ასტრონავტი სტენლი, ანუ როგორ შევწყვიტე შიში და შევიყვარე შავი მონოლითი

მიჭირს, წარმოგიდგინოთ, რომელიმე ხელოვანს ისეთივე გავლენა მოეხდინოს ჩვენს ცხოვრებაზე, როგორიც დიად სტენლი კუბრიკს.

ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ 50 წლის განმავლობაში შექმნილ 13 შედევრზე, რომლებითაც (ზე)ადამიანთა ბუნებასა და (კინო)ხელოვნებაში უამრავი რამ შეძრა, არამედ მის იდუმალებით მოცულ ცხოვრებაზეც.

ვიწყებ ბოლოდან და თავსატეხის ამოხსნამდე პირველი ნაბიჯი მისი სიკვდილია.

საჯარო ვერსიით, სტენლი გულის შეტევით გარდაიცვალა. მართალია, მეცამეტე ფილმის — „ფართოდ დახუჭულ თვალების“ (1999, ეკრანიზაცია არტურ შნიცლერის ნაწარმოებისა „ნოველები სიზმრებზე“) — დასრულება მოასწრო, თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრების უკანასკნელი ნახელავის პრემიერა ვერ იხილა.

Photo Credits to Imdb.com

მისი ბოლო სიტყვები ასე ჟღერდა:

“გთხოვ, ნუ მოხვალ ჰერდფორშირში, სადაც ჩვენ ისე სწრაფად მოგვწამლავენ, რომ დაცემინებასაც ვეღარ მოვასწრებთ”.

ეს ფრაზა ნიკოლ კიდმანმა („ფართოდ დახუჭული თვალების“ მსახიობი) ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა და, როგორც განმარტა, სიკვდილის ოფიციალურ დრომდე ორი საათით ადრე თავად კუბრიკისგან მოისმინა სატელოფონო ზარით.

საკითხავია, ეს ონავარი გენიოსის ბოლო ოინი იყო თუ მისი სიკვდილი მართლაც ვინმეს სურდა?

მაგრამ ვის?

ვფიქრობ, მათ, ვის გამოც „რკინის აბჯრის“ (1987) გადაღებისთანავე დიდ ბრიტანეთში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

გადასახლების გარემოება მით უფრო საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ფართოდ დახუჭული თვალების“ გადასაღებად კუბრიკმა ნიუ-იორკში ასისტენტი გაგზავნა, რათა მას ქალაქის ფოტოები ჩამოეტანა. მათი დახმარებით სტენლიმ ბრიტანული ქალაქი შენიღბა და ფილმში ნიუ-იორკის როლი ათამაშა, როცა უფრო მარტივი იქნებოდა ფილმი უშუალოდ ნიუ-იორკში გადაეღო.

გამოძიების გასაგრძელებლად სამიოდე განყენებული ფაქტი გავიხსენოთ:

  1. 1968 წელს გამოდის კუბრიკის ფილმი კოსმოსური ოდისეა: 2001″. ესთეტიზმისა და ღრმა შინაარსის გარდა, იგი იმითაც გამოირჩევა, რომ პირველად გვაჩვენა კოსმოსი, როგორიც არის, მანამაც, ვიდრე ამას შეძლებდნენ კოსმოსური პროგრამები;
  2. 1969 წელს კოსმოსური ხომალდით “APOLLO 11” შედგა ასტრონავტების პირველი ლაშქრობა მთვარეზე, რომლიდანაც უამრავი ფოტო- თუ ვიდეომასალა შემორჩა ისტორიას;
  3. 1975 წელს გამოვიდა კუბრიკის ბარი ლინდონი(ეკრანიზაცია უილიამ თეკერეის თანამოსახელე რომანისა), რომლის მოქმედებაც ვითარდება და, იფიქრებ, გადაიღეს კიდეც XVIII საუკუნეში, რადგან ფილმში მხოლოდ ბუნებრივი განათება – მზე, მთვარე და სანთლები – გამოიყენეს. ეს სპეციალური ვიდეოკამერების დამსახურებაა, რომლებიც ფილმისთვის კუბრიკს NASA- მიაწოდა.

ფილმის NASA-ს კამერებით გადაღება, ვგონებ, დიდი პატივია…

Photo Credits to Vistapointe.net

მაგრამ:

კუბრიკის გენია უფრო დიდია!

APOLLO-ს მისიის დროს გადაღებულ მასალებში ასტრონომიის მოყვარულებმაც კი უამრავი ხარვეზი აღმოაჩინეს. და გაჩნდა თეორია, რომ მთვარეზე ლაშქრობა რიგით სტუდიაში დადგმული ფალსიფიკაციაა, რომლის მთავარი ფალსიფიკატორი სტენლი კუბრიკია.

მიჭირს, წარმოგიდგინოთ, რომელიმე თეორია მსგავსი მასშტაბისა იყოს. მართლაც: ნაბიჯი მთვარეზე უდიდესი იყო კაცობრიობისათვის. იგი ცივ ომში განხორციელებულ სვლებს შორის ყველაზე მძლავრი და, ამავდროულად, უსისხლო იყო და ბოლოს უქადდა ამ უთავბოლო, უაზრო დაპირისპირებას. ყველაფერთან ერთად კი ეს იყო მოვლენა, რომელიც კაცობრიობისა და მისი შესაძლებლობების ყველაზე ურწმუნოსაც აუხელდა თვალს და, მით უმეტეს, შემოაბრუნებდა კოსმოსისკენ: ვინღა იტყოდა, ჯერ დედამიწას მივხედოთო, როცა „აპოლოს“ მისიით უმსხვერპლოდ ეღებოდა ბოლო მსოფლიოს უდიდეს გასაჭირს, ცივ ომს?!

სტენლის გენია თუნდაც ამიტომაა უკიდეგანო, რომ ამხელა საქმის დირიჟორად შერაცხავენ…

ამ თეორიას მართლაც ბევრი მომხრე გამოუჩნდა. ზოგმა მისი მტკიცებულებები კუბრიკის შემოქმედებაშიც იპოვა, კერძოდ, მისი კიდევ ერთი ეკრანიზაციის — ნათების (1980, წიგნის ავტორი: სტივენ კინგი) — სიმბოლიკაში. ბატონი სტენლი კი, როგორც ცნობილია, სიმბოლოთა ენის დიდი მოყვარული და ოსტატი გახლდათ:

  1. 237-ე ნომერი;

კინგის წიგნში დენი ტორანსს სასტუმრო „ოვერლუკის“ 217-ე ნომერში ეკრძალება შესვლა, ფილმში კი აკრძალული ოთახი 237-ე ნომერია. ცვლილებას ხსნიან იმით, რომ რეალურ სასტუმროში, რომელსაც ფილმში „ოვერლუკის“ როლი ერგო, მართლაც არსებობდა 217-ე ოთახი, ამიტომ მისი ჰორორფილმში ჩვენება ცრუმორწმუნე კლიენტებს დააფრთხობდა.

Photo Credits to Warner Bros. Pictures

თუმცა ეს ვერ ხსნის, რატომ მაინცდამაინც 237? „ასტრონავტი სტენლის“ თეორიით, ეს კუბრიკის მინიშნებაა: დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალოდ სწორედ 237 000 მილია დაშორება.

  1. „ოვერლუკის“ დერეფნებში დაფენილი ხალიჩა, რომლის მოხატულობაც NASA- პოლიგონთა ფორმას იმეორებს;

  1. ინდიელთა ტოტემები, გამოსახული „ოვერლუკის“ მისაღებში, სადაც ჯეკ ტორანსი წერითაა დაკავებული და შიგადაშიგ კედელს ბურთს უშენს, საოცრად ჰგავს „აპოლოს“ ხომალდებს;

ვგონებ, ასეთი ტოტემების დახატვა „კოსმოსური ოდისეის“ პეთიკანტროპებსაც შეეძლოთ… ევოლუციის შემდეგ, რა თქმა უნდა.

  1. დენი ტორანსის სვიტრზე გამოსახული „აპოლო 11“-ის ხომალდი.

ბევრნი იტყვით, ყოველივე ეს უსაფუძვლო და, თანაც, სუსტ თხზულებას ჰგავს, რომელიც კონსპიროლოგებმა თავის შესაქცევად თუ ზოგი ადამიანის შეურაცხყოფისთვის შექმნესო.

თუმცა, ვიდრე (თუკი) მას ფარდა აეხდება, მანამ მისი სინამდვილე თუ სიყალბე რიგითი მაყურებლისა და კუბრიკის მოყვარულების გადასაწყვეტია, მათ კი კარგად ვიცით, რომ დიდი სტენლი არასდროს დაუთმობდა საეკრანო დროსა და სივრცეს ფუჭ სიმბოლიკას!

მაგრამ რატომ მიიღებდა იგი მონაწილეობას ამერიკის მთავრობის აფერაში?

ვფიქრობ, იმიტომ, რომ მსოფლიოს უდიდესი (თუნდაც ცივი) ომისათვის უიარაღოდ ბოლოს მოღება ძალიანაც კუბრიკულია. და ძალიანაც კუბრიკულია ზეკაცობისკენ სწრაფვა, ნიცშეანური გზა (ტყუილად კი არ ხსნის „კოსმოსურ ოდისეას“ რიხარდ შტრაუსის „ესე იტყოდა ზარათუშტრა“!), სწრაფვა კოსმოსის სიდიადისა და მშვენიერებისაკენ, და ასე ნაპოვნი რწმენა კაცობრიობისა…

ლტოლვა შავი მონოლითისკენ, რომლის თაყვანისცემამაც “კოსმოსური ოდისეის” კაცობრიობა პეთიკანტროპობიდან კოსმოსის მოლაშქრეობამდე მიიყვანა!

Photo Credits to Zacharyfruhling.com

მართალია, ზოგი ამ „კონსპირაციას“ რეჟისორის სიყვარულის გამო ვერ დაიჯერებს, ზოგიც, პირიქით, მისი მეშვეობით მეტი იდუმალებით შემოსავს კუბრიკს; ზოგი სტენლის სიძულვილით მისთვის ჩირქის მოსაცხებად დაიჯერებს ამ თეორიას, ზოგი კი სიძულვილს ვერ გადააბიჯებს, რომ ირწმუნოს ის, რაც მისთვის საძულველ პიროვნებას ასეთ მასშტაბს შესძენს.

ფაქტი ერთია, სანამ არსებობენ სტენლი კუბრიკის მსგავსი მონოლითები, კაცობრიობა ერთ ადგილას არასდროს გაჩერდება, რადგან სინამდვილეა თუ არა ეს სადა, მონოლითური ამბავი, ისიც და მისი რეჟისორიც ისეთივე დიადი იქნებიან, როგორც შემოქმედება, როგორც ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში…