“კონა” – ორიგინალური ნივთების საამქრო

ბოლო წლებში ქართულ ბიზნეს სივრცეში არაერთი ახალი, ინოვაციური და საინტერესო ბრენდი გამოჩნდა, რომლებმაც მომხმარებლებისთვის გაცილებით მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო შექმნეს.

სწორედ ერთ-ერთი მათგანია თინათინ უგრეხელიძისა და ქეთი ლობჯანიძის ერთობლივი სტარტაპი “კონა”, რომელიც მეგობრებმა სულ ორიოდე წლის წინ წამოიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კონცეპტი გონებაში ყოველთვის უტრიალებდათ, უშუალოდ “კონას” შექმნის იდეა 2020 წლის ნოემბერში გაჩნდა.

–  მე და ქეთი ბავშვობიდან ვამზადებდით ხელნაკეთ ნივთებს, ერთად ვუკერავდით თოჯინებს სამოსს, ვმუშაობდით ბისერებზე, ვხატავდით, ვქსოვდით და ვქარგავდით. ჩვენი ეს შემოქმედებითი უნარები პროფესიის არჩევისას უკანა ფლანგზე გადავიდა. შესაბამისად, ჩვენი ცხოვრება შედარებით უფრო რუტინულ საქმიანობას დავუთმეთ. პანდემიამ და სახლში გატარებულმა დიდმა დრომ, ბევრმა საუბარმა, გარემოებებმა და რამის კეთების სურვილმა, ბოლოს, “კონას” სახით “ამოხეთქა”. შევქმენით ჩვენი ბრენდი და შევუდექით იმის კეთებას, რაც ჩვენი ბავშვობისთვის იყო დამახასიათებელი: ხატვა და ქარგვა.

–   რატომ “კონა”, რატომ აარჩიეთ ეს სახელი?

–  გარდა იმისა, რომ ლამაზად მჟღერი, მარტივი, ქართული სიტყვაა, “კონა” ასევე ძალიან კარგად ერგება ჩვენი საქმიანობის შინაარსს. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვანაირ ნივთს – ერთგვარად, ორიგინალური ნივთების “საამქრო” გვაქვს. ამ ტიპის ნივთების ერთობლიობას, ჩვენივე აღქმით, კარგად ასახავს ეს სიტყვა.

 


“კონაში” მზადდება ხელნაკეთი სარკეები, ნაქარგი ჩანთები, ბერეტები, საფულეები, ბაფთები, მოხატულ მინი მოლბერტები, საკიდები. პროდუქციის უმეტესი ნაწილი დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით – მათ მიერ შეთავაზებული იდეებით “კონაში” ქმნიან გამორჩეულ და უნიკალურ დიზაინს თითოეული ნივთისათვის.

–  სარკეების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ, თუ რა ზომის უნდათ, როგორი წარწერისა და ნახატის გაკეთება სურთ, მრგვალი უნდათ, თუ მართკუთხა ფორმის და ა.შ. ნაქარგების შემთხვევაშიც ანალოგიურად არის ხოლმე – მოხმარებელი გვეუბნება, რომელი წარწერის თუ გამოსახულების ამოქარგვა სურს პროდუქტზე, რა ფერებს მივანიჭოთ ყურადღება და ა.შ.

–   სად და როგორ შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

–   ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვით ვსარგებლობთ. მომხმარებლები გვიკვეთავენ და შემდეგ უკვე ვგზავნით მთელი საქართველოს მასშტაბით. სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ქსელურ თუ არაქსელურ მაღაზიასთან მოლაპარკებებიც.

 


–  როგორ ფიქრობთ, რა  გამოარჩევს თქვენს პროდუქტს სხვებისგან?

–  არ ვიქნებოდით ჩვენ, რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი მომხმარებლები – ამიტომაც, მათთან არა შაბლონური, არამედ მეგობრული კომუნიკაცია გვაქვს. მათი ინტერესები ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენთვის. ხუმრობით ვამბობთ კიდეც, რომ ისინი ჩვენი ნაცნობ-მეგობრები არიან. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ეს მომხმარებლები ჩვენს ხედვებს იზიარებენ, მოსწონთ ჩვენი პროდუქტი, ჩვენ კი საპასუხოდ გულთბილ კომუნიკაციას ვუბრუნებთ და ბოლოს უკვე ცხოვრებისეულ თემებზეც კი ვსაუბრობთ ერთად.

 

არ ვიქნები მართალი, თუკი ვიტყვი, რომ საამისოდ დიდი ემოციური რესურსი არაა საჭირო – ვცდილობთ, ეს რესურსი ჩავდოთ და განსხვავებული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებლებს – ალბათ, ეს განგვასხვავებს.   გარდა ამისა, ჩვენს წარმატებას მგონი ისიც განაპირობებს, რომ მაქსიმალურად ვერგებით ნაცნობ-მეგობრებს და მათი სურვილები იდენტურად გადაგვაქვს პროდუქტზე. თუკი რაიმე არ გამოგვდის, მაგასაც ვაღიარებთ და თუ გამოგვდის ხომ დადებით ემოციათა ფრქვევას ვიმსახურებთ მათი მხრიდან. ეს ნამდვილად გვავსებს და გვაძლევს შთაგონებას, მეტი შემართებით ვაკეთოთ ჩვენი აღქმით სასიკეთო საქმე. საქმე, რომელიც სხვებსაც ახარებთ და ჩვენც.

 


 

–   როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, იგეგმება თუ არა გაფართოება ან სხვა სიახლეები?

– დროდადრო, კონაზე თავისით ემატება ახალი ნივთები. მომხმარებლები თავად მიგვითითებენ და გვიბიძგებენ, გავაკეთოთ ახალი სტილის პროდუქტი. მაგალითად, ერთმა ჩვენმა ძველმა მომხმარებელმა ადრე სარკე შეგვიკვეთა თავისი ესთეტიკ ცენტრისთვის, ახლა კი – საკიდი. შესაბამისად, სიახლეები კონაში დაუგეგმავადაც მოდის ხოლმე. ამ არაპროგნოზირებად სიახლეებთან ერთად, სამომავლოდ ვეცდებით კიდევ უფრო სხვა სახის სარკეები და ნაქარგი პროდუქცია შევთავაზოთ აუდიტორიას. ასევე, ვგეგმავთ კონაში დავამატოთ მოხატული სანათები, ნაქარგი სუფრები, შარფები და ა.შ

–  დაბოლოს, ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმე ქართულ ან უცხოურ სტარტაპს, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია თქვენზე, მოტივაციის ან ინსპირაციის წყარო გამხდარა?

–  საქართველოში ძალიან ბევრი კარგი დამწყები ბიზნესი არსებობს ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, რომლებსაც მუდამ თვალს ვადევნებთ და ვგულშემატკივრობთ. რაც შეეხება ჩვენს შთაგონებას – მაშინ, როდესაც ეს საქმიანობა დავიწყეთ, ჩვენი პროდუქტი ერთგვარად სიახლე იყო ხელნაკეთი ნივთების ბაზრისთვის. მაშინ ალბათ ძალიან ცოტა ხელნაკეთი სარკეების ბრენდი არსებობდა, რომელთა შესახებაც, არ ვიცოდით. ახლა უკვე, მსგავსი პროდუქტი ხშირად გვხვდება ონლაინ მაღაზიებში. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ არც ერთი ბრენდის პროდუქცია ერთმანეთს არ გავს – ყველას თავისი იდენტობა და ნიშა აქვს, როგორც “კონას”.