დადა დადიანის გზა პროტესტიდან ჰედონიზმამდე

19080-90-იანი წლები ქართული ალტერნატიული მუსიკის პიონერებისათვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ამ პერიოდში შეიქმნა უამრავი ქართული მუსიკალური პროექტი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ მეინსტრიმს. „პერესტროიკის“ დაწყებისა და ცენზურის მოშლის შედეგად საბჭოთა კავშრში მცხოვრებ მეამბოხე არტისტების შემოქმედებისთვის საარსებო სივრცე გაჩნდა, მათაც არ დააყოვნეს და თავისუფალი თვითგამოხატვა დაიწყეს. თუმცა მათ ახალი მტერი გამოუჩნდათ, საბჭოთა იდეოლოგია ფსევდონაციონალურმა იდეოლოგიამ შეცვალა, საბჭოთა კავშირში დაბადებულ, ტერორსა და უსამართლობაში გაზრდილ ქართველებს თავისუფლების თავისებური გაგება ჰქონდათ. ფიქრობდნენ, რომ გასნხვავებულად მოაზროვნე, პროგრესის მომხრე და შემოქმედი ახალგზარდები საფრთხეს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ქართველი როკ-მუსკოსები აღმოჩნდენ, მათი განსხვავებული გარეგნობა და ექსტრავაგანტულობა საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა. ქართული მუსიკის ახალი მიმართულების ჩამოყალიბების პროცესი სამოქალაქო არეულობისა და სოციალური დეგრადაციის  ფონზე მიმდინარეობდა, ქართველი მუსისკოსები პურის რიგების, ლამპის სინათლისა და ქუჩებში გამეფებული ქაოსის ფონზე ქმნიდნენ კომპოზიციებს და ცხადია, ეს ყველაფერი მათ შემოქმედებაშიც აისახა.

როდესაც ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე ვსაუბრობთ, რთულია გვერდი ავუაროთ დადა დადიანს, რომელმაც სამშობლოში მოღვაწეობისას ძალისხმევა არ დაიშურა ქართული მუსიკის თამასას რაც შეიძლება მაღლა ასაწევად. იგი 1966 წელს დაიბადა, მუსიკა მისი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და დღემდე არის.

„მუსიკა ჩემს ცხოვრებაში იყო პირველი არჩევანი ადრეული ბავშვობიდანვე. 5-6 წლის ასაკში მქონდა მაგნიტოფონი და ვუსმენდი პოპულარულ მუსიკას. რაც შეეხება შთაგონებას, ალბათ, ყველაზე დიდი გავლენა The Beatles-მა იქონია, რომლის ალბომებიც ასევე  ადრეული ასაკიდან მქონდა“

მისი პირველი მასშტაბური მუსიკლური პროექტი ჯგუფი „ტაქსი“ აღმოჩნდა, რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევარში შექმნა ირინა ხორავასთან, ზაზა სახამბერიძესა და ბიჭიკო ოსიპოვთან ერთად. მოგვიანებით ირინა ხორავა ირაკლი ჩარკვიანმა შეცვალა, ზაზა სახამბერიძე კი – კახა კიკაბიძემ. „ტაქსის“ მიმართულება ინდი როკი და ნიუ ვეივი იყო, კოლექტივმა 1988 წელს ერთადერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „ტაქსი“. ალბომის გამოსვლამდე, 8 აპრილს ჯგუფმა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში გამართულ კონცერტზე მსმენელს ხუთი კომპოზიცია შესთავაზა. მეოცე სუკუნის ბოლოს საქართველოში შექმნილი რეალობას და სოციალურ პრობლემებს „ტაქსის“ შემოქმედებაზე უკეთ ვერაფერი აღწერს:

“მე ვეღარ ვუყურებ ავადმყოფების ქალაქს, ჭუჭყიან ქალაქს. მე ვიცი, მე ვიყავი გარეთ, მე ვიცნობ ქუჩას, თითოეულ ქუჩაში გამვლელს თვალებში ზიზღი უჩანს”,

მუსიკოსების გარშემო საზოგადოებაში გამეფებულ განწყობილებას „ტაქსის“ სიმღერები მკაფიოდ ირეკლავს, დადას სიმღერები დროის გასვლის პარალელურად უფრო და უფრო დეპრესიული ხდებოდა, განწყობა იცვლებოდა. ჯგუფის ერთადერთ ალბომში გვხვდება იდმროინდელი ქართული რეალობისათვის საკმაოდ ნაცნობი და გავრცელებული ხასიათი, ტონი, ფრაზები და პერსონაჟები. რიტორიკის დახმარებით ალბომში შესულ სიმღერებში დადა დადიანმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ერთგვარად გააჯავრა სამოქალაქო არეულობის ფონზე შექმნილი ფსევდოპატრიოტებისა და „ძველი ბიჭების“ სატირული ტიპაჟები.

90-იანი წლების გარიჟრაჟზე დადიანმა პროექტი Children’s Medicine შექმნა, რომელშიც მასთან ირაკლი ჩარკვიანი და კახა გუგუშვილი უკრავდნენ. ამ ჯგუფის მიერ შექმნილი კომპოზიციები იყო ერთგვარი მცდელობა რეალობისგან დისტანციერებისა. ლევან ლომიძისა და მის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფ „პრიზის“ მსგავსად,  კოლექტივის წევრებმა საკუთარი რეალობა გმოიგონეს, სადაც სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემები არ არსებობდა. ეს მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დადიანმა, ჩარკვიანმა და გუგუშვილმა შექმნეს მუსიკა, რომელიც მსმენელს ელექტროპოპისა და ინდიპოპის ნაზავს სთავაზობდა და გმოირჩეოდა უნიკალური ჟღერადობით. მაღალი ხარისხის მქონე მუსიკის შექმნაში ჯგუფმა დადას დედის მიერ ლონდონიდან ჩამოტანილი დრამ მანქანა დაიხმარა, სწორედ ამ მოწყობილობის დამსახურებაა, რომ სახლის სტუდიაში, ცოცხალი შესრულებით შეძლეს დადამ და მისმა მეგობრებმა მიზნის მიღწევა. კარგი ტექნიკური მხარე და ჟღერადობა ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკაში, თუმცა children’s medicine სოციალურ უსამართლობას და კაცთმოძულეობას, რომელიც უკვე ყოველდღიურობად იყო ქცეული, არ ეხმიანებოდა. მუსიკოსების მეამბოხე სული თითქოს სადღაც გაქრა.

სანამ სამშობლოს ხანგრძლივი ვადით დატოვებდა, დადამ თანამემამულეებსა და გულშემატკივრებს თავისი ბოლო ქართული პროექტი Georgian Dance Empire დაუტოვა. პროექტში ქართული ფოლკლორი, ელექტრონული მუსიკა და ჰიპ ჰოპი გააერთიანა. ამით თითქოს სრულყო თავისი მოღვაწეობა საქართველოში. შექმნა საუკეთესო ორიგინალური ქართული პროექტი, რომლის მეშვეობით ყველა ის მუსიკალური მიმართულება, რომელიც აინტერესებდა, ერთ მთლიანობად აქცია.

საბოლოოდ კი, 1993 წელს, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, დადამ საქართველო დატოვა. მან, როგორც პროგრესულმა ახალგაზრდა მუსიკოსმა, პოსტ-საბჭოთა  საქართველოში საკუთარი შემოქმედებისათვის  გათავისუფლებული სივრცე მაქსიმალურად გამოიყენა.  დადა დადიანის ქართული კარიერისთვის თვალის გადავლებისას ჩნდება გრძნობა, რომ  თავისუფალ, მეამბოხე, ინოვატორ და პროგრესულ მუსიკოსებზე მორგებული ადგილისკენ გასამგზავრებელი ბილეთი მას მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ჯიბეში ედო. ეს ადგილი  საბოლოოდ ლონდონი აღმოჩნდა, მსოფლიო კულტურის ცენტრი.