დიდი დეპრესია დოროთეა ლენგის ობიექტივში

ფოტოგრაფიამ, როგორც ხელოვნების დარგმა, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა. ყოველი გარდატეხა შეიძლება დავაკავშიროთ ცალკეულ ფოტოგრაფთა სახელებთან და იმ ისტორიულ ეპოქებთან, რომელში მოღვაწეობაც მათ უწევდათ. დოროთეა ლენგი ის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია, რომელმაც მის ეპოქაში არსებულ ფოტოგრაფიას სრულიად შეუცვალა სახე ამერიკის ქუჩებში გადანაცვლებით და მკაცრი რეალობის აღბეჭდვით. ესთეტიურად სასიამოვნო ნატურმორტებისა და პეიზაჟების ნაცვლად დოროთეა ლენგი დაუგეგმავი პორტრეტების გადაღებით დიდი დეპრესიის მემატიანედ იქცა.

“კამერა არის ინსტრუმენტი კამერის გარეშე ხედვის შესასწავლად. ვიზუალური ცხოვრების გააზრება უზარმაზარი საქმეა, პრაქტიკულად მიუღწეველი. მე მასთან შეხება მხოლოდ ამ მშვენიერი დემოკრატიული მოწყობილობით, კამერით შევძელი.”

                                                                                            დოროთეა ლენგი  

დიდი დეპრესიის ფოტოებზე ასახვა მან 1933 წელს დაიწყო. ერთ დღეს სტუდიის ფანჯრიდან მომზირალმა ლენგმა პურის რიგი შენიშნა. მან გაბედა გასულიყო თავისი დიდი კამერით და გადაეღო სურათი, რომელიც დღეს „White Angel Breadline“-ის სახელითაა ცნობილი.

“White Angel Breadline”

მიუხედავად იმისა, რომ ლენგმა მისი კარიერის განმავლობაში უამრავი დასამახსოვრებელი ფოტო გადაიღო, მის ფოტოგრაფიაში მაინც გამოირჩევა „მიგრანტი დედის“ გამოსახულება.

“Migrant Mother”

1936 წელს ლენგი კალიფორნიაში გადააწყდა ფლორენს ოუენს ტომპსონსა და მის შვილებს. ისინი დაბანაკებულნი იყვნენ მინდვრის მუშაკებით სავსე ფერმაში, რომელთა საარსებო წყაროც ბარდის მოსავლის წარუმატებლობამ გაანადგურა. კონკრეტული ისტორიის ცოდნის გარეშეც „მიგრანტი დედის“ სახე მნახველში ერთდროულად იწვევს მწუხარებას, ხიბლს და აღტაცებასაც კი. ის თითქოს კრებითი სახეა ყველა იმ ქალისა და დედის, რომლებსაც საყოველთაო ტრაგედიის დროს პირველ რიგში მათი შვილების კეთილდღეობაზე ფიქრი უწევთ.

ენგის თითოეული ნამუშევარი ნათელი მაგალითია იმ შემოქმედებითი პრინციპისა, რომლითაც ფოტოგრაფი ცხოვრობდა და რომელიც მის სახელოსნოში გაკრული ფრენსის ბეკონის სიტყვებით მარტივად გამოიხატება: „ საგნების ისეთებად აღქმა, როგორიც ისინი რეალურად არიან, შეცდომისა და დაბნეულობის, ჩანაცვლებისა და მოტყუების გარეშე, თავისთავად უფრო კეთილშობილური რამ არის, ვიდრე მათი ახლიდან გამოგონება.“