ობიექტივს მიღმა: მარიამ სიჭინავა

თუკი ვინმეს არ სჯერა, რომ ნიჭმა და გულწრფელობამ შესაძლებელია თავისდაუნებურად გაიკვლიოს გზა წარმატებისაკენ, მარიამ სიჭინავას ისტორია ამაში უთუოდ გადაარწმუნებს. დღეს ობიექტივს მიღმა ქართველ ფოტოგრაფს გაგაცნობთ, რომელიც მისდა გასაკვირად და, ამავდროულად, დამსახურებულად აღმოჩნდა უამრავი მსხვილი უცხოური კომპანიის ეპიცენტრში თავისი გადაღებული ფირების წყალობით.  ხელოვანი 12 წელია ამ საქმეს პროფესიონალურად ეკიდება, ფოტოაპარატი კი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.


„მიუხედავად იმისა, რომ ციფრულთანაც მქონია შეხება, ფირი ყოველთვის უცვლელია. ის ემოცია, რასაც ფირი გაძლევს, თუნდაც მოლოდინის რეჟიმი, განსაკუთრებულია; გამჟღავნების, დასკანერების მუდმივი ლოდინია და არ იცი, რა სიურპრიზს გაგიკეთებს. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ხასიათის, თბილი თუ ცივი ფერების სურვილის მიხედვით შეგვიძლია ავარჩიოთ, დილის თოვლსა და ღამის ფოტოს სრულიად სხვადასხვა ფირი სჭირდება და ვარიაციის საშუალებასაც გაძლევს. თავიდან ეს ტექნიკური დეტალები არ მესმოდა და ამის შესახებ მეტის გაგება, საკუთარი თავის განვითარებაც ძალიან სასიამოვნო პროცესია.“


მარიამისთვის ფოტოგრაფიისადმი დაინტერესება კინოს სიყვარულით დაიწყო, პროფესიად კი მალევე იქცა. მისი ნამუშევრებიდანაც ცხადია, რომ ისეთი გენიალური რეჟისორების სიყვარულმა, როგორებიც ინგმარ ბერგმანი, ალფრედ ჰიჩკოკი, კშიშტოფ კიშლოვსკი და ფრანსუა ტრიუფო არიან, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. მისი საყვარელი ფილმების უმეტესობაც ფირზეა გადაღებული.


„ძირითადად იმ ფილმებისგან ვიღებ ინსპირაციას, რომლებმაც ხედვა ჩამომიყალიბა. ვცდილობ, თანამედროვე ტრენდული ნამუშევრები არ დავათვალიერო და ინფორმაცია არ მოვუშვა ჩემამდე. იმას, რაც დღეს პოპულარულია და ხვალ არ იქნება, ვცდილობ, რომ არ ავყვე. შესაბამისად, მსგავს ინფორმაციასაც თავიდან ვირიდებ, რომ ამან ჩემზე გავლენა არ იქონიოს.“


ამ საქმიანობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში მას ბრიტანეთიდან მისწერეს საავტორო უფლებების შესყიდვის შეთავაზებით მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც წიგნის ყდად უნდა გამოყენებულიყო. ამ მოულოდნელ, უჩვეულო და სასიხარულო ამბავს სხვა მრავალი უცხოური პროექტიც დაერთო, რამაც ფოტოგრაფიულ ინდუსტრიაში მარიამის სრულად შებიჯება გამოიწვია.


„ჩემთვის გადაღება თავიდანვე საკუთარი  ხელწერით დაიწყო. მალევე უკუკავშირი საკმაოდ დადებითი იყო. ჩემთვისაც, მთელი ეს პროცესიც და შედეგიც, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ გადავწყვიტე, ცხოვრებისთვის დამეკავშირებინა. გამიმართლა იმიტომ, რომ მალევე ვიპოვე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხელწერაა, შემდეგ კი რითი და რას იღებ – ხელწერა თუ გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ფირს იყენებ, ტელეფონს თუ ციფრულ ფოტოაპარატს.“


მისი მისტიკურობითა და, ამავდროულად, უჩვეულო კომფორტულობის განცდით აღსავსე ნამუშევრებმა შეუძლებელია მაყურებელი ემოციის გარეშე დატოვოს. ფოტოებში ხშირად ვხვდებით ჰაეროვან ნაჭრებსა და ფერად ყვავილებს, ვინტაჟური ფერები კი კომპოზიციას საბოლოო ჯამში ისე კრავს, რომ თითოეული მათგანი ახერხებს მნახველის გრძნობებთან მივიდეს ახლოს და ამავდროულად ავტორის შინაგანი სამყარო მშვენივრად გადმოსცეს. მისთვის, როგორც ხელოვანისთვის ფოტოების უკან მდგარი გულწრფელი ურთიერთობები და განცდები უზომოდ მნიშვნელოვანია, რაც მისი ნამუშევრების ხასიათშიც იგრძნობა. 


„ვერასდროს ვერ ვამბობ გამორჩეულად საყვარელ პროექტს. ყველა პროექტის უკან დგას გამორჩეული ისტორია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიყვარს. კომუნიკაცია, დაგეგმვის პროცესი, მომზადება, გადაღება… ყველას თავისი ისტორია აქვს და განსაკუთრებულად ახლოა ჩემთან. თუნდაც ისეთ პროექტს, რომელიც პროფესიონალურად არაა შესრულებული, შესაძლოა უზომოდ საინტერესო ქვეისტორია ჰქონდეს, რომელიც მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანმა ვიცით.“


იქედან გამომდინარე, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ პატარა და სპეციფიკურია ხელოვანებისათვის, მარიამიც აწყდება ამ მხრივ პრობლემებს, თუმცა განვითარების პერსპექტივისადმი მაინც იმედიანი დამოკიდებულება აქვს.


გამოცდილებას და განათლებას ვხედავ პერსპექტივაში. თუ იქ, სადაც საჭიროა უფრო კვალიფიკაციური კადრები იქნებიან კულტურის მხრივ, ალბათ ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. რეალურად, ძალიან ბევრი კარგი ხელოვანი გვყავს, რომლებიც არ ჩანან, ვერ ჩანან, საზღვარგარეთაც მიდიან თავის დასამკვიდრებლად. ჩვენს ქვეყანაში არ არის იმხელა ხელშეწყობა – რატომღაც, სიახლეები არ უყვართ.“


აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ მარიამი თვითნასწავლი ფოტოგრაფია. ამ არც ისე ხელსაყრელი გარემოებების ნიადაგზე კი იგი მაგალითია იმის, რომ აკადემიური განათლება თუ გამორჩეული ფინანსები არ არის აუცილებელი წინაპირობა წარმატების მისაღწევად. ამიტომ, დამწყები ფოტოგრაფებისთვისა თუ სხვა კუთხით მომუშავე ხელოვანებისათვის მისი რჩევები ალბათ ყველაზე რელევანტური და გამოსადეგია.


„დამწყებ ხელოვანებს ვურჩევდი, რომ ბევრი იფიქრონ საკუთარ თავთან, მარტო თუ სხვებთან ერთად, ისე, როგორც მათთვის უფრო კომფორტული და მეტი ინსპირაციის მიმცემია; ბევრი სხვადასხვა ჟანრი სცადონ და იმუშაონ, რათა მიხვდნენ, რა სიამოვნებთ ყველაზე მეტად. ვურჩევდი, რომ გააკეთონ თავისი, ხელწერა გამოიმუშავონ, იმისთვის, რომ დაინახონ, რას აკეთებენ და თვითონ იყვნენ კარგად. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემთვისაა ეს ყველაფერი სასიამოვნო. მთავარია თვითონ იყვნენ კომფორტულად, თუმცა უმნიშვნელოვანესია სწავლაც. ისწავლონ რა არის, რა პროცესია ფოტოგრაფია, და რა ხრიკების გამოყენებით შეიძლება საკუთარი სათქმელი უკეთ გადმოსცე. დღეს ბევრი საშუალებაა იმის, რომ ბევრი ვისწავლოთ ინტერნეტით, თუმცა თუ მენტორის ყოლა მათთვის აუცილებელია, არც ესაა დამაბრკოლებელი ან უარყოფითი რამ, რითაც უნდა შეიბოჭონ – პირიქით, როგორც აღვნიშნე, კომფორტულად ყოფნა განვითარებისას ყველაზე მთავარია.“