ნინიკო მორბედაძე – სიურეალიზმისა და მაგიური რეალიზმის საბურველში გახვეული რეალობა

ნინიკო მორბედაძე ქართველი მხატვარია, რომელიც თავისი ნამუშევრებით სიურეალისტურ და მაგიურ სამყაროს ქმნის, სადაც თითოეული პერსონაჟი თუ ობიექტი მისტიკურობის განცდას აღძრავს მნახველში. იგი კონტრასტული ფერების, საინტერესო ფიგურული მოხაზულობისა და არაორდინალური სიუჟეტების გამოყენებით რეალობის თავისებურ ინტერპრეტაციას წარგვიდგენს, რომელსაც სიზმრისეული ელფერი გადაჰფენია.

ნინიკო მორბედაძის ხელოვნება იმდენად უნიკალურია, რომ მაშინვე შეგვიძლია მისი მხატვრული სტილის ამოცნობა. ხელოვანის ნამუშევრებში ხშირად ვხდებით უცნაურ, მაგრამ უაღრესად დამაინტრიგებელ პერსონაჟებს, რომლებიც ანდროგინურ არსებებს ჰგვანან. როგორც თავად მხატვარი აღნიშნავს, ხშირად ნამუშევრების ყურებისას მნახველებს უჭირთ ქალისა და მამაკაცის დიფერენცირება, რადგან გენდერის ცნება სრულიად არის წაშლილი. მისი შემოქმედების ეს თავისებურება მოგვაგონებს ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, რემედიოს ვაროს, ნამუშევრებს, რომელიც ანალოგიურ ტექნიკას იყენებდა, რათა საკუთარი შემოქმედება უფრო ენიგმატური და მისტიციზმით მოცული ყოფილიყო. მიუხედავად იმ ბუნდოვანებისა, რაც მნახველს შეიძლება, დაეუფლოს პერსონაჟების ხილვისას, მათი ექსპრესიულობა იმდენად ზუსტი და საინტერესოა, რომ მხატვარი ოსტატურად ახერხებს მათი ემოციებისა და განწყობების თვალსაჩინოდ წარმოჩენას. წარმოდგენილი პროტაგონისტების ქანდაკისებური მოხაზულობა და მსუბუქი დინამიზმი მკაფიოდ წარმოაჩენს ადამიანის მოძრაობის მომენტუმს, რომელიც საოცარი ენერგიით არის განმსჭვალული. ნინიკო მორბედაძის ხელოვნებაში განსაკუთრებით საინტერესოა მისი სწრაფვა, აღმოაჩინოს დაუცხრომელი ენერგია სტატიკაში. შესაბამისად, მის ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით სიუჟეტს, როდესაც პროტაგონისტები დგანან, მაგრამ გვექმნება წარმოდგენა, რომ მოძრაობა უნდა დაიწყონ. ეს თავისებურება კი განსაკუთრებულ დინამიზმსა და ექსპრესიულობას ანიჭებს მის სურათებს, რისი მეშვეობითაც პერსონაჟები ჰარმონიულად იწყებენ მოძრაობას.

მართალია, ნინიკო მორბედაძეს მოსწონს ადამიანთა ექსპრესიული ბუნებისა და სულის მოძრაობის ასახვა, თუმცა მას არ მოსწონს თვალების ხატვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადამიანის ფსიქოლოგიის სიმბოლური გამომხატველია. ხელოვანს არ აინტერესებს კონკრეტული ინდივიდის ფსიქოლოგია და მისი სულიერება. მას უფრო ადამიანთა ურთიერთქმედების ზოგადი პრინციპების დანახვა სურს. შესაბამისად, იგი მთელ სამყაროს უყურებს და სწორედ მას გამოსახავს, რადგან მხატვარს სხვადასხვა ეროვნების, კულტურის მქონე ადამიანთა კოჰაბიტაცია აინტერესებს, რომლებიც სხვადასხვა დროისა და საუკუნის წიაღში ინთქმებიან. მის ნამუშევრებში ვხვდებით აფრიკული, აზიური და ევროპული კულტურების ნაზავს, რომელიც ერთიანობის განცდას წარმოქმნის და გარდამავალი ხიდის ფუნქციას ასრულებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უხილავი ძაფით აკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ ეს თავისებურება ანიჭებს ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებს  უკიდურეს გრანდიოზულობას.

ნინიკო მორბედაძის ნამუშევრები არის გრანდიოზული, მაგრამ ამავდროულად, ზომიერიც. მისი ნამუშევრები არ ხასიათდება ზედმეტი ტექნიკით ან ზედმეტი ექსპრესიით. ყველაფერი არის თანაბარი, თუმცა ზომიერებასთან ერთად, იგი აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს საკუთარ პერსონაჟებს, რისი მეშვეობითაც მხატვარმა შეძლო, რომ სპონტანურობაში მკაცრი ჰარმონიულობა აღმოეჩინა. ჰარმონიულობის მისაღწევად ნინიკო მორბედაძე აგრეთვე იყენებს საინტერესო ფერების კომბინაციას, რომელიც აცოცხლებს და დინამიზმს სძენს მის ნამუშევრებს. იგი ხშირად იყენებს იასამნისფერს, შინდისფერს, ვარდისფერს, ოქროსფერსა და ფირუზისფერს, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობენ და თითოეულ ნამუშევარში სპეციფიკურ ემოციებს აღძრავენ.

ნინიკო მორბედაძის ნამუშევრები საკმაოდ დატვირთულია როგორც საინტერესო პერსონაჟებით, აგრეთვე არქიტექტურული ნაგებობებითა და არაორდინალური სიუჟეტებით. მის ნახატებში უკანა პლანი წინა პლანს შესაბამის განწყობას უქმნის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მხატვრის ჩანაფიქრის ზუსტად განხორციელებისთვის. ნამუშევრების უკანა პლანი უმეტესად ბნელი ან პირიქით, უკიდურესად ნათელი არქიტექტურისგან შედგება, რომელიც ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს მოგვაგონებს. ორივე მხატვრის ნამუშევრები მეტაფიზიკურ ნაშრომებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ისინი ენით გამოუთქმელ, კონტადიქტორულ ემოციებს აღძრავენ. ერთი მხრივ, ნახატები ნოსტალგიისა და გონების უკიდურეს სიღრმეში არსებულ წარსულის მოგონებას აღვიძებენ, ხოლო, მეორე მხრივ, კი შფოთვისა და ავისმომასწავებელი განყობილებების გამომწვევია. სწორედ ამ კონტრადიქტორული ემოციების ტანდემის მეშვეობით ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებს დამატყვევებელი და მაგიური რეალიზმის ელფერი დაჰკრავს.

საინტერესოა, რომ ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებში არაფერია ისეთი, როგორიც ჩანს. ყველაფერი პირობითია, მათ შორის დროც, ენერგიაც და ადამიანებიც. თითქოს მისი ნამუშევრების სიუჟეტი ერთგვარი ფასადია, რომლის უკანაც უფრო ღრმა და ბურუსით მოცული რეალობა იმალება. ამ რეალობის წვდომა კი, ნაწილობრივ, წარმოდგენილი პროტაგნისტების მეშვეობითაც შეგვიძლია. თუმცა ნინიკო მორბედაძის ხელოვნება იმიტომ არის უნიკალური, რომ ბოლომდე ვერასდროს შევიცნობთ მის არსს, რადგან იგი მისტიკურობით არის მოცული, ხოლო მისტიკურობა კი თავად ამოუცნობია.

ნინიკო მორბედაძემ თავისი უნიკალური და ორიგინალური ხელოვნებით მულტიკულტურული და მაგიური სამყარო შექმნა. მისი თითოეული ნამუშევარი არის ცოცხალი, მსუნთქავი ნიმუში, რომელიც საკუთარ თავში სხვადასხვა ნარატივს აერთიანებს. აღნიშნული მიზეზების გამო ნინიკო მორბედაძის ნამუშევრებმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. ბოლო წლების განმავლობაში ნინიკოს ნამუშევრები წარმატებით იყიდება ლონდონის აუქციონზე. მისი ნახატები აგრეთვე წარდგენილია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში, სადაც ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ მხატვრის ორიგინალურ სამყაროში შეღწევა.