სვანეთში გაცოცხლებული ლუხმედზე სრიალის ტრადიცია

ბუნების მრავალფეროვნებითა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე სანახაობებით სავსე სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კულტურული რეგიონია. იგი გამოირჩევა უძველესი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, რომლებიც ამდიდრებენ ქართულ კულტურულ საგანძურს. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო, მაგრამ დღეს მეტად მივიწყებული ტრადიცია ლუხმედებზე სრიალის მრავაწლიანი ტრადიციაა, რომლის გაცოცხლებაც ორმა მეგობარმა- ლერი ნიგურიანმა და ანდრო ბურდულმა- დაისახა მიზნად.

ლუხმედი არის ხისგან დამზადებული თხილამურისა და ციგურების ერთგვარი ნაზავი, რომელიც სვანეთში განსაკუთრებით პოპულარული იყო 80-იან წლებში. როდესაც პირველივე ფიფქები დაეცემოდა სვანეთის მიწას, სოფლებში მცხოვრები ბავშვები პატარა გორაკებზე იკრიბებოდნენ, კაფავდნენ გზებს და იწყებდნენ ლუხმედებით სრიალს. ზუსტად არავინ იცოდა ლუხმედებზე სრიალის ტექნიკური წესი და მახასიათებლები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მთავარი ბალანსის დაცვის უნარისა და ათლეტიზმის დემონსტრირება იყო. დღესდღეობით სპორტის ეს სახეობა, ფაქტობრივად, წაშლილია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებიდან. ამიტომ, ნიგურიანმა და ბურდულმა გადაწყვიტეს ლუხმედზე სრიალის მრავალწლიანი ტრადიციის აღდგენა, რათა სვანეთის კულტურის უნიკალური მახასიათებელი შეენარჩუნებინათ.

„რამდენიმე წლის წინ თხილამურებით ვათვალიერებდი ეწერის სოფელს, სადაც დავინახე როგორ სრიალებდნენ ახალგაზრდები ლუხმედებით. სპორტის ამ სახეობამ ბავშური მოგონებები გამიცოცხლა, რადგან სწორედ ასეთი ხისგან დამზადებული თხილამურებით ვსრიალებდი მეგობრებთან ერთად. ვიფიქრე, რომ შეგვეძლო, ლუხმედებზე სრიალის ძველი ტრადიცია სახალისო და საინტერესო შეჯიბრად გარდაგვექმნა“- იხსენებს ნიგურიანი.

ორმა მეგობარმა ლუხმედებზე სრიალის ტრადიციის აღდგენა „რედ ბულის“ დახმარებით შეძლო. მათი კოლაბორაციით 5 თებერვალს მესტიის უძველეს უბანში, ლანჩვალში, შესაძლებელი გახდა შეჯიბრის ჩატარება, სადაც ნებისმიერ მოყვარულს შეეძლო ასპარეზობაში მონაწილეობის მიღება. ლუხმედზე სრიალი ყინულსა და დატკეპნილ თოვლზე არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც გაყინულს ნიშნავს.

„Red Bull Lukvrame“ შეჯიბრში ჩართული მონაწილეები დროს ებრძოდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად სწრაფი შედეგი ეჩვენებინათ და ციცაბო დაღმართის ნაწილი სხვა მონაწილეებთან შედარებით უფრო მოკლე დროში დაეფარათ.

„შეჯიბრში გამარჯვება საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლების შესაძლებლობა მოგვეცა. ბედნიერებაა ის, რომ ამ შეჯიბრის შემდგომ ახალგაზრდა თაობაც გამოიყენებს ხელნაკეთ ლუხმედებს, რაც აჭარბებს გამარჯვებით სიხარულს.“- ამბობს ლაშა შუკვანი, რომელმაც მანძილი 21:31 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა ასპარეზობაში. მეორე ადგილის მფლობელი ლაშა ჯაჯვანი (22:12), ხოლო მესამე ადგილისა კი გიორგი ფილფანი გახდა (22:32).

შეჯიბრში აგრეთვე დააჯილდოეს ის მონაწილე, რომელიც ყველაზე კრეატიული და არაორდინალური კოსტუმით იასპარეზებდა. აღნიშნულ ნომინაციაში დავით პარჯიანმა გაიმარჯვა, რომელიც შეჯიბრზე ვიკინგის ფორმით იყო წარდგენილი.

სახალისო შეჯიბრის ორგანიზებით ლერი ნიგურიანმა და ანდრო ბურდულმა შეძლეს, რომ გაეცოცხლებინათ სვანეთში დამკვიდრებული ლუხმედებზე სრიალის ძველი ტრადიცია, რითიც არა მხოლოდ შეინარჩუნეს სვანური კულტურული მახასიათებლები, არამედ ახალი სახეობა შემატეს ზამთრის სპორტის სახეობათა სიას. ასპარეზობის წარმატებით დასრულების შემდეგ მესტიის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ „Red Bull Lukvrame“ წლიური შეჯიბრი გახდება, რათა ლუხმედებზე სრიალის ტრადიცია სხვა მრავალ ტრადიციასთან ერთად არ აღიგავოს პირისაგან მიწისა და მუდამ დარჩეს ქართველ მოსახლეობასთან.