Encanto – დისნეის მაგიის დაბრუნება

„ენკანტო“ Disney-ს ანიმაციური ფილმია, რომელიც კინოთეატრებში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ფილმმა უკვე მოასწრო ოქროს გლობუსის მოგება და ოსკარის სამი ნომინაციის მოპოვება, მათ შორის – საუკეთესო მუსიკისა და ფილმისთვის შექმნილი სიმღერისათვის. აღსანიშნავია, რომ ფილმის საუნდტრეკის დიდი ნაწილი ლინ-მანუელ მირანდას ეკუთვნის. რუბრიკა „Analys12”-ის დღევანდელ სტატიაში „თორმეტის“ პანელი სწორედ „ენკანტოს“ მიმოიხილავს.

ელიზავეტა მეხრიშვილი – 11/12

ანიმაცია მადრიგალების ოჯახის შესახებ გვიყვება. ისინი ჯადოსნურ სახლში ცხოვრობენ, რომელიც ძალას ასევე ჯადოსნური სანთლისგან იღებს და ოჯახის ყველა წევრს განსაკუთრებული ძალით აჯილდოებს. მაგრამ ოჯახის წევრებიდან მირაბელი, ანიმაციის მთავარი გმირი, ერთადერთია, რომელიც სანთელმა არანაირი ჯადოსნური ძალით არ დააჯილდოვა. მიუხედავად იმისა, რომ მირაბელს საკუთარი ოჯახი ძალიან უყვარს, მათგან გარიყულად გრძნობს თავს. მის შფოთვებს ემატება საზოგადოებისგან მომავალი ირონიული დამოკიდებულებაც და ისიც, რომ აბუელა მას ოჯახის წევრების მსგავსი თანასწორობით არ ეპყრობა.

ანიმაციაში მიმდინარე მოვლენები თუ წამოჭრილი პრობლემები იმდენად ნაცნობია, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს მადრიგალების ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ანიმაციის უდიდესი ნაწილი ეთმობა, რაც მათ მეტ ადამიანურობას სძენს.

ჯადოსნური სანთლის მიერ მინიჭებული ჯადოსნური ძალა მადრიგალების ოჯახმა ენკანტოს მცხოვრებლების დასახმარებლად უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, ძალის ქონა დიდ პასუხისმგებლბასაც უკავშირდება. ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ მადრიგალების ოჯახის წევრები რაღაცგვარად კარგავენ საკუთარ თავს, რის გამოც ამ ძალის ქონა ყოველთვის დადებითად არ შეიძლება იყოს აღქმული – პერსონაჟები ცდილობენ იყვნენ იდეალურები, გამოავლინონ საკუთარი ძალების მაქსიმუმი და საზოგადოების თუ ოჯახის ინტერესები საკუთარ ნებაზე წინ დააყენონ. ამ ანიმაციაში კონკრეტული ანტაგონისტი არ გვხვდება – თითქოს,  პერსონაჟების მტერი მათი შინაგანი „მეა“, რომელიც იდეალურობას მოითხოვს და ხელს უშლის მათი ნამდვილი შესაძლებლობებისა და სიძლიერის გამოღვიძებას.

რაც შეეხება, გრაფიკის სტილს – უდიდესი ყურადღება აქვს დათმობილი ისეთი მცირე დეტალების გადმოცემასაც კი, როგორებიცაა ქვიშის თითოეული ნამცეცი, პერსონაჟთა მიმიკის მცირე ცვლილება თუ მადრიგალების სახლში და სამოსზე დამალული ორნამენტები, რომლებიც პირდაპირი მინიშნებაა ოჯახის წევრების შესაძლებლობებზე.

ანიმაცია საკუთარ თავში ერთდროულად აერთიანებს იუმორიტულ პასაჟებსაც და ისეთ მძიმე საკითხებსაც, როგორიცაა ოჯახთან გაუცხოება თუ საზოგადოებისგან გარიყულობა. შინაარსთან ერთად, საგულდაგულოდ შერჩეული მუსიკალური გაფორმება და ხატვის სტილი, ანიმაციას საინტერესო სანახავს ხდის არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

თათია ჯანგულაშვილი – 12/12

„ენკანტო“ Disney-ს ანიმაციაა, რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება და შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანადაც. ანიმაცია ერთი დიდი ოჯახის ისტორიას გვიყვება, ოჯახის, რომლის ყველა წევრი მაგიური სანთლის წყალობით სხვადასხვა ნიჭით არის დაჯილდოებული – ოჯახის ყველა წევრი მთავარი გმირის, მირაბელ მადრიგალის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც დისნეის ყველა ანიმაციას, „ენკანტოსაც“ ახასიათებს კომიკურობა, ის მაინც ეხება ისეთ მძიმე და მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ემიგრაცია, გარიყულობის შეგრძნება, ნერვული აშლილობა და ა.შ. ანიმაციაში დიდი ოჯახის თითქმის ყველა წევრს ეტაპობრივად ვეცნობით და ვიგებთ როგორც მათი ძალების, ასევე მათი ისტორიებისა და გრძნობების შესახებ. გარდა შინაარსისა, „ენკანტო“ გამოირჩევა ფერების შეხამებითა და გამოყენებით. მაგალითად, მადრიგალების ოჯახში პერსონაჟების ერთმანეთთან კავშირის დასადგენად მათი ტანსაცმელი ერთნაირ ფერებშია გადაწყვეტილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანიმაციის ერთ-ერთ საუნდტრეკს “We Don’t Talk About Bruno”, Disney-ს კიდევ ერთ პოპულარული მულტფილმის Frozen საუნდტრეკზე „Let It Go“  დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.       მეტიც, სიმღერამ ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი უკვე დაიკავა. ენკანტოს საუნდტრეკების ქართულად თარგმნაზე Bravo Records-მა იმუშავა (მოისმინეთ ქვემოთ) და მათი ნათარგმნი სიმღერები Disney-მ ოფიციალურ ფლეილისტშიც კი შეიყვანა.

საბოლოო ჯამში, „ენკანტო“ აუცილებლად სანახავი ანიმაციაა. ჩემი აზრით, ანიმაციური ფილმის პერსონაჟებიდან რომელიმეში მაინც შეძლებს ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის აღმოჩენას.

ანამარია შეყილაძე – 12/12

დისნეის ანიმაციური სამყარო 2021 წლის ბოლოს ახალი ნამუშევრით დაბრუნდა. ,,Moana’’-სა (2016) და ,,Zootopia’’-ს (2016) შემქმნელებმა ყველანაირი მოლოდინი გაამართლეს და ნოემბერში გამოსულმა ,,Encanto’’-მ მაყურებლის გული მალევე დაიპყრო. მათ, ვისაც ანიმაცია ჯერ არ გინახავთ, წინ მთელი სიამოვნება გელით – დისნეისეული ლათინოამერიკული სამყაროსა და გადასარევი საუნდტრეკების მოყვარულთათვის ,,Encanto’’ ნამდვილად მისწრებაა.

ანიმაცია კოლუმბიური ოჯახის ისტორიას გვიყვება. ოჯახის თითოეული წევრი მაგიური შესაძლებლობებით სოფლის, ენკანტოს, ყოველდღიურობის წარმართავენ. ლუისას წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა აქვს და თანასოფლელებს ხიდების, ლოდებისა თუ დაფანტული ვირების გადატან-გადმოტანაში ეხმარება, ჯულიეტას მომზადებული საჭმელი ნებისმიერი დაავადებისგან განგკურნავთ, პატარა ანტონიოს კი ყველა ცხოველის საუბარი ესმის.

,,Encanto’’-ს მთავარი გმირი, მირაბელი, ოჯახის მესამე თაობის წევრია, თუმცა, ყველასაგან განსხვავებით, არანაირი მაგიური შესაძლებლობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები განუწყვეტლივ უმეორებენ, რომ მირაბელს არავისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, მირაბელი საკუთარი თავის პოვნასა და ადგილის დამკვიდრებას ცდილობს და ამ მოგზაურობაში მაყურებელსაც თან გაიყოლებს.

ანიმაცია განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც კავშირების გაბმა და სიმბოლოების ძიება უყვართ. ,,Encanto’’-ს გმირები სხვა ანიმაციების პერსონაჟებს მოგაგონებენ და თუკი ყურებისას არაერთხელ გაგახსენდებათ დისნეის ცნობილი მულტფილმი ,,Coco’’ (2017), იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ანიმაციის მთელი სიუჟეტი ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც ყველამ ჩვენებურად შეიძლება გავიგოთ. ,,ნიჭი’’ ჩვენი პიროვნების დიდი ნაწილია, თუმცა მთლიანად სულაც არ განგვსაზღვრავს და ყველაზე დიდ შეცდომას სწორედ მაშინ ვუშვებთ, როცა ნამდვილ ,,მე’’-ს ვივიწყებთ და ცარიელი შესაძლებლობები ვრჩებით. ,,Encanto’’-ს გმირები არც ისეთი სრულყოფილები, ძლიერები და დავარცხნილები არიან, როგორებიც გარედან ჩანან და მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა საოცარი ფერების, კადრებისა და საუნდტრეკების საშუალებით თვალი ადევნოს პერსონაჟების შინაგან გარდატეხასა და მოგზაურობას.

საბოლოო შეფასება – 11.7/12