატიით დავიწყოთ: 

***

ირიბ წარბებით მოხაზულან ლურჯი თვალები,

გრძნეულ ზმანებას მეგობრობენ თაფლისფერ ღამით,

ცისფერ ლარნაკში ენთებიან მზის მაშხალები,

გრძნობებს ათრობენ უპასუხო ტრფობის ფელგამით.

ნუ ატირდები ვერცხლის ცრემლით! ოხ, უნდა რითმე

ჩუმი ნაღველი მოვაშორო ფერმკრთალ სიმძიმილს,

ნუ შეატოკებ ოქროს წამწამს! გთხოვ გადარითმე,

მსურს აზარფეშით დავეწაფო შენს მდიდარ ღიმილს.

ნუ გაჯავრდები, თორემ შავად დავიჩითები,

ჩემი ოცნება, ჩემი გული ისე ჩუმია –

ვით არაბეთის უარშიო გლოვის მითები,

ვით სარკოფაგში დაღვენთილი სანთლის მუმია.

არა მპატრონობს არც ფერია, არც ტარტაროზი,

არ გამაჩნია თავსაფარი და ბინა არსად,

ახ! ნეტავ, მქონდეს ნატვრის თვალი ან ავგაროზი,

რომ მდიდარ ღიმილს გავყოლოდი მე შინაარსად.

***

გადმოიფინა ატმები ქარვის,

თაფლის თვალები გააღო მთვარემ.

სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარის

და ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.

ფიქრებმა სწრაფად იცვალეს ფერი,

თვალი მივანდე შორეულ ლოდინს.

ო, არსად არის თვალი ცისფერი –

არავინ მოდის, არავინ მოდის!…

დავტოვებ წიგნებს! დავტოვებ ოთახს…

შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს,

გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს,

ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.

ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,

ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად.

მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,

სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.

მზეს დავაწყვიტავ სამეფო ტაძრებს,

არ მეშინია ქარის და შფოთვის,

მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს,

არავინ მოდის! არავინ მოდის!…

***

ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს”,

არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,

არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.

ცაში ოთახი განათდება იაპონურად,

ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,

მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,

მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.

დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,

დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,

უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,

და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.

ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი.

გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს

და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,

რადგან მზითევში არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს”.

 

***

სიყვარული აღარ განმეორდება, 

გულს გიშრები შემოერტყა მარაოდ, 

შუაღამის მგლოვიარე რიდება, 

მარმარილოს გაყინული თვალები 

მზიურ ელვათ ვეღარ მოურიგდება, 

მარმარილოს გაყინული თვალები. 

ქარს გაჰყვება გაზაფხულის ხუმრობა, 

დასჭკნებიან ტუჩზე ყარამფილები, 

მზე მოკვდება, გული დაიხურება. 

ფიქრი მტევნად ჩამოწყდება სიტყვებში, 

ცას მიწისკენ მოსწყინდება ყურება, 

მზე მოკვდება, გული დაიხურება. 

სივრცეს სიბრძნე მოეხვევა ქირმანად, 

კვლავ ოცნება ქალის სევდას დაფარავს 

და ვნებების ღვინისფერი ნირვანა 

ქრიზანთემად გაიშლება სარკეში. 

კვლავ ოცნება ქალის სევდას დაფარავს 

და სიცოცხლეს მწუხარება დაფერავს. 

***

მე შენზე ვფიქრობ დროგამოშვებით, 

როცა უქოლგოდ დავდივარ მზეში, 

ჩვენ სასტიკ სურვილს არ მოვეშვებით 

და მიალერსებ, როგორც რამზესი.. 

შენ ასცდი მთვარის ოქროს უზანგებს, 

თვალებს იმონებს შუადღის ნისლი, 

მზე მოაქვთ სინზე ფერწასულ ზანგებს, 

ვნებიან განცდებს არ შემოვიხსნი. 

დაგხვდები მუდამ, ვით ჯიოკონდა, 

ცისფერ კოცნებით ავივსებ უბეს, 

ჩვენ ერთხელ თეთრი ოცნება გვქონდა 

და სიმხურვალით ვიწვდიდით ღრუბელს. 

ფოთლები ნაზად უკრავენ თარებს 

შენი ხელები მოვლენ ირმებად, 

სიცოცხლეს ვერვინ ვერ დაამთავრებს, 

უთუოდ ყველა გადაირევა. 

სიზმარი მწველი იქნება თალხად, 

უხდება სახეს ღიმილი მკაცრი, 

დარჩება უთქმელ სიტყვების ტალღა 

და ფიქრი შენზე ჩამოსაკაწრი. 

***

ქრიზანტემები ავსებენ ლანგრებს 

და გონდოლები დადიან ცაში, 

მთვარე მოვერცხლილ კიბეებს ანგრევს, 

ფიქრი ღრმავდება ფერების ცვლაში. 

ცის დასავალი, უსაზღვრო სივრცე, 

და მე, შორეულ აზრების ღმერთმა 

გულში წამების გოლგოთა ვიგრძენ, 

და სიხარული კვლავ ჩამომერთვა. 

ო, მინდა ისე დაბნელდეს ირგვლივ, 

რომ იფარებდეთ თვალებზე მერდინს, 

მაშინ ამ ქვეყნად მხოლოდ მე ვივლი, 

არ შეიხსნება ღინკილო მკერდის. 

დრო დაიმონებს მზეს, მთვარეს, სივრცეს, 

საკუთარ ღეობით გადიფრენს აზრი. 

და რომ განცდები ჯოჯოხეთს მივცე, 

არ დამჭირდება მახვილი ბასრი. 

მაგრამ სიცოცხლე არაფერს ამბობს, 

არ მინდა დაფნა, არ მინდა ტაში. 

ქრიზანტემები ავსებენ ალბომს 

და გონდოლები დადიან ცაში.

***

ჩემს თეთრ გრიმასებს ჰფარავს ვუალი, – 

ცხელი მზე მინდა მეჭიროს ხელში, 

თვალებში დადის სხვა სიმხურვალე, 

სიხარულს ველი სიმწუხარეში. 

დაგროვილ ცეცხლით გავუძლებ მყინვარს, 

დავამტვრევ მწიფე ალუბლის ტოტებს, 

ნაწვალებ ფიქრის სიგიჟე მიყვარს, 

საღამოს დარდი ვერ ამაშფოთებს. 

მე ვიცი მოვა ალერსის წვიმა, 

მზისფერი ვაჟი, პორტუგალელი, 

ოქროს ბეჭდები ძირს ჩამოცვივა 

და შეშინდება ვინმე გამვლელი. 

დავუნთე ალი ტუჩების ნაპრალს, 

მძიმდება ყოფნა, ვით დეკამერონ. 

მსურს ვუთხრა ყველას, მტევნებით დამთვრალს, 

რომ ვნება წელზე შემოიკერონ. 

***

ყოველთვის ვკოცნი შენს ქართულ სახელს, 

უდარდელ ხელებს ვსინჯავ ლორნეტით, 

დღეს სულ სხვა ხმებმა დამატუსაღეს 

და აღარ მახსოვს რიცხვი თორმეტი. 

ბევრი მიიღებს შავგვრემან სალამს, 

ჩემს მუქ შეხედვას ბევრს დაუზოგავ, 

უცნაურება სახეს დამალავს, 

სისხლის ზოლები გაჩნდება ზოგან. 

მოედო თითებს ვნებების ცეცხლი, 

ცხელ მკლავებს უნდა მიწას გაეკრას, 

მე არ მეყოფა ერთი სიცოცხლე 

და არც გავყვები უმზეო ეკრანს. 

მთვარის პროფილით მოკვდა ნარრაბო 

ვერ შეაშინა სალომე ელდამ, 

და მეც არ მინდა თვალი დანაბო, 

რომ სინამდვილე გვიცდიდეს ყველგან. 

ჩვენ სიმწუხარე თავიდან აგვცდა, 

მოგველოდება ღმერთი ეროსი, 

ტანზედ მეხვევა მდიდარი განცდა 

და სურნელება საქართველოსი. 

***

ვერ გაექცევა დღე ბინდის სირცხვილს, 

ცა გაიხსნება, ვით სახარება, 

ვიცი შეტყობა ბედნიერ რიცხვის, 

გულში ნაფიქრის დასახელება. 

ვირთვები ზოგჯერ ლალით და მარჯნით, 

ჩემს სურვილს, ნეტავ, ვინ დაიმონებს?.. 

მთვარე ამოვა ცისფერ ყავარჯნით, 

დაისხამს ღამე ფერმკრთალ ლიმონებს. 

და ძილი იტყვის მძიმე სამძიმარს, 

ვით წამწამებზე დამდნარი თოვლი 

და მე კი ერთი დარდი ჩამძირავს, 

როგორც ქვის სარკე ზღვაზე ნაპოვნი. 

მითხარ, თუ ჩემთან შეხვედრა გნებავს 

სხვის მონაცემი არ მინდა გული, 

ცხელ უდაბნოში გავყვები ვნებას 

შენი ფიქრისგან ალმოდებული. 

***

ფერმკრთალი სახე, ლურჯი თვალები, 

მე უშენობას ვერ გადავიტან, 

ფიქრს აწვალებენ ამორძალები, 

მსურს ყველაფერი გითხრა თავიდან: 

არ მიყვარს თეთრი იასამანი, 

ის გაგიჟებულ თვალებს ამირევს, 

ჩემი ფეტიში – ლურჯი დამანი 

შენს მოლოდინში გულს გადამილევს. 

ჩვენ თუ ორთავეს გრძნობა დაგვნებდა, 

დავწურავთ განცდებს, ვით მწიფე მტევანს – 

ვნება ავისხათ ტანზე ჯაგნებად 

და წინ გაუსწროთ ადამს და ევას. 

ზღვას ჩავეხლართოთ დაშლილ ზოლებად 

დღე ღამე ვკრიფოთ და ღამე დღისით, 

გრძნობა ალერსით გაიზომება 

და ვერ გახდება სხვა ჩვენი ღირსი. 

თვალებში დარდი ჩალოგინდება 

ამაკანკალებს დრო დასაშური, 

და ორსევდიან ანდროგინებად 

ფიქრი დასჭკნება – მზე-ბუდეშური. 

მაგრამ მე ცრემლი არ დამასველებს, 

უხმო ლოდინით მოვირკალები, 

დაიბნა ხედვა, აღარ მასვენებს 

ფერმკრთალი სახე, ლურჯი თვალები.

 

***

თითები დაჩხვლიტეს 

მაყვლის კუნწულებმა, 

ფერმრკთალი ატმები ჩავიწყე უბეში, 

ჩიტები უვლიან 

ჩვენს ვიწრო მოედანს, 

მზე დამალულია 

ყველაფერს მოიტანს. 

არვიცი როდემდის, 

როდემდის გიცადო, 

აივსო ვნებებით მკერდების ხეობა, 

სურვილთა ციცაბო, 

ალერსის ბურანში, 

შენ რომ მოსულიყავ 

არ დაირხეოდა. 

არ მინდა აზარფეშდაცლილი 

შეხვედრა კოცნის ბელგად, 

მე უნდა მომედოს ტანზე 

სულ სხვა სიყვარულის ელდა. 

სურვილთა ციცაბო 

ალერსის ბურანში, 

შენ უნდა მოსულიყავ 

არ დაირხეოდა, 

არ ვიცი როდემდის, 

როდემდის გიცადო, 

აივსო ვნებებით მკერდების ხეობა.  

***

ახალგაზრდობის ნაწერ-ნაგრძნობი

ვინ წაიკითხოს გულგრილად, ცივად.

ვინ მოისმინოს აუღელვებლივ

ვით აიკინძა სურვილი მძივად.

ვით დაეტოლა სტრიქონი სტრიქონს,

ვით იშვა აზრი, ხან მძლე, ხან მფრთხალი…

ვით ამეტყველდა სიტყვა უთქმელად,

როგორც ერეკლეს მდუმარე ხმალი.

ახალგაზრდობის განცდილ-ნაწერი

ვინ გადაფურცლოს უგულოდ, ცივად,

ვინ დაინახოს გულდამშვიდებით,

თუ ხეს ფოთლები, როგორ დაცვივდა.